კაპიტალის ბაზრის ექსპერტი მარინა კაპიტალი საპენსიო აქტივების უსაფრთხოების შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ საპენსიო რეფორმაში თავადაც აქტიურად იყო ჩართული და დღემდე მას საპენსიო აქტივების დაცულობის შესახებ კითხვები არ გასჩენია. დღეს კაპიტალის ბაზრის ექსპერტი იმ მოცემულობაში, როდესაც წინ ეკონომიკური კრიზისის სურათი იკვეთება, ხოლო „საქართველოს კონსტიტუცია გათელილია“ რამდენიმე კითხვას სვამს და დასკვნების გამოტანისგან თავს იკავებს, თუმცა მისი პოსტიდან ჩანს, რომ შექმნილი ვითარება მარინა გულედანს იმ რწმენას, რომ საპენსიო აქტივები დაცულია, ურყევს, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ "ოცნების" ხელისუფლებამ საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზებისთვის რიგი გადასახადების გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
„საპენსიო აქტივების უსაფრთხოების შესახებ
5 წელიწადი ვიმუშავე საპენსიო რეფორმაზე 2015 – 2020 წლებში. ეს რეფორმა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების და დონორების დიდი ძალისხმევით და მხარდაჭერით განხორციელდა. უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ არაერთი სირთულის და ხარვეზის მიუხედავად, საპენსიო რეფორმა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმაა, რომელიც საქართველოში ბოლო პერიოდში გატარდა. დღეს საპენსიო აქტივების მოცულობა 6 მილიარდი ლარია, 3 სხვადასხვა პორტფელშია გადანაწილებული და სქემას უკვე ჰყავს პენსიის მიმღებები.
საპენსიო რეფორმას ყოველთვის ვიცავდი და დავიცავ. ეს რეფორმა ჩემი შვილობილია, თუ შეიძლება ასე ითქვას.
წლების განმავლობაში, როგორც საპენსიო სქემის გაშვებამდე, ასევე მისი ამოქმედების შემდეგ, არაერთი იერიში იყო მიტანილი ამ რეფორმაზე, მათ შორის ყველა ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსის მიერ. არაერთხელ მისაუბრია ამ რეფორმაზე ეთერში და მომიგერიებია უსაფუძვლო პოპულისტური თუ დემაგოგიური არგუმენტები. ასევე განმიხილავს რისკები, რომლებიც ძირითადად საპენსიო აქტივების საქართველოს ფინანსურ ბაზრებზე დივერსიფიცირების შეზღუდულ შესაძლებლობებს ეხებოდა. მაგრამ არასდროს არ შემპარვია ეჭვი საპენსიო აქტივების დაცულობაში.
კერძოდ, საპენსიო აქტივები დაცულია დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონით და არაერთი სხვა კანონით. იმ პირებს, რომლებიც საინვესტიციო პოლიტიკას განსაზღვრავენ და პირდაპირ არიან ჩართული საინვესტიციო პროცესში, ნდობითი ვალდებულება გააჩნიათ მონაწილეების მიმართ და მკაცრად რეგულირდებიან კანონმდებლობით. ჩემი რწმენა და არგუმენტაცია ყოველთვის ეყრდნობოდა კანონის უზენაესობას, იმ მთავარ ვერტიკალს, რომელზეც ამ რეფორმის მიმართ ნდობა დგას. ამ ვერტიკალზე დგას ზოგადად ნდობა ყველაფრის მიმართ სახელმწიფოში, მათ შორის საინვესტიციო გარემო და მისი აღქმა ინვესტორთა მიერ.
ბუნებრივი კითხვა, რომელიც არ შეიძლება არ გაგვიჩნდეს არის შემდეგი: რა ელოდება საპენსიო აქტივებს არსებული პოლიტიკური დაძაბულობის და მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისის ფონზე?
ამ კითხვაზე ორი მიმართულებით მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია:
- მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისის ეფექტი აქტივების ღირებულებაზე: აქ ყველაფერი ნათელია. კონსერვატიული პორტფელის (სადაც აქტივების ყველაზე დიდი ნაწილია მოქცეული) აქტივების უდიდესი ნაწილი (81%) კანონის მოთხოვნების შესაბამისად ლარის ინსტრუმენტებშია განთავსებული. შესაბამისად, ლარის ბედი ავტომატურად იმოქმედებს ლარის ინსტრუმენტებში განთავსებულ აქტივებზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კონსერვატული პორტფელის აქტივები შეუზღუდავად შეიძლება განთავსდეს სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში და სასესხო ვალდებულებებში ამ აქტივების 100%-ის ოდენობით. აქ აღარ განვავრცობ ჩემს მოლოდინებს. ის, რაც ეკონომიკაში ხდება უკვე საკმაოდ ცხადია და უფრო დრამატულად გამოჩნდება შემდეგ თვეებში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება არსებული სიტუაციის დეესკალაცია რაც შეიძლება მალე.
- მეორე, უფრო მნიშვნელოვანი შეფასება ეხება კანონის უზენაესობას და საინვესტიციო პოლიტიკის დაცვის ინსტიტუციურ გარანტიებს. წლებია მესმის სკეპტიციზმი იმის თაობაზე, რომ საპენსიო აქტივები შეიძლება არამიზნობრივად ინვესტირდეს. ასეთ თეზას ყოველთვის ვაბათილებდი კანონის უზენაესობით!
განვმეორდები. ნებისმიერი მსგავსი მასშტაბის რეფორმა ეფუძნება ნდობის ვერტიკალს საჯარო სექტორის და მთავრობის მიმართ. ეს ასევე მოიაზრებს ნდობას ეროვნული ბანკის მიმართ, რომელიც კანონის ბოლო რედაქციით საპენსიო ფონდის, როგორც ერთი ინტეგრირებული ინსტიტუტის მარეგულირებელი გახდება 2025 წლის 1 მაისიდან. ჯერჯერობით ეროვნული ბანკი არეგულირებს მხოლოდ საინვესტიციო მიმართულებას.
ისმის კითხვა: რა დაემართება ამ რეფორმის მიმართ ნდობას ქვეყანაში, რომელშიც ქვეყნის მთავარი კანონი - კონსტიტუცია არის გათელილი? ქვეყანაში, რომელშიც გაყალბდა არჩევნები, რომელშიც სრულიად გაკოტრებულია ნდობა პოლიციის და ძალოვანი სტრუქტურების მიმართ, მასიურად, ღიად და უმოწყალოდ არის დარღვეული ადამიანის უფლებები და სრულიად ჩამოშლილია სასამართლო სისტემა? უნდა გვჯეროდეს, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, მოხდება დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის დაცვა მაშინ, როდესაც ამ ეტაპზე დაგროვილი აქტივების მოცულობა 6 მილიარდია, ხოლო კრიზისში შემავალი ეკონომიკის პირობებში შესაძლოა გაჩნდეს საპენსიო აქტივების არამიზნობრივად გამოყენების ცდუნება? დასკვნებს აღარ გავაჟღერებ. მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ გუშინ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა თამბაქოს პროდუქციაზე სააქციზო მოსაკრებლის ზრდა გამოაცხადა, ანუ ბიუჯეტის შესავსებად უკვე საჭირო გახდა და იგეგმება ფისკალური ინსტრუმენტების გამოყენება“, - წერს მარინა გულედანი.
კაპიტალის ბაზრის ექსპერტი ასევე აღნიშნავს, რომ დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში შესული ცვლილებები საპენსიო დანაზოგების დაცულობის რისკებს ზრდის.
„კიდევ ერთი გარემოება, რომელმაც გამოიწვია აღნიშნული პოსტი: დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის ბოლო ცვლილებები (2024 წლის ივნისი), მათ შორის, ეხება საპენსიო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს და საინვესტიციო საბჭოს გაერთიანებას ერთ მმართველობით საბჭოში. აღნიშნული ცვლილებით, მმართველობითი საბჭოს წევრებს, ნაცვლად პარლამენტისა ნიშნავს პრემიერ-მინისტრი. ერთპარტიული პარლამენტის პირობებში, რა თქმა უნდა, ეს არ გამოდგება დამცავ მექანიზმად, პირიქით ზრდის რისკებს. მხოლოდ მრავალპარტიული პარლამენტის პირობებში იქნება შესაძლებელი იმ რისკების განეიტრალება, რომლებიც ახლავს თან მმართველობითი საბჭოს წევრების ერთპარტიულ და ერთპიროვნულ დანიშვნას, ვინაიდან შესარჩევი კომისია 8 წევრისგან უნდა შედგებოდეს (ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოს პარლამენტის 3 წევრი და 2 დამოუკიდებელი წევრი)“, - აცხადებს გულედანი და იქვე სვამს კითხვას - „როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული რისკების აღმოფხვრა?“ - რომელზეც მკაფიო პასუხი თავადვე აქვს: „ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში ეს რისკები ვერ აღმოიფხვრება, პირიქით, გაღრმავდება. პოლიტიკური კრიზისის დეესკალაციის და ხელახალი არჩევნების გარეშე ეს უკვე შეუძლებელია. თუ არ მოხდება ჩვენი ქვეყნის საგარეო ვექტორის დასავლეთისკენ შემობრუნება, რაც მხოლოდ ხელახალი არჩევნებით არის შესაძლებელი, ეკონომიკური კრიზისიც და ტოტალიტარიზმის თანამდევი უმძიმესი შედეგებიც გარდაუვალია. და ვინაიდან საპენსიო სქემიდან გასვლა შეუძლებელია, საკუთარი დამოკიდებულება ამ რისკების მიმართ მხოლოდ ხელახალ არჩევნებში შეიძლება დააფიქსიროს როგორც ქართულმა ბიზნესმა ისე საპენსიო სქემის თითოეულმა მონაწილემ“.