მსოფლიო ბანკმა საქართველოს მთავრობის სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) შეფასება გამოაქვეყნა. ანგარიში მოიცავს საქართველოს საჯარო ფინანსების მართვის სისტემის შეფასებას. ასევე შეფასდა გენდერულ ასპექტებში საჯარო ფინანსების მართვის მხრივ არსებული მდგომარეობაც.
PEFA ანგარიშში, რომელიც ცენტრალური მთავრობის საჯარო ფინანსების სისტემების ეფექტიანობას აფასებს, აღნიშნულია, რომ საქართველომ საბიუჯეტო სახსრების მართვის გამჭვირვალობის მხრივ პროგრესი აჩვენა.
საქართველოს სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) შეფასება
2022 წლის PEFA შეფასება აჩვენებს, რომ საჯარო ფინანსების მართვის სისტემები საქართველოში ძლიერია და ბოლო, 2018 წლის შეფასების შემდგომ გაუმჯობესებას განაგრძობს. მიუხედავად იმისა, რომ COVID-19 -ის პანდემიამ უარყოფითი გავლენა იქონია ბიუჯეტის მთლიან ხარჯებზე, მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აღინიშნა საჯარო ფინანსების განვითარების, განკარგვის, მართვის და ზედამხედველობის მიმართულებით. 2022 წლის PEFA-ს გლობალური ანგარიშის მონაცემების მიხედვით, საქართველომ შეინარჩუნა პირველობა და ამასთან ერთად, საკუთარი შედეგები გააუმჯობესა იმ 59 ქვეყანასთან შედარებით, რომლებმაც PEFA-ს 2016 წლის მეთოდოლოგია გამოიყენეს.
ქვევით წარმოდგენილია PEFA შეფასების ძირითადი მიგნებები:
• 2022 წელს 31 ინდიკატორიდან 27 გაუმჯობესდა ან შენარჩუნებულ იქნა 2018 წლის PEFA შეფასების დონეზე;
• კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ახლახან არსებითად შეიცვალა და თავსებადი გახდა ევროკავშირის კანონმდებლობასთან და საერთაშორისო კარგ პრაქტიკასთან;
• მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნა შეტანილი პროცედურებში შესყიდვებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვის შესახებ;
• გაიზარდა ფინანსების მართვის მხარდაჭერა ზოგიერთი მუნიციპალიტეტისთვის;
• არსებობს ინფორმაციის დიდი მოცულობა ცენტრალური მთავრობის საბიუჯეტო უწყებების ფინანსებთან დაკავშირებით;
• ინფორმაციის შეტანა ბიუჯეტში დროულად წარმოებს;
• სახელმწიფო ინვესტიციების მართვაში დანერგილია ყოვლისმომცველი და ინკლუზიური პროცესი;
• შემუშავდა და დამტკიცდა ვალის მართვის სტრატეგია, რომელიც განამტკიცებს ფოკუსირებას ვალის მართვაზე;
• პროგრესი მიღწეულ იქნა ყოვლისმომცველი საშუალოვადიანი ხარჯების ჩარჩოს მიმართულებით პროგრამაზე ორიენტირებული ბიუჯეტის შემუშავების საფუძველზე, შედეგებზე დამყარებული მიდგომისთვის;
• არსებობს ეფექტური საბიუჯეტო კალენდარი, რომელიც საბიუჯეტო დაწესებულებებს აძლევს ადეკვატურ დროს თავისი ბიუჯეტების მოსამზადებლად. ასევე არსებობს კანონმდებლობა დეტალური შემოწმების განსახორციელებლად;
• შიდა აუდიტის ფუნქციამ გააუმჯობესა დაფარვა და ფაქტიურად უკვე ყველა საბიუჯეტო ერთეულშია წარმოდგენილი;
• რეაგირება მოხდა სუსტ მხარეებზე, რომლებიც წინა შეფასებისას გამოვლინდა შესყიდვების სისტემაში კონკურენტული სატენდერო პროცესის უზრუნველყოფის მიმართულებით საჩივრებთან და დავის პროცესთან დაკავშირებით, რამაც დადებითი გავლენა იქონია მომსახურების მიწოდების ეფექტიანობაზე.
გენდერულ ასპექტებზე ორიენტირებული საჯარო ფინანსების მართვის (GRPFM) შეფასება
გენდერულ ასპექტებზე ორიენტირებული საჯარო ფინანსების მართვის (GRPFM) შეფასება ფინანსთა სამინისტროს მიერ გაეროს ქალთა ორგანიზაციის და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. შეფასება 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მაისამდე პერიოდში ჩატარდა.
PEFA -ს გენდერულ ასპექტებზე ორიენტირებული საჯარო ფინანსების მართვა (GRPFM) ცხრა ინდიკატორის ნაკრებს წარმოადგენს, რომლებიც GRPFM პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას ემსახურება. ამ შეფასების მიზანია ინფორმაციის შეკრება PEFA GRPFM ჩარჩოს ინდიკატორების შესაბამისად, თუ რა ხარისხით არის საქართველოს საჯარო ფინანსების მართვის (PFM) სისტემა გენდერზე ორიენტირებული. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა გენდერულ საკითხებზე ორიენტირებული საჯარო ფინანსების მართვის შეფასება განხორციელდა საქართველოში და საბაზისო საფუძველს ქმნის მომავალი შეფასებებისთვის.
ქვევით წარმოდგენილია GRPFM შეფასების ძირითადი მიგნებები:
• PEFA ინდიკატორების უმეტესობამ, რომლებიც საჯარო ფინანსების მართვის ინსტრუმენტებს ეხება გენდერული თანასწორობის მხარდაჭერასთან და ხელშეწყობასთან დაკავშირებით A შეფასება (უმაღლესი ქულა) მიიღო. ეს შესაძლებელს ხდის გენდერული პერსპექტივის ინტეგრაციას საქართველოს საჯარო ფინანსების მართვის სისტემაში. თუმცა, 9 GRPFM ინდიკატორიდან 6 საჭიროებს გაუმჯობესებას გენდერული მოსაზრებებიდან გამომდინარე.
• საქართველომ უნდა შეიმუშაოს და დანერგოს გენდერზე ორიენტირებული ყოვლისმომცველი საბიუჯეტო ჩარჩო (GRB);
• საქართველოს კანონმდებლობა საჯარო ფინანსების მართვის შესახებ საჭიროებს გენდერის განზომილების გაცილებით პროაქტიურ ინტეგრაციას.
• გენდერზე ორიენტირებული ბიუჯეტის შემუშავება მოითხოვს შესაძლებლობების გაძლიერებას საჯარო მოხელეებს შორის და კოორდინაციის და ანგარიშვალდებულების მექანიზმების განმტკიცებას გენდერზე ორიენტირებული საბიუჯეტო ჩარჩოს რეფორმის განსახორციელებლად საქართველოში;
• არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი საქართველოს მთავრობისთვის გენდერზე ორიენტაციის გასაძლიერებლად საჯარო ფინანსების მართვის სისტემაში. ისეთი რეფორმები, როგორებიცაა ფისკალური გამჭვირვალობა, საშუალოვადიანი ბიუჯეტის შემუშავების ჩარჩოები და სახელმწიფო ინვესტიციების მართვა მყარ საფუძველს იძლევა, რომელსაც შეიძლება დაეყრდნოს გენდერზე ორიენტირებული საბიუჯეტო ჩარჩოს რეფორმა საშუალო ვადიან პერიოდში.
• საქართველოს მთავრობის მიერ 2022 წელს საჯარო ფინანსების მართვის ახალი სტრატეგიის შემუშავება შესანიშნავ შესაძლებლობას წარმოადგენს გენდერული თანასწორობის ინტეგრაციისთვის საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფართო დღის წესრიგში.