ავტორი: სალომე ზაალიშვილი
19 ოქტომბერს, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გალერეის ლუვრის აპოლოს დარბაზიდან ნაპოლეონის პერიოდის ცხრა სამკაული გაიტაცეს. შვიდ წუთიანმა ძარცვამ თვითმხილველები გაოგნებული დატოვა, თუმცა ეს უახლოეს ისტორიაში ხელოვნების ნიმუშების არც ერთადერთი და არც ყველაზე ძვირად ღირებული ქურდობაა.
სულ რაღაც ბოლო ორი თვის განმავლობაში პაბლო პიკასოს ნახატი გაუჩინარდა, კაიროს მუზეუმიდან 3000 წლის სამაჯური მოიპარეს და გადაადნეს, პარიზის ბუნების ისტორიის მუზეუმიდან კი ჯამში €600 000-ის თვითნაბადი ოქროს ნიმუშები გაუჩინარდა.
მოდით გადავხედოთ უახლოეს ისტორიაში ყველაზე გახმაურებულ ძარცვის ფაქტებს და რა ბედი ეწია მოპარულ ხელოვნების ნიმუშებს.
ქურდობა იზაბელა სტიუარტ გარდნერის მუზეუმში

FBI-ს ვებ გვერდზე გამთავსებული განცხადება, რომლის თანახმადაც გაუჩინარებული ნახატების შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ გარდნერის მუზეუმი $10 მილიონამდე ოდენობის ჯილდოს იხდის
1990 წლის 18 მარტს, ღამის 1:24 საათზე, ორმა პოლიციელის ფორმაში ჩაცმულმა ქურდმა, ბოსტონში არსებული იზაბელა სტიუარტ გარდნერის მუზეუმში მორიგე ორი დაცვის თანამშრომელი შებოჭა, შემდგომ კი მუზეუმის საგამოფენო სივრცეში შეაღწია. ოთხმოცდაერთი წუთის შემდეგ ქურდებმა მუზეუმი 13 ხელოვნების ნიმუშით დატოვეს, რომელთა ღირებულებაც 500 მილიონ დოლარს შეადგენდა. დღემდე, იზაბელა სტიუარტ გარდნერის მუზეუმის ძარცვა ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ხელოვნების ნივთების ქურდობად ითვლება.
იზაბელა სტიუარტ გარდნერის ანდერძი მუზეუმის ექსპონატების გადაადგილებას კრძალავს. შედეგად, მუზეუმის ვიზიტორებს დღეს მხოლოდ ცარიელი ადგილის ნახვა შეუძლიათ, სადაც აქამდე მოპარული ნამუშევრები იყო გამოფენილი. 2021 წლის ინფორმაციით, ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს განცხადებით, ნახატები აღმოჩენილი არ არის.
“Take away” რემბრანდტი

რემბრანდტი
იაკობ გეინ მესამეს პორტრეტი (1632)
2006 წელს გინესის მსოფლიო რეკორდების სიაში შევიდა რემბრანდტის ნამუშევარი სახელწოდებით “იაკობ დე გეინ მესამის პორტრეტი”, როგორც ყველაზე ხშირად მოპარული ნახატი. ნახატმა ეს ჯილდო და მეტსახელი “თან წასაღები რემბრანდტი” მას შემდეგ მიიღო, რაც ბოლო 53 წლის განმავლობაში ოთხჯერ იქნა მოპარული. პირველად ნახატი 1966 წელს მოიპარეს, ამის შემდეგ 1973, 1981 და 1983 წლებში კიდევ სამი ქურდობა მოხდა. ყოველი ძარცვის შემდეგ ნახატი ანონიმურად ჩაბარდა პოლიციას, სხვადასხვა დროს პორტრეტი ნაპოვნი იქნა გერმანიის ქალაქ მიუნსტერის სარკინიგზო სადგურზე არსებულ ბარგის თაროზე, ველოსიპედის უკანა “საბარგულზე” და სასაფლაოზე სკამქვეშ. დღეს წასაღები რემბრანდტი შეგიძლიათ ლონდონში არსებულ Dulwich Picture Gallery-ში იხილოთ.
მონა ლიზას მოკლე გასეირნება იტალიაში

მონა ლიზას პორტრეტი, მას შემდეგ რაც ნახატი 1914 წელს პარიზში დაბრუნდა
ლეონარდო და ვინჩის მონა ლიზა, დღეს უდავოდ ყველაზე ცნობილი ნამუშევარია, რომელიც ოდესმე მოუპარავთ, მაგრამ როდესაც იგი 1911 წელს ლუვრიდან გაქრა, ნახატი ხელოვნებათმცოდნეების წრის მიღმა ნაკლებად იყო ცნობილი. ოცდარვა საათი გავიდა, ვიდრე ნახატის გაუჩინარება შეამჩნიეს. ქურდობის ფაქტის გამოაშკარავების შემდეგ, მონა ლიზა მედია სენსაციად იქცა. ორ წელზე მეტი გაზეთები აშუქებდნენ ნახატის ძებნას მსოფლიოს მასშტაბით. ნახატი საბოლოოდ აღმოაჩინეს მაშინ, როდესაც იტალიელმა ხელოსანმა ვინჩენცო პერუჯამ მისი ფლორენციაში გაყიდვა სცადა. პერუჯას მიაჩნდა, რომ იგი გმირი იყო, რადგან მონა ლიზა სამშობლოში დაბრუნდა, თუნდაც ცოტა ხნით.
უიტვორთის გალერეა და კეთილმოსურნე ქურდი

დარბაზი რომლიდანაც ნახატები მოიპარეს და წერილი რომელიც ორი დღის შემდეგ ნახატებთან ერთად იქნა აღმოჩენილი
ხელოვნების ქურდობა უმეტესად მატერიალური მიზნებით ხდება, მაგრამ ასეთი შემთხვევაც ყოფილა ისტორიაში, რომ ქურდს მხოლოდ დახმარების გაწევა სურდა. 2003 წელს ვან გოგის, პიკასოს და გოგენის სამი აკვარელი მანჩესტერის უიტვორთის გალერეიდან მოიპარეს. ანონიმური ინფორმაციის წყალობით, ნახატები ორი დღის შემდეგ ერთ-ერთი ადგილობრივი პარკის საზოგადოებრივ ტუალეტში იპოვეს. სამართალდამცველებმა ნახატებთან ერთად ხელით დაწერილი წერილი აღმოაჩინეს, სადაც ეწერა: „ჩვენი განზრახვა არა ქურდობა, არამედ არასათანადო დაცვის სისტემის გამოაშკარავება იყო“.
“კივილი” გაქრა

მუნკის “კივილი” ეკსპერტიზისას
თუ მონა ლიზა ყველაზე ცნობილი ხელოვნების ნიმუშია, რომელიც ოდესმე მოუპარავთ, ედვარდ მუნკის „კივილი“ უდავოდ მეორე ადგილს იკავებს ამ სიაში. 1994 წლის 12 თებერვალს, ორმა ქურდმა ნორვეგიის ეროვნული გალერეის ფანჯარა ჩაამტვრია, მავთული, რომლითაც ტილო კედელზე იყო დამაგრებული გადაჭრა და მის ნაცვლად წერილი დატოვა, სადაც ეწერა: „ათასი მადლობა ცუდი დაცვისთვის!“ მალევე მილიონი დოლარის გამოსასყიდის მოთხოვნაც მოჰყვა ამ ფაქტს, თუმცა ქურდებმა უარი მიიღეს გამოსასყიდზე თუ ისინი არ ადასტურებდნენ, რომ ნახატი ნამდვილად მათ ხელში იყო. საბედნიეროდ, ტილო სამი თვის შემდეგ იპოვეს.
„კივილის“ კიდევ ერთი ვერსია 2004 წელს მუნკის მუზეუმიდან მოიპარეს და 2006 წელს აღმოაჩინეს.
ადამიანი ობობა პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში

ქალი მარაოთი
ამადეო მოდილიანი 1919
ქურდი, ვიერან ტომიჩი, მეტსახელად სპაიდერ-მენად მოიხსენიება, რადგან პარიზის ბინებსა და მუზეუმებში ძვირფასი სამკაულებისა და ხელოვნების ნიმუშების მოსაპარად ფასადიდან ძვრებოდა. ტომიჩი და მისი ორი თანამზრახველი პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმიდან ჰენრი მატისის, პაბლო პიკასოს, ჯორჯ ბრაკის, ფერბაბდ ლეჟესა და ანადეი მოდილიანის ნამუშევრების მოპარვისთვის 2010 წელს დააკავეს. ძარცვა ანტიკვარული ნივთების დილერმა ჟან-მიშელ კორვემ შეუკვეთა.
მიუხედავად იმისა, რომ ტომიჩს მხოლოდ ფერნანდ ლეჟეს ნამუშევრის მოპარვა დაევალა, მან ქურდობისას გადაწყვიტა, რომ დანარჩენი ოთხი ნამუშევარიც მოეპარა, რადგანაც ისინი მოეწონა. ნამუშევრები დღემდე არ არის აღმოჩენილი.
"მაიმუნი" და ვან გოგის მუზეუმი

ამსტერდამში მდებარე ვან გოგის მუზეუმი, საიდანაც ქურდმა მეტსახელად “მაიმუნი” მხატვრის ორი ნამუშევარი მოიპარა
ადამიანი ობობა არ არის ერთადერთი მეტსახელიანი ქურდი, რომელსაც შენობებზე აძრომის განსაკუთრებული ნიჭი აქვს. 2002 წლის 7 დეკემბერს, “მაიმუნის” სახელით ცნობილი ოქტავ დურჰამი, და ჰენკ ბიესლეინი კიბით ვან გოგის მუზეუმის კედელზე აძვრნენ. შემდეგ მათ ჩაქუჩით ფანჯარა ჩაამსხვრიეს, შენობაში შეაღწიეს და ორი ნახატი წაიღეს: Congregation Leaving the Reformed Church in Nuenen (1884-85) და View of the Sea at Scheveningen (1882). მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქურდი მომდევნო წელს დააკავეს, სურათების ადგილსამყოფელი არცერთს არ გაუმხელია. სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი ამოღება მხოლოდ 2016 წელს იტალიაში კამორას კრიმინალური ოჯახის ერთ-ერთი სახლიდან მოხერხდა.
ვან გოგის ყაყაჩოები კაიროს კერძო მუზეუმიდან გაუჩინარდა

ყაყაჩოები 1886
ვან გოგი
თუ ფული გჭირდებათ და ვან გოგის „ყაყაჩოები“ (1887) სადღაც გეგულებათ, ეგვიპტელი მილიარდერი ნაგიბ სავირისი 175 000 დოლარს სთავაზობს ყველას, ვისაც აქვს რაიმე ინფორმაცია ნახატის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით. „ყაყაჩოები“ პირველად 1977 წელს მოიპარეს და ათი წლის შემდეგ იპოვეს. ნახატი კაიროში მოჰამედ ხალილის მუზეუმში დაბრუნდა, თუმცა იგი 2010 წელს ისევ მოიპარეს. ცნობილია, რომ ქურდმა კედელს დივანი მიადგა, რათა ნახატი ჩარჩოდან ამოეჭრა, შემდეგ კი მუზეუმიდან ნახატით ხელში გაუჩინარდა.
ბრიტანეთის პირველი საჯარო მუზეუმში მომხდარი ჰოლივუდური ძარცვა

აშმოლეანის მუზეუმის ტერასა, საიდანაც შენობის შუშის სახურავი ჩანს, სწორედ აქედან შეაქცია ქურდმა მუზეუმში
დიდ ეკრანზე არაერთხელ ნანახი ჰოლივუდური ძარცვის სცენების მიუხედავად სინამდვილეში ხელოვნების ქურდობა იშვიათადაა შთამბეჭდავი სანახაობა. თუმცა აშმოლეანის მუზეუმში მომხდარი ქურდობა ცხადყოფს, რომ ცხოვრება ზოგჯერ ხელოვნებას ემსგავსება. ახალი წლის დადგომისას, 2000 წლის 1 იანვარს, მძარცველმა შუშის სახურავი ჩატეხა, თოკით ჩამოეშვა დარბაზში და იატაკზე კვამლის ყუმბარა დააგდო. კვამლმა ვიდეოკამერების ხედვის არეალი დაბინდა, რა დროსაც ქურდმა სეზანის View of Auvers-sur-Oise (1875) მოიპარა. იგი 4.8 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ნახატით ათ წუთზე ნაკლებ დროში გაუჩინარდა.
ქურდობა გუანჯოუს სახვითი ხელოვნების აკადემიაში

რამდენიმე ნახატი, რომელიც გუანგზოუს სახვითი ხელოვნების ბიბლიოთეკარმა საკუთარი ასლებით ჩაანაცვლა
ყველაზე მოხერხებული ხელოვნების ქურდის ჯილდო ალბათ სიო იუანს ეკუთვნის, გუანჯოუს სახვითი ხელოვნების აკადემიის ბიბლიოთეკარს, რომელმაც 143 ნახატი თავისივე ხელით დახატული ასლებით ჩაანაცვლა. იუანმა, გავრცელებული ინფორმაციით, ჯამში 6 მილიონი დოლარი აიღო აუქციონზე 125 მოპარული ნამუშევრის გაყიდვით. დანაშაულის აღიარების შემდეგ, მან განაცხადა, რომ ხელოვნების ქურდობა აკადემიურ სივრცეში გავრცელებული მოვლენა იყო, მეტიც, ამტკიცებდა, რომ მისი გაყალბებული ნამუშევრებიც მოიპარეს და უფრო დაბალი ხარისხის ყალბი ნახატებით ჩაანაცვლეს.
კოვიდის პანდემიის დროს გაუჩინარებული ვან გოგი

ვანგოგის ნახატი დანიელი ხელოვნების დეტექტივის არტურ ბრანტის ხელში, რომელმაც იგი აღმოაჩინა
2020 წლის მარტში, როდესაც თითქმის მთელ მსოფლიოში Covid-19-ის გამო კარანტინი გამოცხადდა, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის უმეტესი მსხვილი მუზეუმი ვიზიტორებისთვის დაიხურა. უჩვეულო სიჩუმის ფონზე, ჰააგის სინგერ ლარენის მუზეუმში ძარცვა მოხდა. ქურდებმა შენობაში ფანჯრის ჩამტვრევით შეღწევის შემდეგ ვინსენტ ვან გოგის ადრეული პერიოდის ნახატი წაიღეს. ნამუშევარი, The Parsonage Garden at Nuenen in Spring (1884), მუზეუმს დროებით ჰქონდა გადაცემული გრონინგენის მუზეუმისგან. ვან გოგის გაუჩინარებული ნახატი 2023 წელს იპოვეს.
როგორ აღმოაჩინეს კლიმტის მოპარული ნახატი გალერეის კედელში

გუსტავ კლიმტის ქალბატონის პორტრეტი 1916-1917 და ნახატის 1910 წელს დახატული ადრეული ვარიანტი
გუსტავ კლიმტის ქალბატონის პორტრეტი (1916–17) მეცნიერების მიერ მნიშვნელოვნად მიიჩნევა, რადგან ნახატი ერთადერთია კლიმტის ნამუშევრებიდან, რომლის ქვეშაც მეორე ნახატი იმალება. 1997 წელს ნახატი პიაჩენცაში, იტალიაში, Galleria d’Arte Moderna-ში შოუსთვის მზადების დროს გაუჩინარდა.
ოც წელიწადზე მეტი 60 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ნახატი გაუჩინარებული იყო. მისი ადგილსამყოფელი ცნობილი მხოლოდ 2019 წლის დეკემბერში გახდა, როდესაც ნამუშევარი კვლავ გამოჩნდა. ერთი წლით ადრე, მებაღე გალერეის ფასადზე სუროს ჭრიდა, როდესაც, მან შენობის კედელში ნაგვის პარკში ნახევრად დამალული ნახატი აღმოაჩინა.
ნახატის აღმოჩენის შემდეგ, ორმა მამაკაცმა იტალიური პრესისთვის გაგზავნილ წერილში კლიმტის ნახატის მოპარვის ფაქტი აღიარა და განაცხადეს, რომ ის გალერეის კედელში მოპარვიდან ოთხი წლის შემდეგ დამალეს. წერილში, დღემდე უცნობმა პირებმა, აღნიშნეს, რომ საბოლოოდ ნამუშევარი როგორც ქალაქისთვის საჩუქარი, ისე დააბრუნეს.
დრეზდენში მომხდარი მსოფლიოს ყველაზე გახმაურებული სამკაულების ქურდობა

Grünes Gewölbe-ს, დრეზდენში არსებული ხელოვნების მუზეუმის ერთ-ერთი დარბაზი
დრეზდენში მომხდარი სამკაულების ქურდობა, რომელიც ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებულია სულ რაღაც ერთი წუთის განმავლობაში მოხდა. დილის ოთხ საათზე, ქურდებმა Grünes Gewölbe-ს (მწვანე საცავი) სახელით ცნობილ სამხატვრო მუზეუმში ელექტროენერგია გათიშეს და 113 მილიონ ევროდ შეფასებული ნივთები გაიტაცეს. მოპარულ ნივთებს შორისაა მსოფლიოს ყველაზე ცნობილი სამკაულები - 800 ბრილიანტით მორთული მახვილი და 49.84 კარატიანი დრეზდენის თეთრი ბრილიანტი. 2020 წლის ბოლოსთვის ძარცვის ფაქტზე ოთხი ადამიანი დააკავეს, 2022 წელს კი გერმანიის პოლიციამ მოპარული ნივთები ამოიღო. მუზეუმის განმარტებით ნივთები მუზეუმს დაუბრუნდა, თუმცა დაზიანებებით.




























