მსოფლიოს ყურადღება აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზეა მიპყრობილი, რომელიც დღეს, 15 აგვისტოს იგეგმება.
ლიდერები უკრაინაში ომის დასრულების საკითხს ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯის ჩრდილოეთით მდებარე ელმენდორფ-რიჩარდსონის გაერთიანებულ სამხედრო ბაზაზე განიხილავენ. არსებული ინფორმაციით, შეხვედრა თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.
დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრას, რომელზეც პოტენციურად უკრაინაში ომის საკითხის გადაწყვეტაა დამოკიდებული, ყურადღებით აკვირდებიან ინვესტორებიც. შეხვედრის დაანონსებამ და მოახლოებამ ასახვა პოვა გლობალურ ბაზრებზე.
პარასკევს, გლობალური აქციები რეკორდულ მაქსიმუმთან ახლოს ივაჭრებოდა, რადგან ინვესტორები ალასკაში მოლაპარაკებებს და ასევე, აშშ-ის საცალო ვაჭრობის მონაცემებს ელოდებიან, რამაც შესაძლოა მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მდგომარეობის შესახებ მინიშნებები მოგვცეს.
MSCI World Index-მა ბოლოდროინდელი ზრდა შეინარჩუნა, ევროპული აქციების ადრეული ვაჭრობისას ზრდასთან ერთად. ინდექსი ბოლოს 0.2%-ით გაიზარდა და 953.54 პუნქტი შეადგინა, რაც ოთხშაბათს დამყარებულ რეკორდულ 954.21 პუნქტზე ოდნავ ნაკლებია.
Wall Street-ის ფიუჩერსული კონტრაქტები ძირითადად უცვლელი დარჩა.
შეხვედრის დაანონსებას პოზიტიური გავლენას ჰქონდა მოსკოვის საფონდო ბირჟაზე, სადაც 4-8 აგვისტოს შუალედში 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა იმ ფონზე, რომ ინვესტორები ფსონს დებენ რუსული ბიზნესებისთვის სანქციების შესაძლო შემსუბუქებაზე.
გეოპოლიტიკური რისკის ფონზე ალტერნატიულ აქტივების მიმართ ინტერესის ზრდის ფონზე Bitcoin-ის ფასმა ხუთშაბათს რეკორდულ მაქსიმუმს, $124,000-ს მიაღწია, ამის შემდეგ კი დასტაბილურდა და $120,000-ს ჩამოსცდა.
რაც შეეხება სასაქონლო ბაზრებზე ვითარებას, ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 0.6%-ით დაეცა და ბარელზე 66.46 აშშ დოლარი შეადგინა. ოქროს ფასი, ძირითადად, უცვლელი დარჩა და უნციაზე 33,337 აშშ დოლარს მიაღწია. ანალიტიკოსების თანახმად, მშვიდობის პერსპექტივების გაუმჯობესებამ შესაძლოა ოქროს, როგორც უსაფრთხო აქტივის მიმზიდველობა შეამციროს.




























