კომპანია „აგრითაჩის“ და Blueberry Farm-ის დამფუძნებელი ეკატერინე ვეფხვაძე ფიქრობს, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სატვირთო გადაზიდვების მომსახურების დამატება ქართული პროდუქციის ექსპორტს ხელს შეუწყობს და ექსპორტიორების საქმიანობას გაამარტივებს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ლოგისტიკასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა.
კომპანია „აგრითაჩი“, გალფის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, წლიურად, 15 ქართული მწარმოებლის 100 ტონაზე მეტ, 60-მდე დასახელების აგროსასურსათო პროდუქტის ექსპორტს ახორციელებს, რომელთა შორისაა გურიაში, Blueberry Farm-ის პლანტაციებში წარმოებული ლურჯი მოცვი.
„მოგეხსენებათ, ლურჯი მოცვის პლანტაციები, ძირითადად, გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთშია. მოსავალი თბილისში, ტერმინალამდე რომ ჩამოვიტანოთ, დაახლოებით, 6 საათი გვჭირდება, რადგან ტრაილერები სწრაფად ვერ დადიან. თბილისიდან დოჰამდე ან დუბაიმდე კი, სამი საათი გვინდა. თუ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს სატვირთო გადაზიდვების მომსახურება დაემატება, ეს ექსპორტიორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეწყობა იქნება.
აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისიდანაც, გვიწევს პროდუქცია, მაგალითად, ლურჯი მოცვი სამგზავრო თვითმფრინავით გავგზავნოთ, ვინაიდან სატვირთო ავიაგადაზიდვები არ სრულდება. სამგზავრო რეისებზე კი, ტვირთის მოცულობა შეზღუდულია, ერთ რეისზე 2-3 ტონა პროდუქციის გაგზავნაა შესაძლებელი - დამოკიდებული ვართ მგზავრების რაოდენობასა და მათ ბარგზე.
აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ საქართველოში ლურჯი მოცვი უკვე 1500 ჰექტარზეა გაშენებული და მართალია, ყველა ბაღი სრულ მსხმოიარობაში არაა, მაგრამ 300 ტონამდე მოსავალი გვაქვს და კიდევ გაიზრდება. რეგიონში ერთ-ერთი ლიდერი მოთამაშე ვართ. ყველა მწარმოებლის მოსავალი ერთ სეზონზე მოდის და ბუნებრივია, ყველას ინტერესშია სწრაფი ექსპორტი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ერთი სატვირთო ტერმინალია „ლასარე“ და ხშირად მაცივარში თავისუფალი სივრცეც არაა, რომ პროდუქცია შევინახოთ“, - ამბობს ეკა ვეფხვაძე.
Blueberry Farm-ის და „აგრითაჩის“ დამფუძნებელმა „წერტილთან“ ინტერვიუში ისიც განაცხადა, რომ სატვირთო ავიაკომპანიის დაქირავება ძვირი ჯდება და არის სხვა გამოწვევებიც.
„ჩარტერის დაქირავების შემთხვევაში, რომელიც, გარდა იმისა, რომ ძვირი ჯდება, მინიმუმ 20 ტონა პროდუქცია უნდა წავიღოთ, მაგრამ ბუნებრივია, 20 ტონა პროდუქტს ვერ დოჰაში და ვერც სხვაგან ვერცერთ სუპერმარკეტში ვერ მიიტან, ამიტომ საჭიროა, ადგილზე დაფასოვდეს ექსპორტირებული პროდუქცია და შემდეგ მოხდეს დისტრიბუცია. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, დუბაიში გვქონდეს საწყობი და სამაცივრე მეურნეობა, რომ დისტრიბუციაც ჩვენ თვითონ გავაკეთოთ. უკვე დავარეგისტრირეთ კომპანია, რომელსაც ექსპორტ-იმპორტის ლიცენზიაც აქვს“, - განაცხადა ეკა ვეფხვაძემ.
ქუთაისის აეროპორტში სატვირთო გადაზიდვების დამატებაზე მუშაობა მიმდინარეობს