საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს ევროპული მომავალი, 12 რეკომენდაციისა და რეფორმების განხორციელებაში არსებული გამოწვევების საკითხი განიხილეს.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"პრეზიდენტმა მიშელმა დადებითად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის როლი საქართველოს ევროპულ გზაზე მსვლელობის პროცესში და პარტიული დაყოფების დაძლევაში.
საქართველოს პრეზიდენტმა შარლ მიშელი საქართველოში ვიზიტით მოიწვია. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მოწვევა მიიღო და უახლოეს პერიოდში ვიზიტისათვის მზადყოფნა გამოთქვა.
პრეზიდენტმა მიშელმა ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს 2022 წლის ივნისის ისტორიული გადაწყვეტილება გაიხსენა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მის მტკიცე რწმენას, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.
საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ხაზი გაესვა ქვეყნის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა ქართველი ხალხის ურყევი ნება ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
პრეზიდენტმა მიშელმა აღნიშნა, რომ კომისია შემოდგომით, ,,გაფართოების პაკეტის“ ფარგლებში, ანგარიშს მოამზადებს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესახებ, რის შემდეგაც პრეზიდენტი მიშელი გეგმავს, რომ 2023 წლის ბოლო კვარტალში ევროპული საბჭოს დღის წესრიგში შემდეგი ნაბიჯების საკითხი წამოაყენოს.
პრეზიდენტმა მიშელმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა მეტი პროგრესი მართლმსაჯულების რეფორმასთან, მედიის თავისუფლებებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, დეოლიგარქიზაციასა და დეპოლარიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე", - იტყობინება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.