რაოდენობრივად ყველაზე მეტი ფინანსური ეკონომიკური და პერსონალური სანქცია რუსეთის ფედერაციაზე მოდის, რომელზეც 18,772 სხვადასხვა სექტორული თუ ინდივიდუალური სანქციაა გაწერილი. აღნიშნული სანქციების 80%-ის დაწესება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოხდა.
Statista-ს თანახმად, რაოდენობრივად სანქციების რიცხვით მეორე ადგილზეა ირანის ისლამური რესპუბლიკა, რომლის წინააღმდეგაც 4,953 სანქცია მოქმედებს. ეს მოიცავს ირანის სამხედრო, ფინანსურ და ენერგეტიკულ სექტორებს.
2,811 სანქცია არის დაწესებული სირიის არაბთა რესპუბლიკის წინააღმდეგ, რაც მოიცავს ძირითადად სირიის მთავრობას, უმაღლეს თანამდებობის პირებს, მათ შორის პრეზიდენტს და პირველ ლედის, ასევე ქვეყნის ფინანსურ და თავდაცვის სექტორებს.
მეოთხე ადგილზეა ჩრდილოეთ კორეა, რომლის წინააღმდეგაც 2,171 სანქცია მოქმედებს. თუმცა ხარისხობრივად, ყველაზე მძიმე სანქციები სწორედ ჩრდილოეთ კორეისთვის მოქმედებს, რომელსაც ფაქტობრივად მთელ გარე სამყაროსთან ვაჭრობა შეზღუდული აქვს, ანალოგიურად ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ბანკებიც გათიშული არიან SWIFT-ის სისტემიდან, მაშინ როდესაც რუსეთის მხოლოდ 7 ბანკი არის ჩახსნილი SWIFT-იდან. სანქციების გამო, ჩრდილოეთ კორეა საკუთარი პროდუქციის (რკინის მადანი, ქვანახშირი, სპილენძი და სხვა ნედლეული) რეალიზაციას ჩრდილოვანი ვაჭრობის შედეგად ახდენს და ამ საქონლის მთავარი მყიდველი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაა, რომელიც არაფორმალურად, ჩრდილოეთ კორეის მთავარი სავაჭრო პარტნიორია.
ყველაზე სანქცირებულ ქვეყნებს შორის მეხუთე ადგილზეა ბელარუსი, რომელსაც 1,454 სანქცია აქვს დაწესებული. ამ სანქციების ნახევარი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდეც მოქმედებდა, რაც ქვეყანაში ადამიანის უფლებათა შეზღუდვას და 2020 წლის გაყალბებულ არჩევნებს უკავშირდებოდა. საგულისხმოა გარემოება, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საერთაშორისო საზოგადოებამ ბელარუსის სამი ბანკი SWIFT-ის გადარიცხვების სისტემიდან ჩახსნა, ხოლო ქვეყნის ეკონომიკის წამყვან სექტორებს სანქციები დაუწესა.
წყარო - Statista