მსოფლიოს მოსახლეობის TOP 1%-ს, ანუ უმდიდრეს ფენას საქმე ძალიან კარგად აქვს. წინა კვარტალში მათი ქონების კუმულაციურმა შეფასებამ რეკორდულ 45 ტრილიონ დოლარს მიაღწია.
2020 წელთან შედარებით, უმდიდრესი მოქალაქეების ქონების მაჩვენებელი 50%-ით არის გაზრდილი, ამ დინამიკას კი საფონდო ბირჟაზე კომპანიების აქციების ზრდა განაპირობებს. მოგეხსენებათ, უმდიდრესი მოქალაქეები თავიანთი ქონების უდიდეს ნაწილს საფონდო ბირჟაზე აბანდებენ და ბაზრის აღმასვლითაც ყველაზე დიდ სარგებელს სწორედ ისინი იღებენ.
მოსახლეობის TOP 10% ბირჟაზე წარმოდგენილი აქტივების 87%-ს ფლობს, ანუ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პლანეტის მთავარი სიმდიდრე უმდიდრესი ელიტის ხელშია კონცენტრირებული და კომპანიების ზრდა ისევ სწორედ ამ ელიტას აძლიერებს.
შესაძლოა გაგიჩნდეთ შეკითხვა, თუ რას ნიშნავს მოსახლეობის TOP 1 პროცენტი. ეს არის ის ადამიანი, რომლის ქონების შეფასება 11 მილიონ დოლარს აჭარბებს და მისი ყოველწლიური შემოსავალი 150,000 დოლარს აღემატება.