ეკონომისტი აკაკი ცომაია საქართველოს ეკონომიკის ზრდის მთავარ ფაქტორად ისევ და ისევ რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად შექმნილ გარემოებებს ასახელებს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა. ეკონომისტი ამბობს, საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ აქვს. ამასთან, აკაკი ცომაია ეკონომიკურ ზრდაში მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის წვლილს ვერ ხედავს.
„ინფორმაციის სხვა წყარო, გარდა საქსტატისა, არ გვაქვს. შესაბამისად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაფუძნებით ვმსჯელობთ და გამოგვაქვს დასკვნები. მათ მიერ გამოქვეყნებული რიცხვები უნდა მივიღოთ როგორც მოცემულობა.
რა ზრდის საქართველოს ეკონომიკას? - რეექსპორტი იზრდება. საქართველოს გავლით შემოდის ტვირთები, რომელიც შემდეგ რუსეთში გადის. ვხედავთ სატვირთო ავტომობილების ნაკადების მოძრაობა გაზრდილია და ეს კიდევ უფრო მზარდ ტენდენციას იღებს. რუსეთ-უკრაინის ომის ფაქტორმა მოახდინა {დადებითი} გავლენა იმაზე, რომ ტვირთების ძალიან დიდი ნაკადი საქართველოს მიმართულებით გადმომისამართდა, რაც გადამზიდავი კომპანიების საქმიანობაზე დადებითად აისახა.
ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი ფაქტორი იყო მიგრანტების ეფექტი, ისევ და ისევ რუსეთ-უკრაინის ომის გამო. ისინი ქმნიდნენ უძრავ ქონებაზე მოთხოვნას, რაც თავის მხრივ, ფასებზე აისახებოდა და ლოგიკურად ეკონომიკის ზრდასაც უწყობდა ხელს, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ დღესაც არის ისეთივე მოთხოვნა, როგორც 1-2 წლის წინ, მაგრამ შესამჩნევია, რომ ეს ეფექტი ნელ-ნელა ამოიწურა.ამდენად, რა ზრდის ეკონომიკას?! - საქართველოში ეკონომიკა იზრდება იმ მიზეზით, რა მიზეზითაც - სომხეთსა და ყაზახეთში. რა აკავშირებს ამ სამ ქვეყანას ერთმანეთთან?! - ტვირთების გადაზიდვა რუსეთის მიმართულებით. ამას ამბობენ რიცხვები“, - განაცხადა აკაკი ცომაიამ და იქვე დასძინა, რომ სავარაუდოდ, აღნიშნული ფაქტორი მუდმივად ვერ შენარჩუნდება.
„გარკვეულ პიკს როცა მიაღწევს ამ ფაქტორით გამოწვეული ეკონომიკური ზრდა, შემდეგ ტემპი უნდა შენელდეს“, - აღნიშნა მან.
- მთავრობის ეკონომიკური გუნდი მაღალი ეკონომიკური ზრდის ფაქტორებზე საუბრისას ხაზს უსვამს სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, სტაბილურობას და მშვიდობას, რომელიც ქვეყანაშია... შეგიძლიათ, შედარებით ახალი ეკონომიკური რეფორმები ან ინიციატივები გაიხსენოთ, რომელსაც შეიძლებოდა, ხელი შეეწყო ეკონომიკური ზრდისთვის?
- ამ მთავრობასთან დაკავშირებულ ეკონომიკურ რეფორმებს ვერ გავიხსენებ, რომელზედაც შეიძლება, პოზიტიურად ვისაუბრო. რაც შეეხება მშვიდობას, რომელსაც ისინი ხშირად ახსენებენ, მშვიდობა შეიძლება იყოს ციხეშიც, მაგრამ ეს არ არის ნამდვილი მშვიდობა. მთავარია, საით მიდის ქვეყანა - ადგას თუ არა ევროპულ გზას თუ მიექანება რუსეთის მიმართულებით... ჩვენ ვყალიბდებით როგორც რუსული სახელმწიფო. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი და ის წითელი ხაზია, რომელსაც როგორც სხვა ბევრი მოქალაქე, მეც ვერ შeვეგუები - შეუძლებელია ასეთ საზოგადოებაში ცხოვრება და იმის კეთება, რასაც დაგავალებენ. ასეთ ქვეყანაში, კეთილდღეობის ოაზისშიც რომ აღმოჩნდე, თუ მონა უნდა იყო, ყველაფერი სრულდება. ასეთი ოაზისი ნამდვილად არ გვჭირდება და იმედია, ძალიან ბევრი ადამიანი ასე ფიქრობს.
მთავრობა 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, სავარაუდოდ, 8%-მდე გაზრდის