მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით

apple
სტატიაში საუბარია:

მსოფლიოში დღეს მხოლოდ რამდენიმე ტრილიონ დოლარიანი კომპანიაა, მათ შორის Apple, Microsoft, Saudi Aramco, Amazon, Alphabet და Nvidia. ტრილიონ დოლარიანი კლუბის ორი ყოფილი წევრი არის Meta და Tesla, თუმცა ორივე მათგანის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 800 მილიარდი დოლარის ფარგლებშია.

2022 Meta-ს შემოსავალი და შესაბამისად მოგებაც მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო ტესლას შემთხვევაზე სახეზე მოთხოვნის შემცირება იყო. ამის პარალელურად კი, წელს ტრილიონი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაციის მქონეთა რიგებს ახალი კომპანია, ჩიპების მწარმოებელი Nvidia შეემატა.

საერთო ჯამში, 50 ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია 26,5 ტრილიონ დოლარზე მეტ სააქციო კაპიტალს ფლობს. სექტორის დონეზე, მსოფლიოს 50 უმდიდრეს კომპანიას შორის 9.3 ტრილიონი დოლარის საერთო საბაზრო კაპიტალიზაციით საინფორმაციო ტექნოლოგიების სფერო დომინირებს, მას მოსდევს არააუცილებელი პროდუქციისა და მომსახურების წარმოების სექტორი, რომლის წარმომადგენელ კომპანიათა ჯამური საბაზრო ღირებულება 4 ტრილიონ დოლარს აჭარბებს, ხოლო მესამე პოზიციაზე ხვდება ჯანდაცვის სექტორი, ამ შემთხვევაში უმსხვილესი კომპანიების საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია 3.3 ტრილიონ დოლარის ფარგლებშია.

ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების 62%-ი აშშ-ია წარმოდგენილი. 6%-იანი მაჩვენებელი აქვთ შვეიცარიას, საფრანგეთს და ჩინეთს. ხოლო მათ ბრიტანეთი მოსდევს, სადაც მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების 4%-ი ოპერირებს.

რაც შეეხება თავად კომპანიებს. წლებია, პირველობას არ თმობს Apple და ის საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა. კომპანიის საბაზრო ღირებულება ამ მომენტისთვის 2 ტრილიონ 734 მილიარდ დოლარს შეადგენს, ერთი აქციის ფასი კი 174.91 დოლარით განისაზღვრება. კომპანია ცნობილია თავისი ინოვაციური პროდუქტებით, როგორიცაა: iPhone, iPad და Mac, რომლებიც ტექნოლოგიური ინოვაციების საზღვრებს მუდმივად სცილდებიან. კომპანიის ერთგულება ინოვაციებისა და მაღალი ხარისხის დიზაინისადმი - წლებია მომხმარებელთა ფავორიტია და ეს დამოკიდებულება ცხადია, ბრენდის რეპუტაციაზეც აისახება.

2 ტრილიონ 372 მილიარდი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაციით მსოფლიოში მეორე უმსხვილესი კომპანია Microsoft-ია. კომპანიის ერთი აქციის ფასი ამჟამად 319.36 დოლარით განისაზღვრება. Microsoft Corporation-ი მომხმარებელს უამრავ პროდუქტსა და მომსახურებას სთავაზობს, მათ შორის Windows-სა და Office-ის პროგრამული უზრუნველყოფის კომპლექტს.

მესამე უმსხვილესი კომპანია - საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობის კომპანია Saudi Aramco-ა, რომელიც არა მხოლოდ საუდის არაბეთის ეკონომიკური ხერხემალია, არამედ ის თავისი მასშტაბებითა და გავლენით პლანეტის ყველზე მნიშვნელოვან კომპანიად შეიძლება ჩაითვალოს. Saudi Aramco-ს ნავთობის უზარმაზარი მარაგი და სტრატეგიული მდებარეობა ახლო აღმოსავლეთში, მის, როგორც მსოფლიო ბაზრის ლიდერის პოზიციას კიდევ უფრო ამყარებს. კომპანიის საბაზრო ღირებულება ამჟამად 2 ტრილიონ 158 მილიარდი დოლარით განისაზღვრება, ერთი აქციის ფასი კი 8,92 დოლარია.

1 ტრილიონ 708 მილიარდი დოლარის საბაზრო ღირებულება აქვს  Alphabet-ს და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოში მეოთხე ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა. Alphabet-ს აქვს მრავალფეროვანი პორტფელი, რომელიც მოიცავს საძიებო სისტემებს, ონლაინ სარეკლამო ტექნოლოგიებს, ქლაუდ გამოთვლებს, პროგრამულ უზრუნველყოფასა და ასევე აპარატურას. კომპანიის ერთი აქცია ამჟამად 135.99 დოლარად ივაჭრება.

მეხუთე ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია კი არის Amazon-ი. ელექტრონული კომერციის მსოფლიოში ყველაზე დიდი კომპანიის საბაზრო ღირებულება 1 ტრილიონ 299 მილიარდ დოლარს უტოლდება, აქციის ფასი კი 125.96 დოლარს შეადგენს. Amazon-ის წარმატება ელექტრონული კომერციის ინდუსტრიაში ნაწილობრივ სწორედ მისი ხელოვნური ინტელექტის ძლიერი სისტემებით არის განპირობებული. კომპანია ხელოვნურ ინტელექტს ტრანსპორტის საკითხების ოპტიმიზაციისთვის, რუკებისა და მარშრუტის დაგეგმვისთვის იყენებს.

საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების ათეულში დარჩენილი პოზიციები ასე ნაწილდება:

NVIDIA – 1.103 ტრილიონი დოლარი
Tesla – 825.39 მილიარდი დოლარი
Meta Platforms – 784.27 მილიარდი დოლარი
Berkshire Hathaway – 753.40 მილიარდი დოლარი
Eli Lilly – 514.02 მილიარდი დოლარი 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები