საქართველოში ერთი თვის წინ დაფუძნებული ისრაელური საერთაშორისო საინვესტიციო ფონდ „კეტარის“ უმთავრეს მიზანს მსოფლიოში ქვეყნის, როგორც კრეატიული ჰაბის პოზიციონირება წარმოადგენს. ფონდის გეგმებისა და მიზნების შესახებ საქართველოში ფონდის განვითარების დირექტორმა სერგი გვარჯალაძემ „საქმიან დილაში“ ისაუბრა.
„ჩვენი სტრატეგიული გეგმაა არა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე, არამედ რეგიონალური მოთამაშე გავხდეთ. მნიშვნელოვანია დღევანდელი გარემოებები გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საქართველოს როგორც კრეატიული ჰაბის პოზიციონირება მოხდეს. ეს არის ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი“, - განაცხადა სერგი გვარჯალაძემ.
საერთაშორისო განვითარების მიზნების შესრულებას კი „კეტარი“ ქვეყნის შიგნით რეგიონებში კრეატიული ინდუსტრიის შესწავლას და პოტენციური პარტნიორების გაცნობას გეგმავს. ფონდის განვითარების დირექტორი აღნიშნავს, რომ „კეტარი“ დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებას განაგრძობს.
„რაც შეეხება „კეტარის“ მოქმედების პირველ წელს, სექტემბრიდან „კეტარი“ დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებას გააგრძელებს. ეს იქნება ე.წ. ქი ნოუთ სფიჩები, რომლებშიც მაღალი კლასის ექსპერტებს ჩამოვიყვანთ და ისინი სადისკუსიო ხასიათსაც მიიღებს. აქ ჩვენ კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებს უფრო ინტენსიურად შევხვდებით, რათა ორი ძირითადი მიმართულება განვავითაროთ. ამგვარი შეხვედრების ერთ-ერთია სავარაუდო სახელწოდება "კეტარი ქლაბ“ იქნება და მასში - ინდუსტრიის წარმომადგენლები გაერთიანდებიან, ხოლო მეორე პროექტი „კეტარი აკადემია“ იქნება - კომპანიებთან მუდმივი საუბარი გვაქვს იმაზე თუ რა ტიპის დახმარება ესაჭიროებათ და რა ნაწილში შეგვიძლია თანამშრომლობა.
მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, რომ რამდენიმე სარეკლამო კომპანიაში უკვე მიხვდნენ, რომ თანამშრომელთა გარკვეული ნაწილი თავად უნდა გამოზარდონ, რამეთუ კადრების საზღვარგარეთ სასწავლებლად გაგზავნის საშუალება ყოველთვის არ არის. ჩვენ სწორედ ეს შესაძლებლობები და გამოცდილება გვაქვს და გვინდა, რომ მათთან ამ მიმართულებით ვიმუშაოთ.
რასაკვირველია, ყველაზე უახლოესი გეგმაა. ხვალიდან გუნდთან ერთად რეგიონებში მივემგზავრები, რათა იქ არსებულ ვითარებას და პარტნიორებს გავეცნო; გავიგოთ რა კრეატიული მიმართულებებია კახეთში ან იგივე დასავლეთის რეგიონებში. ამ ყველაფერს შევისწავლით და დარწმუნებულები ვართ, ჩვენი ქსელი გაფართოვდება“, - განმარტა გვარჯალაძემ.




























