მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ბანკი სებ-ის საბანკო სარეზოლუციო ფონდს $35 მილიონს გამოუყოფს - სასესხო შეთანხმება გაფორმდა

მსოფლიო ბანკი ფინანსთა სამინისტრო

საქართველოსა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრ რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის გაფორმდა სასესხო შეთანხმება, რომლის საფუძველზეც „საქართველოში საბანკო რეზოლუციისთვის მზადყოფნის პროექტის“ ფარგლებში სარეზოლუციო ფონდისთვის 35 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი გამოიყოფა.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისმა. ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ასევე ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის მიერ დამტკიცებული პროექტი სარეზოლუციო ფონდისთვის 35 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის წინასწარ შეთანხმებულ საკრედიტო ხაზს ქმნის. პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები და დაგეგმილი ღონისძიებები, სებ-ის შეფასებით, ხელს შეუწყობს საბანკო რეზოლუციის ჩარჩოს შემდგომ განვითარებას, მისი ეფექტიანობის ზრდასა და საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოებას.

სებ-ის განმარტებით, საკრედიტო ხაზი წარმოადგენს სარეზოლუციო ფონდის დამატებით ფინანსურ დაცვის მექანიზმს იმ პერიოდამდე, ვიდრე ფონდი სამიზნე მოცულობას მიაღწევს. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული რესურსი რეზოლუციის პროცესის დროულ და ეფექტიან განხორციელებას უზრუნველყოფს.

ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ საკრედიტო ხაზის მიზანი მიმდინარე ეტაპზე საბანკო სექტორის დაფინანსება არ არის. მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კომერციული ბანკის რეზოლუციის ან გაჯანსაღების პროცესის დაფინანსების საჭიროება წარმოიქმნება.

სარეზოლუციო ფონდი კომერციული ბანკების შესაძლო კრიზისების მართვისთვის არის შექმნილი. მისი მიზანია პრობლემური ბანკის რეზოლუციის პროცესის დაფინანსება ისე, რომ შემცირდეს სისტემური რისკები და თავიდან იქნეს აცილებული გადასახადის გადამხდელთა ფინანსური რესურსების გამოყენების აუცილებლობა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამ დროისთვის ფონდში კომერციული ბანკების მიერ დაახლოებით 55 მილიონი ლარია მობილიზებული. მოქმედი გეგმის მიხედვით, ფონდის სამიზნე მოცულობამ 2032-2033 წლებში დაზღვეული დეპოზიტების დაახლოებით 3%-ს უნდა მიაღწიოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები