საქართველოში მშენებლობის ღირებულება 2019 წლიდან მზარდია, თუმცა ფასის მკვეთრი ზრდა 2021-2022 წლებში დაფიქსირდა. ამის შესახებ TBC Capital-ის მიერ მომზადებულ კვლევაში წერია, რომელიც სამშენებლო სექტორს ეხება.
კვლევაში წერია, რომ თავდაპირველად მშენებლობის გაძვირება სამშენებლო მასალებზე ფასის ზრდით იყო გამოწვეული, რაც თავის მხრივ გამოიწვია პანდემიამ და ომმა. ამას გარდა, 2023-2024 წლებში ფასის ზრდის ფაქტორი ასევე იყო დასაქმებულთა ხელფასის ზრდა. კერძოდ, TBC Capital-ის თანახმად, ხელფასების ზრდა მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი აღმოჩნდა მშენებლობის გაძვირების პროცესში.
TBC Capital-ი ასევე წერს, რომ 2022 წელს დაწყებული რუსეთ-უკრაინის ომი წნეხი იყო მშენებლობაზე ფასების ზრდის კუთხით. მიწოდების ჯაჭვების რღვევამ მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2022 წელს 23%-ით გაზარდა. მშენებლობის ღირებულებასთან დაკავშირებულმა ინფლაციამ მხოლოდ 2023 წლიდან დაიწყო შენელება და წლიურმა ზრდამ (მშენებლობის ღირებულების ინდექსის) 12% შეადგინა. 2024 წელს კი ინდექსი მხოლოდ 4%-ით გაიზარდა. კვლევაში ასევე ვკითხულობთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში უძრავ ქონებაზე ძლიერი მოთხოვნა ფიქსირდებოდა.
რაც შეეხება სამშენებლო ხარჯებს, ორგანიზაციის შეფასებით, სამშენებლო ხარჯებში ყველაზე დიდი წილი მასალებს ჰქონდა, მას მოჰყვებოდა მშენებლობის სექტორში დასაქმებულების ხელფასის ზრდა.
სამშენებლო მასალებში არმატურა საკვანძო მნიშვნელობისაა. 2019-2020 წლებში არმატურა ძირითადად უკრაინიდან შემოდიოდა, თითქმის 60%-იანი წილით, თუმცა ომამდე 2021 წელს უკრაინის წილი იმპორტში 24%-მდე შემცირდა. უკვე 2022-2023 წლებში არმატურის მთავარი საიმპორტო ქვეყნები რუსეთი და ირანი გახდნენ. იმპორტი განსაკუთრებით 2022 წელს გაიზარდა, რაც უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობის ზრდით იყო გამოწვეული.
რაც შეეხება ცემენტს, 2019 წლიდან საქართველო ყოველწლიურად ქვეყანაში მოხმარებული ცემენტის დაახლოებით 94%-ს აწარმოებს. ცემენტის ბაზარი მაღალი თვითკმარობით გამოირჩევა. 2024 წელს საქართველოში წარმოებული იქნა დაახლოებით 3 მილიონი ტონა ცემენტი, რაც 2023 წელთან შედარებით 12%-იანი ზრდაა. კვლევაში წერია, რომ ცემენტის წარმოება დამოკიდებულია კლინკერზე - ცემენტის პირველად ნედლეულზე. ამ პროდუქტის იმპორტი ბოლო 3 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად იზრდება. განსაკუთრებით მაღალი წლიური ზრდა 2024 წელს დაფიქსირდა და კლინკერის იმპორტმა პირველად გადააჭარბა მილიონ ტონას, რაც წლიური 41%-იანი ზრდაა.
რაც შეეხება ბეტონს, წინასწარი მონაცემებით, შარშან 5 მლნ მ3 მოცულობის ბეტონი აწარმოეს ქვეყანაში, რაც 2023 წელთან შედარებით 21%-იანი ზრდაა. ბეტონის ბაზრის ჯამური ღირებულება 16%-ით 894 მლნ ლარამდე გაიზარდა.




























