მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ბანკი: Doing Business-ის ინდექსში რიგი ხარვეზებია ნაპოვნი, ბოლო 5 წლის რეიტინგი გადაიხედება

5f4ab19ccb9cb
შოთა ტყეშელაშვილი
30.08.20 00:00
2102
მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ბიზნესის კეთების სიმარტივის შესაფასებლად შექმნილ Doing Business-ის რეიტინგში რიგი ხარვეზებია ნაპოვნი, რომელთა გასწორებაზეც ბანკი მუშაობს. ხელახალი შეფასების პერიოდში ახალი ინდექსის გამოცემაზე მუშაობა დროებით შეჩერდება. ამასთანავე, გადაიხედება ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ინდექსები.

მსოფლიო ბანკი საკუთარ განცხადებაში აღნიშნავს, რომ არათავსებადია მონაცემები კონკრეტულ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებიც ხელახალ შეფასებას და სისტემურ გადახედვას დაექვემდებარება. შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი ინდექსის მიხედვით, საქართველო ამ რეიტინგის პირველ ათეულში შედის და 2020 წლის მდგომარეობით მეშვიდე ადგილს იკავებს.

The Wall Street Journal-ის თანახმად, ქვეყნები, რომლებთან მიმართებითაც სავარაუდოდ მონაცემების ხელახალი შეფასება მოხდება არის ჩინეთი, აზერბაიჯანი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და საუდის არაბეთი. ამ ქვეყნებმა უკანასკნელი ინდექსების განმავლობაში საკუთარი ადგილები საგრძნობლად გაიუმჯობესეს. მაგალითად, უკანასკნელ ინდექსში საუდის არაბეთმა საკუთარი პოზიცია მთელი 30 ადაგილით გაიუმჯობესა და 92-ე ადგილდან 62-ე ადგილზე გადაინაცვლა. ეს კი მოხდა იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის მიერ ეკონომიკური კანონმდებლობის ლიბერალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯები იყო შედარებით უმნიშვნელო, რათა ინდექსში ასეთი დაწინაურება გამოეწვია. საქართველოს მეზობელი აზერბაიჯანი კი 2018 წლის ინდექსში 57-დან 25-ე ადგილამდე დაწინაურდა.

“ჩვენ მივმართეთ მსოფლიო ბანკის ჯგუფის შიდა აუდიტის სამსახურს, რათა შეფასდეს ქვეყნების შესახებ ინფორმაციის მიღების პროცესი და დამატებით განისაზღვროს ამ ინფორმაციის სანდოობის კონტროლის მექანიზმები,”- ნათქვამია მსოფლიო ბანკის განცხადებაში.

რას ზომავს Doing Business-ის რეიტინგი?

Doing Business-ი მსოფლიო ბანკის წევრ სახელმწიფოებში ბიზნესის დაწყების და ბიზნესის კეთების სიმარტივეს ზომავს. ამისთვის ინდექსი იყენებს ისეთ შემადგენელ კრიტერიუმებს, როგორიცაა ახალი კომპანიის გახსნისთვის საჭირო პროცედურების და პროცესების ერთიანობის შეფასება, გადასახადების გადახდისა და მათი ადმინისტრირების პროცესის შეფასება, სესხის მისაღებად საჭირო მოთხოვნების შეფასება, მინორიტარი აქციონერების უფლებების დაცვის მექანიზმების შეფასება, ქვეყნიდან საგარეო ვაჭრობის წარმოების შეფასება, ასევე კონტრაქტების აღსრულების მექანიზმებისა და გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის შეფასება.

ნებართვების მიღების პროცესი ინდექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, ამიტომ ცალკე კრიტერიუმს წარმოადგენს სამშენებლო ნებართვის მოპოვებისა და საკუთრების რეგისტრაციის პროცესების შეფასება.

ელექტროენერგიის უწყვეტად მიწოდებაც ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსის ერთ-ერთ ძირითად კრიტერიუმს წარმოადგენს.

საქართველო და Doing Business-ის რეიტინგი:

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც Doing Business-ის ინდექსის არსებობის ისტორიაში 100-ზე უკან მყოფი პოზიციიდან ტოპ ათეულამდე დაწინაურდა.

ასეთი წინსვლის მიზეზი გახდა ის სისტემური რეფორმები, რომლითაც ქვეყანაში ბიზნესზე ბიუროკრატიული წნეხი რამდენჯერმე შემცირდა. უკანასკნელ რეიტინგში მართალია ქვეყანა მეექვსე ადგილიდან მეშვიდემდე ჩამოქვეითდა, თუმცა საქართველოს სარეიტინგო ქულა არსებითად უცვლელი დარჩა.

ინდექსის ინდიკატორებიდან საქართველოს ყველაზე მაღალი შედეგი აქვს ბიზნესის დაწყებაში (მე-2 ადგილი მსოფლიოში) და ქონების რეგისტრაციაში (მე-5 ადგილი მსოფლიოში). ხოლო ყველაზე დაბალი შედეგი საქართველოს გადახდისუუნარობის ინდიკატორში აქვს - 64-ე პოზიცია.

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართულებით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას საქართველოს მთავრობა მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის მიღებით გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები