აშშ-ის ფედერალური მოსამართლის ორდერით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას იმ გეგმის განხორციელება ეზღუდება, რომლის ფარგლებშიც შეერთებული შტატების ტერიტორიაზე დაბადებულ ჩვილებს ამერიკის მოქალაქეობა აღარ მიენიჭებოდათ. მოსამართლის განცხადებით, შეერთებული შტატების არც ერთ სასამართლოს მხარი არ დაუჭერია კონსტიტუციის დონალდ ტრამპისეული ინტერპრეტაციისთვის.
5 თებერვალს გამართულ სასამართლო სხდომაზე, მოსამართლე დებორა ბორდმენმა ორი მიგრანტისა და ხუთი ფეხმძიმე ქალის არგუმენტები მოისმინა, რომელთა თანახმადაც, მათი შვილები აშშ-ის მოქალაქეობის დაკარგვის რისკის ქვეშ მშობლების საიმიგრაციო სტატუსის გამო დადგნენ, რაც კონსტიტუციის დარღვევაა.
ბორდმენმა, რომელიც მოსამართლედ ჯო ბაიდენის პრეზიდენტობისას დაინიშნა, ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ორდერი გამოსცა, რომლითაც ტრამპის ბრძანება ვეღარ ამოქმედდება. მანამდე ცვლილების ამოქმედების ვადად 19 თებერვალი იყო განსაზღვრული.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მოსამართლეს საპასუხოდ 60-დღიანი ვადა სთხოვა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, გაასაჩივრებდა თუ არა ტრამპის ადმინისტრაცია მოსამართლის გადაწყვეტილებას.
ბრძანება, რომელსაც ტრამპმა ხელი 20 იანვარს, ინაუგურაციის დღესვე მოაწერა, აშშ-ის სააგენტოებს ქვეყნის ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვების აშშ-ის მოქალაქეებად აღიარებას აუკრძალავდა იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის ერთ-ერთ ან ორივე მშობელი თავად არ იყო ამერიკის მოქალაქე ან მუდმივი რეზიდენტი.