“კომერციული ბანკები, რომლებიც საერთაშორისო დასავლურ ბაზრებზე იზიდავენ სახსრებს იმისთვის, რომ მერე გადასესხება გააკეთონ ეკონომიკაში, ეს მოზიდული სახსრები უფრო ძვირი იქნება, შესაბამისად თითოეული მოქალაქე, თითოეული ბიზნესი ამას თავის თავზე იგრძნობს”,- ამის შესახებ კაპიტალის ბაზრის ექსპერტი მარინა გულედანი ევროკომისიის ანგარიშის შეფასებისას აცხადებს. BMG-სთან გულედანი ხსნის, რას გამოიწვევს პრაქტიკაში საქართველოს ევროკავშირთან დაშორება.
“თუ ქვეყნის რისკის პროფილი არის გაუარესებული და ამ შემთხვევაში განცხადებებიდან და შეფასებებიდან ცხადია, რომ ჩვენი ქვეყანა და იურისდიქცია და ეკონომიკა ითვლება უფრო მაღალ რისკიანად. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს რისკიანობა აისახება საპროცენტო განაკვეთში. ეს იმას ნიშნავს, რომ კომერციული ბანკები, რომლებიც საერთაშორისო დასავლურ ბაზრებზე იზიდავენ სახსრებს, იმისთვის რომ მერე გადასესხება გააკეთონ ეკონომიკაში, ეს მოზიდული სახსრები უფრო ძვირი იქნება, შესაბამისად თითოეული მოქალაქე, თითოეული ბიზნესი ამას თავის თავზე იგრძნობს.
ამით რისი თქმა მინდა, რომ კაპიტალის ბაზრის ის ნაწილი, რომელიც არის უფრო ეფექტური და ყურადღებას აქცევს ბიზნესის დაბალრისკიან სეგმენტს და ისეთ ქვეყნებში უშვებს თანხებს, რომლებშიც რისკი უფრო დაბალია და შესაბამისად უფრო დაბალ განაკვეთში ეძებს ინვესტიციას, იმიტომ რომ დაბალრისკიანი ინვესტიცია სჭირდება, ეს ეხება საპენსიო ფონდებს და ისეთ ინსტიტუციურ ინვესტორებს, რომლებსაც არ უნდათ მაღალი რისკის აღება. ასეთი ინვესტორებისთვის ჩვენი ქვეყანა გახდება ნაკლებმიმზიდველი ან სრულიად არამიმზიდველი, შესაბამისად აქ შეიძლება სხვა ინვესტორები გაჩნდნენ, მაგრამ სახსრები, რომლებსაც ჩვენ მოვიზიდავთ ეკონომიკაში იქნება უფრო ძვირი, ამას იგრძნობს უკვე მერე ყველა ბიზნესი, ყველა ბანკი, ყველა ფიზიკური პირი, რომელიც ფინანსდება საბანკო სექტორის მხრიდან.
მოგეხსენებათ, რომ ეს დავალიანების პროპორცია რეალურად ეკონომიკაში არის საკმაოდ მაღალი და თითოეულ სუბიექტზე აისახება”,-აცხადებს მარინა გულედანი.
ფორმალურად ქცეული კანდიდატის სტატუსი, დემოკრატიის უკუსვლა, კანონის უზენაესობის სწრაფი გაუარესება და ფუნდამენტური უფლებების სერიოზული შეზღუდვა - ეს ნაწილია ევროკომისართა იმ საკმაოდ მწვავე შეფასებების, რომელიც საქართველოსთან მიმართებით ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებას მოჰყვა.
90-გვერდიანი დოკუმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში დემოკრატიული ვითარების გაუარესებას ეთმობა და მასში აღნიშნულია, რომ როგორც ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესი "დე ფაქტო გაჩერებულია", ხოლო 2025 წელს დამატებით დემოკრატიის თვალსაზრისით საქართველოში "მნიშვნელოვანი უკუსვლა" ფიქსირდება და საქართველო კანდიდატის სტატუსის მხოლოდ "სახელწოდებას" ინარჩუნებს.
დოკუმენტში ასევე შეფასებულია საქართველოს მაკროეკონომიკური პოლიტიკა, პოლიტიკური პროცესების გავლენა საინვესტიციო გარემოზე და ინსტიტუციების სუსტი მხარეები. ~



























