მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო პორტფელების ცვლილებისთვის არც სააგენტო და არც მოსახლეობა მზად არაა - ექსპერტი

მარინა გულედანი

კაპიტალის ბაზრის ექსპერტი მარინა გულედანი დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს მიესალმება და აცხადებს, რომ დღეს პორტფელების ცვლილებისათვის არც სააგენტო და არც მოსახლეობა მზად არ იყო. ამის შესახებ გულედანმა „საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ის აჟიოტაჟი, რაც საპენსიო დანაზოგების პორტფელების ცვლილებას მოჰყვა, მოსახლეობის არაინფორმირებულობის გამო შეიქმნა.

„იმისთვის, რომ მოქალაქემ სწორი არჩევანი გააკეთოს და გადაწყვეტილება მიიღოს, უნდა იყოს ინფორმირებული და შეჯერებული ჰქონდეს, რა სურს თავის აქტივებთან მიმართებით. მისასალმებელია, თუ ეს ცვლილება განხორციელდება და დამატებითი დრო მიეცემა ზოგადად ამ სისტემას, რათა მომავალში მონაწილეს შესთავაზოს არჩევანი. დღეს კი, ამისთვის არც სააგენტო და არც მოსახლეობა მზად არ არის“,- განაცხადა მარინა გულედანმა.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 6 აგვისტოდან საპენსიო სისტემაში ჩართული პირების დანაზოგები სხვადასხვა პორტფელში გადანაწილდა ასაკობრივი ზღვრების მიხედვით, სურვილის შემთხვევაში, მათ საშუალება ჰქონდათ, პორტფელი თავად შეეცვალათ, ახალი კანონპროექტის თანახმად კი, ყველა მათგანი 2028 წლამდე ავტომატურად დარჩება დაბალრისკიან პორტფელში და მხოლოდ ბენეფიციარის ინდივიდუალური გადაწყვეტილებით იქნება შესაძლებელი, რომ კონკრეტულმა პირმა, საკუთარი დანაზოგი გადაიტანოს საშუალო, ან მაღალრისკიან პორტფელში. თუმცა, მარინა გულედანი მიიჩნევს, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაშიც არ უნდა იყოს პორტფელის ცვლილების შესაძლებლობა.

„მთლიანად უნდა გადალაგდეს ეს პროცესი და ხუთი წლის შემდეგ  ცვლილების საშუალება კონკრეტულ მომენტში მიეცეს. მომხმარებლისთვის ამოგლეჯილად და ალაგ-ალაგ მიცემა იმ უფლების, რომ შეცვალოს პორტფელი, ტექნიკურად არ მგონია, სწორი იყოს“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებებზე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი დღეს იმსჯელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები