მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მსოფლიო ბანკი სამხრეთ კავკასიაში წელს 3.9%-იან ზრდას ელის - პროგნოზები ქვეყნების მიხედვით

სამხრეთ კავკასია

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, სამხრეთ კავკასიაში 2025 წელს ეკონომიკა 3.9%-ით, ხოლო 2026 წელს - 3.4%-ით გაიზრდება.

გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების შესახებ ანგარიშის თანახმად, სამხრეთ კავკასიის რეგიონი, რომელიც აერთიანებს სომხეთს, აზერბაიჯანს და საქართველოს, 2024 წელს 5.5%-იან ზრდას აჩვენებს. ფაქტობრივი მონაცემებით კი რეგიონის ეკონომიკა 2022 წელს 7.3%-ით, ხოლო 2023 წელს 3.7%-ით გაიზარდა.

საფინანსო ინსტიტუტის თანახმად, 2025-26 წლებში რეგიონის ზრდის შესუსტება იმას უკავშირდება, რომ სომხეთსა და საქართველოში ზრდის პოტენციურ ტემპებთან დაახლოება მოხდება, ვინაიდან ნორმალიზდება ისეთი ფაქტორები, როგორიცაა რეექსპორტი, ვიზიტორების შემოდინება და რეალური ხელფასის ზრდა, რამაც ხელი შეუწყო ზრდას 2024 წელს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს შემთხვევაში წინა (ოქტომბრის) პროგნოზთან შედარებით 2025 წლის მაჩვენებელი 5.2%-დან 6%-მდე გაიზარდა. სხვა ქვეყნების პროგნოზები კი უცვლელია.

ქვეყნების მიხედვით, მსოფლიო ბანკის პროგნოზი 2025 წლის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით ასეთია:

  • საქართველო - 6%;
  • სომხეთი - 5%;
  • აზერბაიჯანი - 2.7%;
  • თურქეთი - 2.6%;
  • უკრაინა - 2%;
  • რუსეთის ფედერაცია - 1.6%.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, გლობალური ზრდა მოსალოდნელია სტაბილურად 2.7%-ის დონეზე 2025-26 წლებში. საფინანსო ინსტიტუტის თანახმად, გლობალური ეკონომიკის დაბალი ზრდის ტემპი არასაკმარისი იქნება მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის.

მსოფლიო ბანკი გვაფრთხილებს, რომ განვითარებად ეკონომიკებს წინ უფრო დიდი გამოწვევები ელით. ანგარიშის მიხედვით, სუსტი ინვესტიციები და კლიმატის ცვლილება საფრთხეს უქმნის განვითარებადი ეკონომიკების ზრდას ძლიერი ექსპანსიის პერიოდის შემდეგ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები