მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსკოვში Renault-ის ქარხანაში "მოსკვიჩის" წარმოება დაიწყება

6282301bbe848
ვიქტორია მღებრიშვილი
16.05.22 15:01
1098
Renault-ის ჯგუფის რუსული აქტივები რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში გადადის. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო ავრცელებს.

„Renault-ის ჯგუფის რუსული აქტივების რუსეთის ფედერაციისა და მოსკოვის ხელისუფლებისთვის გადაცემის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამგვარად, „რენო რუსეთის“ 100%-იანი წილის მფლობელი მოსკოვის ხელისუფლება ხდება. ავტოკორპორაცია „ავტოვაზის“ აქციების 67.69%-ი რუსეთის სახელმწიფო საგანმანათლებლო ცენტრ „NAMI-ს საკუთრებაში გადადის, დარჩენილი აქციებს კომპანია „როსტეხი“ მართავს.

აღსანიშნია, რომ შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, Renault-ი „ავტოვაზის“ წარმოების თავისი წილის გამოსყიდვის შესაძლებლობას 6 წლის განმავლობაში იტოვებს. Renault Group-ში ამ გადაწყვეტილებას რთული, თუმცა აუცილებელი უწოდეს. „რთული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილება მივიღეთ, ჩვენ, რუსეთში დასაქმებული 45 000 თანამშრომელთან მიმართებით საპასუხისმგებლო არჩევანი გავაკეთეთ და ამით ჯგუფის ეფექტიანობა და მომავალში ქვეყანში დაბრუნების შესაძლებლობა შევინარჩუნეთ“, - განაცხადა Renault Group-ის გენერალურმა დირექტორმა ლუკა დე მეომ.

Renault რუსეთის აქტივების ღირებულება გამოქვეყნებულ პრესრელიზსში კომპანიამ €2.195 მლრდ-ად შეაფასა. მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა დენის მანტუროვი კი მანამდე ამბობდა, რომ NAMI-სთან ხელშეკრულება „ერთ რუბლად გაკეთებული პირობითი შეთანხმება“ იქნება.

Renault-მა რუსეთში პირველი ოფისი მოსკოვში 1992-1993 წლებში გახსნა, 1998 წელს კი მოსკოვის მთავრობასთან ერთად ერთობლივი საწარმო „ავტოფრამოსის“ ამოქმედებაზე შეთანხმდნენ. Renault-ის წილი ამ საწარმოში წლების განმავლობაში იზრდებოდა და 2012 წელს 100%-მდე მივიდა.

მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი კი აცხადებს, რომ ამიერიდან მოსკოვში არსებულ ქარხანა „ავტოფრამოსში“ „მოსკვიჩის“ წარმოებას დაიწყებენ.

ცნობისთვის, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ Renault-მა წარმოების 1 კვირით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ერთი თვის შემდეგ კი კომპანიამ რუსეთში ოპერირების შეჩერების შესახებ განაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები