მსოფლიო ბანკმა სამხრეთ კავკასიის რეგიონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.3%-ით 3.3%-მდე გაზარდა. დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც ევროპასა და ცენტრალურ აზიას ეხება წერია, რომ 2024 წლიდან ეკონომიკური ზრდა 3.2%-მდე შემცირდება, ეს 0.2%-ით ნაკლებია ივნისში გაკეთებულ პროგნოზთან შედარებით.
ანგარიშის თანახმად, რეგიონის ეკონომიკური ზრდის გადახედვა ძირითადად სომხეთსა და საქართველოს უკავშირდება, რომლებმაც მოსალოდნელზე მაღალი მშპ-ს ზრდა აჩვენეს. საქართველოს შემთხვევაში წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 5.9%-ით, ხოლო სომხეთის 6.6%-ით გაიზრდება.
"ამას განაპირობებს სამომხმარებლო დანახარჯების მყარი დონე, რასაც ხელს უწყობს ძლიერი ფულადი ნაკადები და გაზრდილი ექსპორტი",- წერია დოკუმენტში. საქართველოსა და სომხეთისგან განსხვავებით, ბანკმა აზერბაიჯანს 2023 1.5%-მდე შეუმცირა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზი, ხოლო 2024 წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2.4% იქნება. შემცირებული საპროგნოზო მაჩვენებლის ძირითადი მიზეზია ნავთობის წარმოების დაბალი ტემპი.
რაც შეეხება რისკებს, მსოფლიო ბანკი სამხრეთ კავკასიის რეგიონში სხვადასხვა სახის რისკს ასახელებს: რუსეთიდან ფულადი ნაკადების შემცირება; გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელება და ექსპორტზე დამატებითი შეზღუდვები. ასევე სახელდება გეოპოლიტიკური ფაქტორებიც, მათ შორის ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაპირისპირება, რომლის შემდგომში გამწვავებამ რეგიონში შესაძლოა არასტაბილურობა გამოიწვიოს.
მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.9%-მდე გაზარდა, სამომხმარებლო დანახარჯებისა და ინვესტიციების მდგრადობის შენარჩუნების ხარჯზე. ამის მიუხედავად, წლის მეორე ნახევარში ზრდის შენელებაა მოსალოდნელი, რაც გამოწვეულია განვითარებულ ქვეყნებში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების, რუსეთიდან ფულადი გზავნილების შემცირებისა გამო, რაც წნეხი აღმოჩნდა ეროვნული ვალუტისთვის.