მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსამართლემ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 8 პირი პატიმრობაში დატოვა

სასამართლო

მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის გადაწყვეტილებით, პროევროპული საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 8 პირი პატიმრობაში რჩება.

პროცესი, რომელიც 10:00 საათზე დაიწყო, თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ხმაური და შეძახილები მოჰყვა გადაწყვეტილებასაც. მოქალაქეები სასამართლოს შენობასთან ამ დრომდე რჩებიან.

ბრალდებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ხოლო ხუთს - ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძესა, ნიკოლოზ ჯავახიშვილს და გიორგი გიორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. დღეს, მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გადასინჯვაზე მსჯელობდა.

აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესი გარკვეული დროით შეწყდა, სანამ 18:00 საათზე კვლავ განახლდებოდა, ვინაიდან ადვოკატებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. ამას წინ უძღოდა ის, რომ პროცესზე ადვოკატებმა რამდენჯერმე დააყენეს შუამდგომლობა დარბაზის შეცვლასთან დაკავშირებით დამსწრეთა დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. სხდომათა დარბაზში უჰაერობის გამო ერთ-ერთი ბრალდებული ცუდად გახდა და მისთვის სასწრაფო დახმარების გამოძახებაც გახდა საჭირო.

ადვოკატების მიერ დარბაზის დატოვების შემდეგ, იმის მიუხედავად, რომ მათ ბრალდებულების დაცვაზე უარი არ უთქვამთ, ბრალდებულებს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნათ.

10 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ ასევე პატიმრობაში დატოვა საპროტესტო აქციის მონაწილე 11 ბრალდებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები