მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოხდება ინვესტორის მოძიება, ვისაც ანაკლიის პორტში 49%-იანი წილი ექნება - ფინანსთა მინისტრი

6399e424d8a64
BM.GE
14.12.22 19:46
799
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ეძებს ინვესტორს, რომელსაც ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში 49%-იანი წილი ექნება. მისი თქმით, პროექტის 51%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო უნდა იყოს.

ამასთან, მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გარკვეულ ინფრასტრუქტურულ ხარჯებს დააფინანსებს, რაც რკინიგზისა და გზის მშენებლობას გულისხმობს. თავად პროექტის ფინანსირებაში შესვლაზე ლაშა ხუციშვილი დამატებით კომენტარს არ აკეთებს.

“რაც შეეხება პორტს, მთავრობას აქვს გაცხადებული პოზიცია, რომ ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტი უნდა აშენდეს სახელმწიფოს თანამონაწილეობით, ამ ეტაპზე პროექტისთვის ხდება ინვესტორების მოძიება, 49%-იან ნაწილზე. ინვესტორები, რომლებიც იქნებიან ამ პროექტში, მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა ტვირთების ნაკადის მოტანის. ისეთი ტვირთი, რომელიც დღეს არ გადის საქართველოზე. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ პორტი, რაც აშენდება იქნება დატვირთული. როგორც კი დასრულდება შერჩევის პროცესი, ყველა საჭირო დაფინანსება იქნება ასახული. ამ ნაწილში სახელმწიფოს თავისი როლი ექნება, რაც გულისხმობს გზის მიყვანას, რკინიგზის მიყვანას, ასევე იმ მიწის გადაცემის საკითხს. ყველა ამ ნაწილში სახელმწიფო იქნება კონტრიბუტორი. ეს დაფინანსება არ ხდება ერთი წლის განმავლობაში და ეს მოხდება იმ წლებში, როდესაც იქნება ეს თანხები დასახარჯი,”- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ანაკლიის პორტის შესახებ რამდენიმე დღის წინ განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, პროექტი აუცილებლად სახელმწიფოს თანამონაწილეობით უნდა აშენდეს.

პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა თავად ანაკლიის განვითარების კონსორციუმი, რომელსაც მთავრობამ პორტის მშენებლობის კონტრაქტი 2020 წლის იანვარში გაუწყვიტა, რასაც ინვესტორის მხრიდან საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის დაწყება მოჰყვა. კონსორციუმი აცხადებს, რომ იქამდე, სანამ საკითხი დავის საგანია, მისით რეპუტაციული ინვესტორები არ დაინტერესდებიან.

„მოსაზრება, რომ ქართულმა სახელმწიფომ შეიძლება მოძებნოს სერიოზული კერძო ინვესტორი ანაკლიის პორტისთვის, მაშინ როცა გეგმავს პროექტში 51%-იანი საკონტროლო ინტერესის აღებას, აბსურდულია. ეს არის კორუფციული და მოტყუებული პრივატიზაციისა და კონცესიის პროცესი, რომელიც სცადეს საქართველოში და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში 1990-იან წლებში. მაშინ ეს ვერ მოხერხდა კორუფციის რისკის გამო და იგივე იქნება ახლაც. უფრო მეტიც, არც ერთი სერიოზული ინვესტორი და არც ერთი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი არ მიიღებს მონაწილეობას და არ გასცემს სესხს მსგავს მსხვილ პროექტში, თუ მას უმრავლესობით აკონტროლებს სახელმწიფო, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს სახელმწიფოს, როგორც პარტნიორის არაერთ ბიზნეს საქმეში დემონსტრირებულ არასანდოობას.

სავსებით ნათელია, რომ მთავრობამ ვერ შეძლო სათანადო ინვესტორის ან პორტის ოპერატორის მოძიება, რომელსაც სურს განახორციელოს ეს პროექტი მიმდინარე საარბიტრაჟო დავის ფონზე და პოლიტიზებული ქართული სასამართლო სისტემის პირობებში, რომლის რეფორმირებაც მთავრობამ ვერ შეძლო“, - ნათქვამია ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახელმწიფოს 51%-ის ფლობის პირობებში ანაკლიისთვის სერიოზული კერძო ინვესტორის მოძიება აბსურდულია - ADC

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები