მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მშვიდობიანი პროტესტის უფლება ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველია - შარლ მიშელი

6408891812d3a
მარიამ ვარადაშვილი
08.03.23 17:06
706
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უცხოური გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას ეხმაურება. მიშელი ტვიტერზე წერს, რომ შეშფოთებულია საქართველოში გუშინ განვითარებული მოვლენებით.

"ძლიერ შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენებით. მშვიდობიანი პროტესტის უფლება ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველია. "უცხოური გავლენის" კანონპროექტის მიღება ევროკავშირის გზასთან შეუსაბამოა, რაც საქარველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს. კანონის უზენაესობისა და ადამიანური ღირებულებების ერთგულება ევროკავშირის საკვანძო საკითხებია",- წერს მიშელი.

ცნობისთვის: პარლამენტმა გუშინ პირველი მოსმენით მიიღო აგენტების შესახებ კანონის ე.წ. რუსული ვერსია - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვენეციის კომისიაში გაიგზავნა.

მისივე თქმით, ზაფხულამდე ანუ იქამდე, ვიდრე ვენეციის კომისიისგან დასკვნა არ გამოიგზავნება, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და "უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონპროექტების განხილვა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში აღარ განახლდება.

„დოკუმენტი უკვე გაიგზავნა ვენეციის კომისიაში და იქიდან პასუხის მიღებას მინიმუმ 3 თვე დასჭირდება“, - თქვა დღეს ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის გუშინ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის შეზღუდვაა მხარი დაუჭირა - 76 დეპუტატი მომხრე, 13 - წინააღმდეგი.

აღსანიშნია, რომ საქართველოს პარტნიორები, როგორც აშშ, ისე, ევროკავშირი აგენტების შესახებ კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან. „დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა“ - ეწერა აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „კანოპროექტის მიღებას, შესაძლოა, სერიოზული შედეგები ჰქონდეს ჩვენს ურთიერთობებზე“ - ეწერა ამავე საკითხზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღება გააპროტესტეს საქართველოს მოქალაქეებმაც. დემონსტრანტების წინააღმდეგ ხელისუფლებამ წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 66 ადამიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები