მოსკოვში დღეიდან შეზღუდვების შემსუბუქების მეორე ეტაპი იწყება - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია The Moscow Times-ი ავრცელებს.
მოსახლეობას დღეიდან გარეთ სასეირნოდ გასვლის ნებას რთავენ, თუმცა პირბადეების გამოყენება სავალდებული იქნება.
გარდა ამისა, დღეიდან დედაქალაქში იხსნება მაღაზიები და ავტოსალონები, თუმცა სოციალური დისტანციისა და დეზინფექციის რეჟიმის მკაცრი დაცვით. როგორც მომხმარებელმა, ასევე პერსონალმა პირბადეები და ხელთათმანები უნდა გამოიყენოს.
აღსანიშნავია, რომ სეირნობა და გარეთ ვარჯიში დროის გარკვეულ მონაკვეთში იქნება ნებადართული. ვარჯიშის უფლება დედაქალაქის მოსახლეობას ყოველდღე, დილის 9 საათამდე ექნებათ, სეირნობის კი - დილის 9-დან საღამოს 9 საათამდე, მაგრამ კვირაში სამი დღე.
დედაქალაქის მერის სერგეი სობიანინის განცხადებით, წესების დაცვას პოლიცია და ადმინისტრაციულ-ტექნიკური ინსპექციის თანამშრომლები გააკონტროლებენ.
1 ივნისის მონაცემებით, რუსეთში ჯამურად კორონავირუსით ინფიცირების 414,878 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან გარდაიცვალა 4,855 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 175,877 ინფიცირებული.