მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ბაზარზე ნავთობი მცირედით გაიაფდა

ნავთობი

ახლო აღმოსავლეთის საზღვაო სრუტეებში ტვირთების გადაზიდვის ნაწილობრივი აღდგენის ფონზე, 31 ივლისს ნავთობის მსოფლიო ფასები 1%-ზე მეტით შემცირდა. Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსები 1.44%-ით დაეცა და ბარელზე $87.75 შეადგინა, ხოლო ამერიკული WTI-ის ღირებულება 1.77%-ით შემცირდა და $82.11-ს გაუტოლდა. თუმცა საყურადღებო ფაქტია, რომ ივლისის ჯამური მონაცემებით, ორთვიანი კლების შემდეგ ორივე მარკაზე ფასი გაზრდილია. Brent-ის თვიურმა მატებამ უკვე 21% შეადგინა, ხოლო WTI-ის მაჩვენებელი 18%-ითაა გაზრდილი.

ექსპერტების შეფასებით, ბაზარზე ფიუჩერსებით მოვაჭრეებმა ყურადღება სამხედრო ესკალაციიდან უშუალოდ საზღვაო გადაზიდვების სტატისტიკაზე გადაიტანეს, რამაც გაცილებით უფრო რეალისტური ფასების განსაზღვრა გახადა შესაძლებელი. SEB Research-ის ანალიტიკოსის, ოლე ჰვალბიეს განცხადებით, ბაზრის მონაწილეებმა იციან, რომ ყოველი მორიგი დაძაბულობის შემდეგ ნავთობის ნაკადები რამდენიმე დღეში ნაწილობრივ მაინც აღდგება ხოლმე და ამას პრაქტიკაც ადასტურებს.

Kpler-ის საზღვაო მონაცემებით, ბაბ-ელ-მანდების სრუტე უკვე 25-მა სატვირთო გემმა გაიარა. თუმცა ჰორმუზის სრუტეში მოძრაობა კვლავ შეზღუდული რჩება და ის ბოლო 24 საათში მხოლოდ ორმა ტანკერმა გადაკვეთა.

ცნობისთვის, ამერიკა-ირანის კონფლიქტის დაწყებამდე ჰორმუზის სრუტეზე გლობალური ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების მეხუთედზე მეტი მოდიოდა. საომარი მოქმედებების შედეგად, ამ საზღვაო არხში ტვირთბრუნვა მკვეთრად შემცირდა და გარკვეული პერიოდით სრულადაც შეჩერდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები