მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო მესამე ეპიდემიოლოგიურ გარდამავალ პერიოდში შევიდა - თენგიზ ვერულავას ბლოგი

5e6f419fc3925
თენგიზ ვერულავა, მედიცინის დოქტორი, პროფესორი
17.03.20 09:00
3585
თითქოს გვეგონა, რომ XXI საუკუნეში კაცობრიობამ დაძლია ინფექციური, გადამდები დაავადებები, ეპიდემიები და პანდემიები და უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარების შედეგად, უმთავრესი ძალისხმევა მიმართული იქნებოდა არაგადამდები დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, სიმსივნეები) წინააღმდეგ.

თანამედროვე გლობალიზებულმა მსოფლიომ მოიტანა უამრავი სიკეთე, მათ შორის, გაიოლდა ადამიანთა მიგრაცია, მოგზაურობა. ჩვენ დღეს იმდენად ურთიერთდამოკიდებულები ვართ ეკონომიკურად, კულტურულად, რომ წარმოდგენაც კი გვიჭირს თუ რომელ სფეროში არ არის ეს კავშირები ან როგორ შეიძლება არსებული კავშირების გაწყვეტა.

გლობალიზაციამ სიკეთეებთან ერთად მოიტანა სრულიად ახალი გამოწვევები. თუ წინათ ეპიდემიები მოიცავდა მხოლოდ ცალკეულ ქვეყნებს, თანამედროვე, გლობალიზებულ სამყაროში ინფექციური, გადამდები დაავადებების მიერ წარმოქმნილი გამოწვევები ეროვნულ საზღვრებს სცდება.

XX საუკუნემდე ადამიანის გარდაცვალების უმთავრესი მიზეზი იყო ინფექციური დაავადებების გავრცელება. ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა ცუდი სანიტარიული პირობები, სასმელი წყლის დაბინძურება, სათანადო კვების ნაკლებობა ხელს უწყობდნენ ინფექციური დაავადებების ეპიდემიებს: შავი ჭირი, ტიფი, გრიპი, პნევმონია, დიარეა, ყვავილი, ტუბერკულოზი. მეცნიერები ამ პერიოდს პირველ ეპიდემიოლოგიურ პერიოდს უწოდებენ.

დაახლოებით, 200 წლის წინ, 1800-იანი წლების დასაწყისიდან დაიწყო მეორე ეპიდემიოლოგიური გარდამავალი პერიოდი. ინდუსტრიალიზაციის და ურბანიზაციის შედეგად გაიზარდა საზოგადოებრივი სიმდიდრე, გაუმჯობესდა სანიტარიული პირობები. კერძოდ, მოსახლეობის ფართო ფენებისთვის ხელმისაწვდომი გახდა სუფთა წყალი, შეიქმნა ეფექტური კანალიზაციის სისტემები. გაუმჯობესდა ცხოვრების სტანდარტები (განსაკუთრებით, საბინაო პირობები, საკვების ხელმისაწვდომობა).

მეორე პერიოდში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში გატარებული ღონისძიებების და მედიცინის დარგში მიღწევების გამო დასრულდა პანდემიების პერიოდი, შემცირდა ინფექციური და პარაზიტული დაავადებების შედეგად გარდაცვალების რისკი და გაიზარდა ქრონიკული (გულის დაავადებების, კიბოს) დაავადებების შედეგად გარდაცვალების რისკი.

XXI საუკუნეში მსოფლიო გახდა დიდი გლობალური სოფელი. მილიონობით ადამიანი მოგზაურობს ყოველწლიურად. ისტორიას არ ახსოვს მთელ მსოფლიოში ადამიანების ასეთი მასშტაბით გადაადგილება. გაიზარდა სახელმწიფოებს შორის ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება. კომუნიკაციის გლობალურ ქსელში მსოფლიოს ყველა ქვეყანაა ჩართული.

ადამიანების გადაადგილების გაიოლებას ერთი მხრივ აქვს უდაოდ დადებითი მხარე, თუმცა, მეორე მხრივ, გაიზარდა ინფექციური დაავადებების მასობრივად გავრცელების რისკი. ამ პერიოდს მეცნიერები უწოდებენ მესამე ეპიდემიოლოგიურ გარდამავალ პერიოდს.

უნდა აღინიშნოს, რომ ინფექციური დაავადებების ზრდას ხელს უწყობს არამარტო გადაადგილების გაიოლება, არამედ ანტიბიოტიკების მიმართ დაავადებების მდგრადობაც. ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგოდ ბევრი ოდესღაც წარმატებული ანტიბიოტიკი დღეისათვის ეფექტური აღარ არის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მტკიცებით, მსოფლიოში 440,000 ადამიანს ჰქონდა ტუბერკულოზის მულტირეზისტენტული ფორმა, რაც ნიშნავს, რომ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტურ მედიკამენტებს არ შეუძლიათ დაამარცხონ გამომწვევი ვირუსი.

იმის გათვალისწინებით, რომ ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლა უპირატესად საზოგადოებრივი სიკეთეა, ვიდრე კერძო, ინდივიდუალური სერვისი, ინფექციური დაავადებების ეპიდემიების ხანა ზრდის ჯანდაცვის სექტორში სახელმწიფოს მარეგულირებელ როლს, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრიორიტეტულობას.

ამ პრობლემების გადაჭრის საუკეთესო საშუალება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შორის კოორდინირებულ თანამშრომლობაზე დაფუძნებული ტრანსნაციონალური ქმედებები და გადაწყვეტილებებია. დაავადებათა გლობალური გავრცელების საფრთხის საპასუხოდ ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეამ უკვე დაამტკიცა ჯანმრთელობის საერთაშორისო რეგულაციები. იგი განსაზღვრავს, თუ როგორი რეაგირება უნდა მოახდინონ ქვეყნებმა საერთაშორისო დაავადების საფრთხეზე. მისი მიზანია დაავადების საერთაშორისო გავრცელების თავიდან აცილება, დაცვა და კონტროლი.

რთულ ეპიდემიოლოგიურ ხანაში შევედით, რომელიც ძირეულად შეცვლის სამყაროს წესრიგს, ეკონომიკას, განათლების და ჯანდაცვის სისტემებს, ადამიანურ ურთიერთობებს. თუმცა, თანამედროვე მაღალი ტექნოლოგიების პერიოდში ყველაფერი დაძლევადია, მთავარია გლობალურ ცვლილებებთან დაკავშირებული გამოწვევების დროულად რეაგირება.