სასამართლომ სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებელი გიორგი ოკმელაშვილი პატიმრობაში დატოვა. შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი გელაშვილმა დღეს მიიღო.
ამასთან, 10 იანვრამდე გადაიდო დასკვნითი სხდომა, რადგან პროკურორმა დასკვნითი სიტყვის მოსამზადებლად დრო ითხოვა.
პარალელურად, სასამართლოსთან შეკრებილები არიან ოკმელაშვილის მხარდამჭერები და მეგობრები.
შეგახსენებთ, „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, ოკმელაშვილი მაისში დააკავეს. 17 მაისს გამართულ სხდომაზე კი მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარე ბრალდებულისთვის 20 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ დაცვის მხარის პოზიცია არ გაითვალისწინა. სხდომაზევე ითქვა, რომ ბრალდებულის სახლიდან ამოღებულია ნარკოტიკული ნივთიერებაც.
გამოძიების ინფორმაციით, 13 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გიორგი ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, იდაყვის დარტყმით პოლიციის თანამშრომელს სახის არეში დაზიანებები მიაყენა.
უწყების ცნობით, ოკმელაშვილი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის ძალადობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვისაა ნასამართლევი.
ოკმელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმასა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.