მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მსხვილ პროექტებში ჩართული უნდა იყოს კერძო სექტორი; არ გვინდა, საქართველომ დიდი ვალი აიღოს” – EBRD

EBRD

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ერთ-ერთ სადისკუსიო პანელში, რომელიც 26 ოქტომბერს, სასტუმრო „რადისონში“ გაიმართა, EBRD-ის კავკასიის რეგიონის დირექტორი ალკის დრაკინსონიც მონაწილეობდა. მასთან ინტერვიუ BMGTV-ის გადაცემა “ანალიტიკა”-მ ჩაწერა.

ბატონო ალკის, ფორუმის შეჯამებით დავიწყოთ ჩვენი საუბარი – თქვენი გზავნილები და ის საკვანძო აქცენტები, რაც ამ ფორუმზე მოისმინეთ …

დიდი მადლობა ელენე, ამ შესაძლებლობისთვის, რომ ჩემი მოსაზრებები გაგიზიაროთ. ფორუმი ნამდვილად შთამბეჭდავია. საკმაო დრო გავიდა მას შემდეგ, რაც მესამე ფორუმი გაიმართა. ჩემთვის, როგორც ამ რეგიონში ახალბედასთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო ის, რომ ერთ ოთახში ვიჯექი საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის და ასევე – მონტენეგროს პრემიერმინისტრებთან. ამ სივრცეში შესაძლებელი იყო დიალოგი იმ გამოწვევებზე, რაც დღეს აქტუალურია – აქცენტით დაკავშირებადობაზე და ასევე მსჯელობა არა მხოლოდ ფინანსურ საკითხებზე, არამედ, მშვიდობაზეც. ეს ნამდვილად შთამბეჭდავი გამოცდილება იყო. მიხარია, რომ ასეთი დიალოგი შედგა თბილისში, რომელიც ლოგიკური დესტინაციის ადგილია ასეთი ტიპის შეკრებებისთვის შუა დერეფნის შუაში. საქართველო გეოგრაფიულად და პოლიტიკურად მიმზიდველი ქვეყანაა იმისთვის, რომ საკვანძო როლი შეასრულოს პროექტში, რომელსაც აქვს საკმაოდ მაღალი პოტენციალი. აზია ევროპასთან დაუკავშირდება ბევრი მიმართულებით. როგორც EBRD-ის წარმომადგენელი მხარს ვუჭერ შუა დერეფნის ინიციატივას, რომელმაც უნდა გაზარდოს მთელი რეგიონის კეთილდღეობა და ამასთან მაინტერესებს ყველა იმ შესაძლებლობის განხილვა, სადაც შეიძლება ჩვენ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ პროცესის წარმატებაში. საკვანძო აქცენტები ჩემთვის უკავშირდება იმ როლს და ამბიციას, რაც საქართველოს აქვს ამ პროექტთან მიმართებით და ჰაბად ქცევისთვის, საკვანძო მონაწილეობისთვის აბრეშუმის გზის პროექტში. მჯერა, რომ ეს შესაძლებლობაა, რომელსაც მთავრობა ხელიდან არ გაუშვებს – დარწმუნებული ვარ, ამ პროექტს აქვს პოლიტიკური მხარდაჭერაც – იმიტომ, რომ მთელი რიგი პროექტებია, რომელთა განხორციელებაც დადებით ცვლილებებს მოუტანს საქართველოს ეკონომიკურ ზრდას და ხალხის კეთილდღეობას. მხოლოდ რამდენიმეს რომ შევეხოთ: საქართველო აზერბაიჯანს უფრო ფართო კონტექსტში დაუკავშირდება - ამ ნაწილში ინფრასტრუქტურული პროექტებია, რომლებსაც ვიხილავთ – მაგალითად: რკინიგზა, ან ანაკლიის პორტი ან მასთან დაკავშირებული სხვა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტებიც -– აეროპორტი. ამ პროექტების განხორციელება მოიტანს ახალ უნარებს, ახალ ეკონომიკურ იმპულსს, გვერდით ეფექტებს, რომლებიც ხელს შეუწყობს უნარიანი სამუშაო ძალის ფორმირებას, მოიზიდავს ინვესტორებს. გამოვა, რომ საქართველო წავა კარგ წრეზე – როცა ახალი ტიპის ინვესტიციები, მეტი ინვესტორის ინტერესს მოიზიდავს, ეს ინტერესი თავის მხრივ, ამ ინვესტიციებს მოგებიანს და მნიშვნელოვანს გახდის, და ერთი მეორეს გააძლიერებს. ამ ყველაფერს მხოლოდ დადებითი შედეგები ექნება. რა თქმა უნდა, ეს რთულია. გამოწვევებით სავსეა. ამ პროექტის რეალიზება მარტივი ნამდვილად არ იქნება,. თუმცა ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი – დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა წინ კონცეფციის რეალიზების გზაზე.

პირველ ხელშესახებ შედეგად შეგვიძლია მივიჩნიოთ მემორანდუმი საერთო კომპანიის შესახებ, რომელმაც უნდა გაამარტივოს შუა კორიდორის მარშრუტის ათვისება სამი ქვეყნისთვის – საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი?

ბოდიში, რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ ვინ დაიჯერებდა, რომ ეს შესაძლებელი იყო? სულ რამდენიმე წლის წინ, თუნდაც. ამას ვერც კი დავიჯერებდით. თქვენთან საუბრის დაწყებამდე პანელზე ვიყავი, CAREC-ის ქვეყნების დაკავშირებადობაზე ვიმსჯელეთ და გამოწვევებზე, რაც ამ გზაზე არსებობს – და წარმოიდგინეთ, ქვეყნები, რომლებიც ერთმანეთთან ახლოს არიან, არა კავკასიაში, არამედ, ცენტრალურ აზიაში – ძალიან რთულია ვაშლით ვაჭრობა ყირგიზეთიდან ყაზახეთში. პროცედურები, ბიუროკრატია – ეს ყველაფერი პრაქტიკული საკითხებია, რომლებსაც შესაძლოა, მარტივი გამოსავალი ჰქონდეთ იმ შემთხვევაში, თუკი იარსებებს პოლიტიკური ნება, რომ ეს ყველაფერი გამარტივდეს და ვაჭრობა წახალისდეს. დარწმუნებული ვარ, კავკასიაშიც – ასეთი საკვანძო შემაფერხებელი ბლოკები აუცილებლად იარსებებს – მათ შორის, პროცედურების, ბიუროკრატიის ნაწილში. არც ისე განვითარებული გაციფრულებაც ამის ნაწილია. ამდენად მიმაჩნია, რომ ეს კონკრეტული გადაწყვეტა, რაც თქვენ ახსენეთ, ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომ მართლაც დააკავშიროს რეგიონის ქვეყნები ერთმანეთთან. ეს კი პოტენციალის აღმოჩენასაც ნიშნავს – მაგალითად, პროდუქცია, რომელიც წამოვა ყაზახეთიდან, გადაიზიდება ბაქოში, ბაქოდან შემოვა საქართველოში და შემდეგ – წავა ევროპაში. თავად ის ფაქტი, რომ ერთი კომპანია უკვე დაფუძნდა დღეს, ამ პოტენციალის ათვისებას უფრო რეალისტურს გახდის. ის გაამარტივებს პროცედურებს ამ ქვეყნებს შორის და ყაზახეთში დატვირთული საქონელი მთელ მარშრუტს, კავკასიის მარშრუტს გაივლის სწრაფად და შეუფერხებლად. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია.

მთელი ეს შუა დერეფანი – საბოლოო ჯამში კომერციულად მიმზიდველი პროექტია? რამდენად ეფექტიანად იმუშავებს ეს კომპანია? ფაქტია, რომ ამ რეგიონს ჯერ პანდემია, შემდეგ კი – ომი დასჭირდა იმისთვის, რომ შუა კორიდორის პოტენციალზე სერიოზულად დაფიქრებულიყო.

საბოლოო ჯამში, გამოჩნდება, რამდენად კომერციულად მიმზიდველია შუა კორიდორი. თუ ერთი პასუხი უნდა გაგცეთ, მაშინ მხოლოდ ერთი სიტყვით შემოვიფარგლები - გააჩნია. და რას გააჩნია - გააჩნია თანმიმდევრულ პოლიტიკურ ნებას ყველა მონაწილე ქვეყნის შემთხვევაში მთელი შუა კორიდორის გასწვრივ. ჩვენ უნდა შევქმნათ დიდი კომფორტი იმასთან დაკავშირებით, რასაც პოლიტიკურ რისკს ვუწოდებთ. საქმე გვაქვს ქვეყნების ჯაჭვთან და პროექტის წარმატება დიდწილად სუსტი რგოლის გაძლიერებაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ გვჭირდება, ამ ქვეყნებს მსგავსი პასუხისმგებლობა ჰქონდეთ აღებული პროექტის განვითარებასთან დაკავშირებით და წარმატების მისაღწევად. მათ შორის არიან ქვეყნები - მაგალითად, როგორიც საქართველოა - რომლებიც შუა კორიდორის განვითარების წინა ხაზზე დგანან, რომლებიც ცდილობენ ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას და სხვა ქვეყნები - რომლებიც ამ მაგალითს მისდევენ. ფაქტია, რომ ასეთი ტიპის ღონისძიებები, რასაც ჩვენ დღეს ვაკვირდებით თბილისში და დარწმუნებული ვარ, სხვა ქვეყნებშიც დავაკვირდებით, ხელს უწყობენ სწორედ ამ პოლიტიკური კომფორტის შექმნას. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, როდესაც პროექტის რისკების შეფასებაზე ვსაუბრობთ. ამის შემდეგ, სხვა რისკები, რომლებიც შეგვიძლია განვიხილოთ უკვე დაკავშირებული იქნება ოპერირებასთან, ინვესტიციების კომპლექსურობა, სტრატეგიული გეგმა, რომლის მიხედვითაც მოხდება ინფრასტრუქტურის განვითარება, ქვეყნებს შორის ციფრული პლატფორმების შექმნა - ბევრი რამ არის, რაც საჭიროა იმისთვის, რომ პროექტი წარმატებული აღმოჩნდეს. პროექტის კომერციული მიმზიდველობის შეფასება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად იქნება ეს რისკები გათვალისწინებული. ჩვენ ვართ ინსტიტუცია, რომელსაც აქვს ყველა შესაძლებლობა და გამოცდილება, რომ შეეცადოს და შეამციროს ეს რისკები და პროექტის დაფინანსების ნაწილი გახდეს. ამასთან, აბრეშუმის გზის ყველა ქვეყანა EBRDის წევრია. ამდენად, დაველაპარაკებით ქვეყნებს და მათ ლიდერებს და შევეცდებით ვიპოვოთ კომუნიკაციის გადამკვეთი წერტილები, თუ იარსებებს რაიმე ტიპის ბარიერები ამ გზაზე. შევეცდებით ეს ბარიერები დავძლიოთ დიალოგის გზით და უზრუნველვყოთ პრობლემების კონკრეტული ტექნიკური გადაწყვეტები. სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ მთელი აბრეშუმის გზა საკმაოდ კომპლექსური პროექტია, ის შეიძლება რამდენიმე კომპონენტად დაიყოს. პროექტებს, რომლებიც აბრეშუმის გზის პროექტის ეგიდით განხორციელდება, კონკრეტული პრიორიტეტები შეიძლება მიენიჭოს. ერთი პროექტი, რომელმაც იბიარდის ყურადღება უკვე მიიპყრო, პროექტია, რომელმაც უნდა გაზარდოს ყაზახეთში აქტაუს პორტის გამტარუნარიანობა, რათა მეტი ტვირთი გაატაროს ყაზახეთიდან ბაქომდე. ამ პროექტის დაფინანსება უკვე დაამტკიცა ჩვენმა საბჭომ. ამდენად ეს უკვე არის პრიორიტეტული პროექტი. საქართველოს კონტექსტშიც შევხედავთ, სხვა პრიორიტეტულ პროექტებს - ნაბიჯ-ნაბიჯ შეემატება ამ მარშრუტს საინტერესო ინფრასტრუქტურა - სწორედ ამიტომ ვამახვილებ ყურადღებას პოლიტიკურ ნებაზე იმისთვის, რომ ინვესტორები დარწმუნებულები იყვნენ, ეს პროექტები პრიორიტეტებად დარჩება და საინვესტიციო გარემო მალე არ შეიცვლება. აქ იმისთვის ვართ, რომ ამაზე ვიმუშაოთ.

რამდენჯერმე ახსენეთ ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგრამ თითქმის ყველა მსხვილ პროექტს, რომელსაც შესაძლოა გავლენა ჰქონდეს შუა კორიდორის პოტენციალის ათვისებაზე გარკვეული პრობლემები აქვს – ან შეფერხებულია, ან საერთაშორისო არბიტრაჟშია – საიდან შეიძლება დაწყება – როგორ შეიძლება ამ პროექტებისთვის პრიორიტეტების მინიჭება, როცა გაურკვევლობა მათთან დაკავშირებით, მაინც საკმაოდ მაღალია?

მე მთავრობისთვის მრჩევლად არ გამოვდგები, – თუმცა ვიტყვი იმას, რომ პროექტებისთვის პრიორიტეტის მინიჭებას თავისი ლოგიკა ნამდვილად აქვს. მაგალითად, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის შემთხვევაში, ჩვენი კოლეგები ატარებენ ტექნიკურ-–ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევას. ანაკლიის პორტის შემთხვევაში, ამ ეტაპზე ჯერ არ გადავსულვართ - ხაზი მინდა გავუსვა, რომ ყოველთვის შესაძლებელია ამ ტიპის კვლევების ჩატარება, რომლებიც მიგვანიშნებს, თუ რამდენად პრიორიტეტული და რეალისტური შეიძლება გამოდგეს ამა თუ იმ პროექტის განხორციელება. ადვილად შეგვიძლია, პროგნოზების მოდელირება ერთი მხრივ და მეორე მხრივ – ისეთი პროექტებიც არსებობს, რომლებიც არსებულ გამოწვევებს პასუხობენ და ამ გამოწვევების საფუძველზე ყალიბდებიან. საქართველო დღეს საკმაოდ ბევრ ტვირთს ატარებს – ვხედავ საცობებს მაგისტრალზე და იმ ტვირთსაც ვაფასებ, რაც ემატება არსებულ გამტარუნარიანობას – ამ გამოწვევის საპასუხოდ, მაგისტრალის გაფართოება, გაუმჯობესება, თავისთავად პრიორიტეტული პროექტი გამოდის. არსებობს პრობლემური პროექტები – რომლებიც ბევრად მეტ კვლევას საჭიროებს, არსებობს პროექტები გამართული კონცეფციით, რომლებითაც კონსულტანტები ინტერესდებიან და არის სხვა დიდი პროექტები, რომლებსაც განხორციელების სტადიაზე ექმნებათ პრობლემები - ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ისინი თავდაპირველი სახით ვერ განხორციელდება, შესაძლებელი იქნება, მათი დიზაინის ან მასშტაბის ცვლილება იმისთვის, რომ როგორც თქვენ ამბობთ – კომერციულად მიმზიდველი გახდეს. აქაც რისკების შეფასებამდე მიდის საქმე. სამუშაო ჩასატარებელია, თუმცა, ზოგჯერ იმაზე მარტივადაა საქმე, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. დიდ მთაზე ასვლა პირველი ნაბიჯით იწყება.

EBRD-ის როლის ზრდას ხედავთ ამ მიმართულებით?

დიახ. ჩვენ ამას მარტო არ შევეჭიდებით. ჩვენ ფინანსური ინსტიტუტი ვართ, რომელსაც საქართველოში საქმიანობის კარგი გამოცდილება აქვს და ამით ძალიან ვამაყობ და ჩვენ გავაგრძელებთ ამ თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან – მათ შორის, სწორი პროექტების შერჩევის და დახვეწის ნაწილში. ჩვენ ვთანამშრომლობთ ასევე სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან –ADB-ისთან, მსოფლიო ბანკთან, IFC-ისთან – იმისთვის, განვიხილოთ თანადაფინანსების შესაძლებლობები, მოვახდინოთ პროექტების პრიორიტეტიზაცია. ჩვენი – როგორც განვითარების ინსტიტუტის როლი – თავისთავად არის პროექტების პრიორიტეტიზაცია. ვიაზრებთ, რომ ამ პროექტებში ჩართული უნდა იყოს კერძო სექტორი. ეს მსხვილი პროექტები ბიუჯეტიდან ვერ დაფინანსდება. ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველომ ძალიან დიდი ვალი აიღოს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს პრუდენციულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას და მოგვწონს ეკონომიკური ზრდის ის დონე, რასაც საქართველომ ამ დროისთვის მიაღწია. ჩვენ ტაშს ვუკრავთ, აპლოდისმენტებს არ ვიშურებთ და არ გვინდა, რომ ამის დესტაბილიზაცია მოხდეს.

დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და ჩემი ბოლო შეკითხვა: როგორ ფიქრობთ, რეგიონული თანამშრომლობა იძენს უფრო დიდ მნიშვნელობას დღეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების კონტექსტში და როცა პოლიტიკური ამოცანაა, ევროკავშირთან ინტეგრაცია, როგორ უნდა დაბალანსდეს ქვეყნის საჭიროებები ისე, რომ ამ მთავარ მიზანს ხელი არ შეეშალოს?

ვფიქრობ, რეგიონულმა კოოპერაციამ ახალი იმპულსი შეიძინა. მხოლოდ საქართველოს არ აქვს ასპირაციები, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს. საქართველოს შემთხვევაში, თვალს ვადევნებ სიახლეებს, საქართველოს დელეგაციების სტუმრობებს ბრიუსელში, თუმცა, რეგიონში ისეთი ქვეყნებიც არიან, ვისაც აქვს იმის ამბიცია, რომ ვაჭრობის გზით უფრო მჭიდროდ დაკავშირებულები იყვნენ ევროპასთან. დღეს, მაგალითად, როდესაც ერთ მაგიდასთან ვხედავთ კავკასიის სამი ქვეყნის პრემიერმინისტრებს – ეს ძალიან ძლიერი გზავნილია ჩემთვის, როგორც მსოფლიო მოქალაქისთვის, რომ ცვლილება მართლაც შესაძლებელია. როგორც ინსტიტუციას კი, სურვილი მიჩნდება – ამ პროცესს მხარი დავუჭირო.

დიდი მადლობა თქვენ და თქვენს ინსტიტუციას საქართველოს მხარდაჭერისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები