BAG ინდექსის თანახმად, 2025 წლის I კვარტალში ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი ყველა სექტორში დადებითია და 2024 წლის IV კვარტალთან შედარებით ყველა სექტორში გაუარესდა გარდა ვაჭრობისა.
უფრო დეტალურად, 2025 წლის I კვარტალში, 2024 წლის IV კვარტალთან შედარებით, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის შეფასება გაუარესდა მრეწველობის სექტორში 19.5 ქულით, ვაჭრობის სექტორში - 15.7 ქულით, მომსახურების სექტორში - 14.1 ქულით, ხოლო მშენებლობის სექტორში - 1.7 ქულით.
რაც შეეხება ბიზნესის მომდევნო ექვსი თვის მოლოდინს, მოლოდინების შეფასება გაუმჯობესდა ვაჭრობის სექტორში 21.1 ქულით, მომსახურების სექტორში - 10.8 ქულით და მშენებლობის სექტორში - 2.5 ქულით, ხოლო გაუარესდა მრეწველობის სექტორში 13.8 ქულით. 2025 წლის I კვარტალში ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის ყველაზე მაღალი შეფასება მშენებლობის სექტორში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი - ვაჭრობის სექტორში. თუმცა, ვაჭრობის სექტორში დაფიქსირდა ყველაზე პოზიტიური ბიზნესის მოლოდინი, ხოლო ყველაზე ნაკლებად პოზიტიური მშენებლობის სექტორში.
ამასთან, 2025 წლის I კვარტალში, 2024 წლის I კვარტალთან შედარებით, ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი გაუარესებულია ყველა სექტორში. კერძოდ, ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი მშენებლობის სექტორში 34.2 ქულით გაუარესდა, ვაჭრობის სექტორში 22 ქულით, მრეწველობის სექტორში 15.8 ქულით, ხოლო მომსახურების სექტორში 3.9 ქულით. აღსანიშნავია, რომ მშენებლობის სექტორში მაჩვენებლის კლება ძირითადად ბიზნესის მოლოდინების (-46.7 ქულა), ხოლო ვაჭრობის სექტორში - ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის (-35.9 ქულა) შეფასების გაუარესებას უკავშირდება.
BAG ინდექსი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, PMC კვლევითი ცენტრისა და IFO ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ერთობლივი პროდუქტია.
BAG ინდექსს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ყოველკვარტალურად აქვეყნებს 2019 წლიდან. BAG ინდექსი მოიცავს ასოციაციის წევრებისა და მათ ბიზნეს ჯგუფებში შემავალი კომპანიების მმართველი მენეჯერების შეფასებას ბიზნეს კლიმატის, დასაქმების ბარომეტრის და საინვესტიციო გარემოს შესახებ.