მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მსოფლიოში პირველად, ჩინეთში 10G ინტერნეტი გაუშვეს

china

ჩინეთმა მსოფლიოში პირველი, კომერციული 10G ფართოზოლოვანი ინტერნეტი დანერგა და მომდევნო თაობის ინტერნეტინფრასტრუქტურის განვითარებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა - ამის შესახებ უცხოური მედია იტყობინება.

10G ინტერნეტქსელი ხებეის პროვინციაში, სუნანის ოლქში ამოქმედდა, სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ტელეკომ ოპერატორის, China Unicom-ისა და ტექკომპანია Huawei-ის საერთო ინიციატივის ფარგლებში. მათი ინფორმაციით, სისტემა 50G პასიური ოპტიკური ქსელის (PON) ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული, რაც დრამატულად ზრდის არსებულ ოპტიკურ-ბოჭკოვან ქსელებში მონაცემთა გადაცემას.

10G ინტერნეტის ჩამოწერის სიჩქარე წამში 9 834 მეგაბიტს აღწევს, ატვირთვის სიჩქარე კი - 1008 მეგაბიტს. დაყოვნება სულ რაღაც 3 მილიწამია. ეს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ულტრამაღალი ხარისხის 8K ვიდეო-სტრიმინგის, ასევე დახვეწილი ვირტუალური და აუგმენტური რეალობის გამოცდილების, ჭკვიანი სახლის ტექნოლოგიისა და ქლაუდ სისტემაზე მომუშავე აპლიკაციების განვითარების საშუალებას იძლევა. მაგალითისთვის, 20GB ზომის ფაილის გადმოსაწერად 10G ინტერნეტს 20 წამზე ნაკლები დასჭირდება.

პროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ სიახლით ჩინეთის პოზიციები უმჯობესდება იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც ასევე მუშაობენ 10G ქსელის განვითარებაზე. ასეთებია სამხრეთ კორეა, არაბთა გაერთიანებული საამიროები და კატარი, რომლებმაც განახლებული ფართოზოლოვანი სისტემები უკვე წარადგინეს, თუმცა 10G სერვისი საჯაროდ ხელმისაწვდომი ჯერ არ აქვთ. ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ ქსელის ეროვნულ დონეზე გავრცელება დამოკიდებულია ინფრასტრუქტურულ მზაობასა და მოთხოვნაზე.

Huawei-ში აცხადებენ, რომ 50G PON-ის ტექნოლოგიის დანერგვამ 10G ინტერნეტის ფლაგმანის მიღწევა გახადა შესაძლებელი, არსებული ბოჭკოვანი სისტემის ჩანაცვლების გარეშე. გამოგონება პირდაპირ თანხვედრაშია ჩინეთის უფრო ფართო ციფრულ სტრატეგიასთან, რომელიც ასევე მოიცავს ფართოზოლოვან ინტერნეტზე წვდომის ზრდას, ქლაუდის ინფრასტრუქტურის განვითარებას და ხელოვნური ინტელექტის გაუმჯობესებას.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რა არის 10G ინტერნეტით სარგებლობის ღირებულება ან რა მოდელზეა ის დაფუძნებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები