მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს მოსახლეობის რიცხვმა 8 მილიარდს გადააჭარბა

637354694c246
BM.GE
15.11.22 12:55
514
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში მოსახლეობის რიცხვმა 8 მილიარდს გადააჭარბა. ცნობისთვის, დედამიწის მოსახლეობის რიცხვი შვიდმილიარდიან ნიშნულს 2011 წელს გადასცა, შესაბამისად, მოსახლეობის ერთი მილიარდით ზრდას 11 წელი დასჭირდა.

მე-20 საუკუნის შუა რიცხვებში დაფიქსირებული ზრდის შემდეგ, მოსახლეობის რაოდენობის მატებამ მკვეთრი შენელება დაიწყო. გაეროს ინფორმაციით, მსოფლიოს მოსახლეობის კიდევ ერთი მილიარდით, ცხრა მილიარდამდე ზრდას, შესაძლოა, ამჯერად 15 წელი დასჭირდეს. თუმცა ორგანიზაციის მოლოდინებით, 2080 წლამდე, მსოფლიოს 10-მილიარდიანი მოსახლეობა არ ეყოლება. გაერო აღიარებს, რომ მსოფლიოში ადამიანთა ზუსტი რაოდენობის დათვლა ძალიან რთულია, თუმცა, თარიღად, როდესაც გლობალური მოსახლეობის რიცხვმა 8 მილიარდის ზღვარი გადალახა, 15 ნოემბერს ასახელებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივლისში გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2023 წლისთვის ინდოეთი მოსახლეობის რაოდენობით ჩინეთს გადაუსწრებს და აღნიშნული კუთხით მსოფლიოში უდიდესი სახელმწიფო გახდება. ამავე ანგარიშში ნახსენები იყო 15 ნოემბერიც, როგორც თარიღი, როდესაც მსოფლიოს მოსახლეობის რიცხვი 8 მილიარდს მიაღწევდა.

სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებლისა და დემოგრაფიული ცვლილებების შედეგად, 2037 წლისთვის ცენტრალური და სამხრეთი აზია შესაძლოა, მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალი რეგიონი გახდეს. სუბსაჰარულ აფრიკაში კი 2040 წლისთვის მოსახლეობის რაოდენობის 2 მილიარდამდე გაორმაგებას ვარაუდობენ. რაც შეეხება ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას, აღსანიშნავია, რომ 2020 და 2021 წლებში რეგიონების მოსახლეობის ზრდის ტემპი თითქმის ნულოვანი იყო.

Forbes.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები