მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მსხვილი რუსული დეველოპერული კომპანია გაკოტრების ზღვარზეა და მთავრობას დახმარებისთვის მიმართავს

samolet

რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული კომპანია, Samolet Group-ი კრიზისულ მდგომარეობაშია და ქვეყნის მთავრობას გადარჩენისთვის 50 მილიარდი რუბლის ოდენობის სასწრაფო ფინანსურ დახმარებას სთხოვს, რაც 653 მილიონი დოლარის ეკვივალენტია.

კომპანიის ასეთი მძიმე მდგომარეობა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. პირველ რიგში, რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების მკვეთრმა ზრდამ და შეღავათიანი იპოთეკური პროგრამების შეზღუდვამ უძრავი ქონების მყიდველთა რაოდენობა მინიმუმამდე დაიყვანა. ამის გამო, მხოლოდ 2025 წელს Samolet-ის გაყიდვები თითქმის განახევრდა.

ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა კომპანიის ძირითადი აქციონერის, მიხეილ კენინის გარდაცვალებამ, რამაც მემკვიდრეობის საკითხის მოგვარებამდე აქტივების ნაწილის გაყინვა და კრედიტორებთან მოლაპარაკებების გართულება გამოიწვია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიაში არსებული ვითარების გამო, ინვესტორთა ნაწილს საკუთარ წილის გასხვისებაც სურს.

დახმარების სანაცვლოდ, დეველოპერული კომპანია მთავრობას საკონტროლო პაკეტს სთავაზობს, შემდგომი გამოსყიდვის უფლებით.

Samolet-ში აცხადებენ, რომ ეს თანხა აუცილებელია მიმდინარე მშენებლობების დასასრულებლად და ათიათასობით მობინადრის ინტერესების დასაცავად, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიის გაკოტრება და მოსახლეობის დანაზოგების დაკარგვა გარდაუვალი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები