მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსხვილი ბიზნესის კომენტარები ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ

სები

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ  დღეს ბიზნეს ასოციაციისა და საბანკო სექტორის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებმა ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ კომენტარები გააკეთეს.

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის, არჩილ გაჩეჩილაძის თქმით,  ასეთი სამუშაო რეჟიმი მათთვის მისასალმებელია.

„საკმაოდ საინტერესო შეხვედრა შედგა რეგულატორთან, სადაც ვიმსჯელეთ რეგულაციის დეტალებზე, რომელთა შეცვლით ქვეყანაში ეკონომიკური აქტიურობის ხელშეწყობა მოხდება. მისასალმებელია ასეთი სამუშაო რეჟიმი და იმედით ვართ განწყობილნი ამ პროცესის მიმართ“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

"თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილის, გიორგი თხელიძის თქმით კი სებ-ის გუნდთან საბანკო რეგულაციებთან  დაკავშირებით, დაახლოებით, ექვსი პროექტის განხილვა მოხდა. 

„საბანკო რეგულაციებთან  დაკავშირებით ეროვნული ბანკის გუნდთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მიმოვიხილეთ დაახლოებით ექვსი პროექტი. ვფიქრობთ, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შევჯერდებით გარკვეულ სიახლეებზე, რასაც შემდგომ  ბაზარს წარვუდგენთ“, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი თხელიძემ.

კომენტარი გააკეთა, ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემაც. როგორც მან თქვა, მათი ხედვები და მოსაზრებები, რაც ეროვნულ ბანკში გაჟღერდა ორ რამეს მოემსახურება:

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში  ქვეყნის ეკონომიკის 75%-ია გაერთიანებული. ჩვენთან ეკონომიკის, თითქმის ყველა სექტორია წარმოდგენილი. რასაკვირველია, ისეთ მარეგულირებელთან, როგორიც საქართველოს ეროვნული ბანკია, ხშირი კომუნიკაცია გვაქვს. ეს ემსახურება ქვეყნის, ბიზნესის განვითარებასა და ეკონომიკის გაძლიერებას. ჩვენი ამოცანაა, საბანკო-საფინანსო სისტემა, რომელიც ძლიერი და რეგიონში გამორჩეულია, კიდევ უფრო გაძლიერდეს.

ჩვენი ხედვები და მოსაზრებები, რაც ეროვნულ ბანკში გავაჟღერეთ, დარწმუნებულები ვართ, ორ რამეს მოემსახურება: პირველი, ეს არის დადებით ზეგავლენას მოხდენა საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზე, რაც ძალიან დიდი პრობლემაა ბიზნესისთვის. მეორე, ლიკვიდურობა უფრო მეტად გაიზრდება, ანუ უფრო მეტი თანხისა და რესურსების მიწოდება გახდება შესაძლებელი ბაზრისთვის. ზოგადად, ეკონომიკის განვითარება თითოეული ჩვენგანის კეთილდღეობის საწინდარია. თუ გვინდა გვქონდეს ძლიერი ქვეყანა, უნდა გვქონდეს ძლიერი ეკონომიკა. ძლიერი ეკონომიკა კი უნდა შექმნას ბიზნესმა. ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი, რომ ამას ყველამ ერთად მივაღწიოთ“, - განაცხადა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები