რომის პაპმა ლეო XIV-მ დიდი სახელმწიფოების ლიდერები მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მსოფლიოს ამჟამად „რამდენიმე ტირანი ანადგურებს“. კამერუნში ვიზიტისას პონტიფიკოსმა სამხედრო მიზნების გასამართლებლად რელიგიის გამოყენება დაგმო, რითაც ის გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებებს. პაპის განმარტებით, სამხედრო, ეკონომიკური თუ პოლიტიკური სარგებლის მისაღებად ღვთის სახელით მანიპულირება დაუშვებელია.
ცნობისთვის, ვაშინგტონსა და ვატიკანს შორის კონფლიქტის მიზეზი თეთრი სახლის მიერ ირანთან მიმდინარე საომარი მოქმედებების რელიგიურ კონტექსტში წარმოჩენა გახდა. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა, სამხედრო ოპერაციას „ღვთის განგებაც“ კი უწოდა, რაც პონტიფიკოსმა კატეგორიულად დაგმო. საპასუხოდ, დონალდ ტრამპმა პაპი საგარეო პოლიტიკაში არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა და მას Truth Social-ის მეშვეობით „სუსტი“ უწოდა. თავის მხრივ, რომის პაპმა განაცხადა, რომ მას ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ შიში არ აქვს და საუბარს აუცილებლად გააგრძელებს.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად ორ მხარეს შორის დაპირისპირებაში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსიცაა ჩართული. მან პაპს თეოლოგიურ საკითხებზე მსჯელობისას სიფრთხილისკენ მოუწოდა. ვენსმა „სამართლიანი ომის“ თეორია მოიშველია და თქვა, რომ იმ საფრთხე, რაც ირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობამ შეიძლება შექმნას, ამართლებს ომს. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მე-2 პირის პოზიცია ამერიკელმა ეპისკოპოსებმა მალევე გააკრიტიკეს. მათი განმარტებით, ომი მხოლოდ იმ შემთხვევაშია სამართლიანი, თუ ის მიზნად სხვა ქვეყნის აგრესიისგან დაცვას ისახავს.
შეგახსენებთ, ვატიკანი ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ოპონენტია. პონტიფიკოსი აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო მოქმედებების შეწყვეტას უკვე რამდენიმე კვირაა მკაცრად ითხოვს.




























