მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მსოფლიო ბანკმა სებ-თან ბანკების სარეზოლუციო ჩარჩოს შესახებ შეხვედრა გამართა

ეროვნული ბანკი

მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა საქართველოში ტექნიკური მისიის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები გამართეს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ნინო ჯელაძესთან, ასევე, ეროვნული ბანკის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან.

სებ-ის თანახმად, შეხვედრების მთავარი მიზანია სარეზოლუციო ჩარჩოს გაუმჯობესება, მის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანა, ასევე, სარეზოლუციო რეჟიმთან დაკავშირებული საოპერაციო და პრაქტიკული ასპექტების სამომავლო დახვეწა. კომერციული ბანკების სარეზოლუციო ჩარჩო თავის მხრივ გულისხმობს იმ ქმედებების და პროცედურების ერთობლიობას, რომელსაც როგორც საქართველოს ეროვნული ბანკი, ასევე დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო ახორციელებენ იმ შემთხვევაში, თუკი საბანკო ბაზარზე დაფიქსირდა ერთი ან რამდენიმე კომერციული ბანკის ლიკვიდობის კრიზისი ან სხვა მსგავსი კრიზისი, რასაც სებ-ის ჩარევა ესაჭიროება. როგორც ირკვევა, სებ-ში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს სარეზოლუციო პროცესში მსოფლიო ბანკის მხრიდან სარეზოლუციო ფონდისთვის სპეციალური დაფინანსების გამოყოფის მექანიზმზეც.

"შეხვედრებზე განიხილეს საქართველოს სარეზოლუციო ჩარჩოს კრიზისული სიტუაციების მართვასა და საბანკო რეზოლუციის პროცესის დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები. მათ შორის, საუბარი შეეხო მსოფლიო ბანკის მხრიდან სარეზოლუციო ფონდისთვის პოტენციური პირობითი დაფინანსების გამოყოფის შესაძლებლობას და მასთან დაკავშირებულ ტექნიკურ დეტალებს. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს ქვეყნის ფინანსური მდგრადობისა და კრიზისული სიტუაციის შემთხვევაში სარეზოლუციო უფლებამოსილებების მიზნებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. ხაზი გაესვა დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსა და ფინანსთა სამინისტროს მნიშვნელოვან როლს როგორც აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის კუთხით, ისე სარეზოლუციო და კრიზისული სიტუაციების მართვის მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკი და მსოფლიო ბანკის ფინანსური სექტორის საკონსულტაციო ცენტრი უკვე წლებია აქტიურად თანამშრომლობენ საქართველოს ეროვნულ ბანკთან,"- ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები