მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მოსკოვის ციფრული ბლოკადა" - რუსეთის დედაქალაქში მობილური ინტერნეტის გათიშვები დაიწყო

რუსეთი

რუსეთის მთავრობა მოქალაქეების "უსაფრთხოების" დაცვის საბაბით შეზღუდვებს ამკაცრებს, რის გამოც მოსკოვში მობილური ინტერნეტის მასშტაბური გათიშვები დაიწყო - ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

CNBC-ის ცნობით, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვს ამ დრომდე მობილური ინტერნეტის სისტემატური შეფერხებების ის ტალღა, რომელიც ქვეყანაში გასული წლის მაისიდან ფიქსირდება და რასაც ხელისუფლება უკრაინული დრონების საფრთხესთან გამკლავებით ხსნის, თითქმის არ შეხებია.

"მიმდინარე თვის დასაწყისიდან კი მოსკოველები ტელეფონებში ინტერნეტკავშირის გარეშე დარჩნენ. შეზღუდვებმა მილიონობით მცხოვრების ყოველდღიური ცხოვრება შეაფერხა და დარტყმა მიაყენა ბიზნესებს, რომლებიც მობილურ ინტერნეტზე არიან დამოკიდებულნი. შედეგად, მოსახლეობა ნაღდ ანგარიშსწორებას დაუბრუნდა. ნაწილი ეჭვობს, რომ მთავრობა ამას მიზანმიმართულად აკეთებს", - წერს CNBC.

შეფერხებები ემთხვევა რუსეთში ონლაინ სივრცის მზარდ შეზღუდვებს - სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში პუტინის შეჭრის შემდეგ სულ უფრო ძლიერდება.

სულ ახლახან შენელდა Telegram-ის მუშაობა და ხელისუფლებამ მისი აკრძალვის საკითხიც წამოჭრა. აღსანიშნავია, რომ აპლიკაციას ქვეყანაში როგორც ახალი ამბების, ისე ყოველდღიური ინფორმაციის მისაღებად აქტიურად იყენებენ.

კრემლი ცდილობს, მოსახლეობა სახელმწიფო კომპანია VK-ის მიერ შექმნილ ალტერნატივაზე, MAX-ზე გადაიყვანოს; არსებობს შიში, რომ ის თვალთვალისთვის იქნება გამოყენებული.

მოსკოვის მცხოვრებლების თქმით, დედაქალაქის ცენტრთან მიახლოებისას მობილური ინტერნეტის პრობლემა მწვავდებოდა, თუმცა სიტუაცია ახლა შედარებით გამოსწორდა.

შეფერხებებმა ყველაზე მეტად საკურიერო სერვისები, ტაქსები, ე.წ. "ქარშეარინგი" (ავტომობილების გაზიარება) და საცალო ვაჭრობა დააზარალა. გამოცემა სილამაზის სალონის მენეჯერს ციტირებს, რომელსაც კლიენტებისთვის ნაღდი ფულით გადახდის მოთხოვნა მოუწია, რადგან ტერმინალები მობილური ინტერნეტის გარეშე არ მუშაობდა. ფიტნეს-კლუბების ასოციაციის პრეზიდენტმა კი მედიას განუცხადა, რომ ხალხი ყველაფრის ონლაინ კეთებას იყო მიჩვეული და "ტელეფონზე პასუხიც კი შეწყვიტეს".

რუსულმა საინფორმაციო გამოცემა RBC-მ ასევე გაავრცელა ინფორმაცია რაციებზე, პეიჯერებზე, სტაციონარულ ტელეფონებსა და ქაღალდის რუკებზე მოთხოვნის ზრდის შესახებ.

გასულ კვირას კრემლმა ბიზნესზე უარყოფითი გავლენა აღიარა. პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ზომები "მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად" მიიღეს, რადგან უკრაინა "თავდასხმის სულ უფრო დახვეწილ მეთოდებს" იყენებს.

მისი თქმით, ამან რუსეთი აიძულა, გამოეყენებინა "უფრო ტექნოლოგიურად განვითარებული საპასუხო ზომები". პესკოვს არ დაუკონკრეტებია, რა სახის საფრთხეებზეა საუბარი, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზომები "იმდენ ხანს დარჩება ძალაში, რამდენიც საჭირო იქნება". მისივე თქმით, კრემლის მუშაობა არ შეფერხებულა, რადგან ის "სტაციონარულ ტელეფონებს" იყენებს.

უკრაინული დრონები რეგულარულად უტევენ საზღვრისპირა რეგიონებს, ზოგიერთმა მათგანმა კი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, ათასობით კილომეტრის დაშორებითაც გამოიწვია ნგრევა. ხელისუფლებამ მობილური ინტერნეტი გამორთო, რათა დაეხშო ის დრონები, რომლებიც ნავიგაციისთვის სწორედ ამ ტექნოლოგიას იყენებენ.

მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის ნაწილი თანხმდება დრონების საფრთხის რეალურობაზე, ინტერნეტის გათიშვის რეალურ მოტივებთან დაკავშირებით კითხვები მაინც რჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები