მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოში, შესაძლოა, შოკოლადის დეფიციტი შეიქმნას

შოკოლადი

მსოფლიო, შესაძლოა, კიდევ ერთი კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს, მაგრამ თუ კრიზისების ჭრილში, როგორ წესი, ომებზე ვსაუბრობთ, შემთხვევა, რომლის წინაშეც ჩვენი პლანეტა ახლა აღმოჩნდა, არც მეტი და არც ნაკლები - შოკოლადს უკავშირდება.

საქმე ისაა, რომ შოკოლადის და ტკბილეულის ბაზარზე არსებული მოთხოვნა გაცილებით უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მიწოდება, რის გამოც, მწარმოებლები შიშობენ, ხოლო პანიკა, როგორც იცით, მყისიერად აისახება სასაქონლო ბირჟაზე, სადაც ერთი ტონა კაკაო, ამჟამად, $6,560-ად ივაჭრება - ასე ძვირად, კაკაო არასდროს გაყიდულა. ერთი წლის წინ, ტონა კაკაო $2,705 ღირდა, ანუ ერთ წელიწადში, ეს საქონელი 142%-ით გაძვირდა.

მაშ, რა ხდება შოკოლადის ბაზარზე? ამ კითხვაზე პასუხს დასავლეთ აფრიკაში უნდა ვეძებოთ - რეგიონში, რომელიც კაკაოს გლობალური მიწოდების 70%-ის წარმოებაზე არის პასუხისმგებელი. სინოპტიკოსები, დასავლეთ აფრიკაში ამინდის მკვეთრ გაუარესებას ვარაუდობენ, რაც პირდაპირ აისახება მოსავალზე. ყველაზე დიდ დარტყმას, სავარაუდოდ, კოტ-დ'ივუარი და განა მიიღებენ, სადაც წლევანდელ სეზონზე კაკაოს მოსავლის 14-წლიან მინიმუმის მიღებას ვარაუდობენ.

ექსპერტების ვარაუდით, მიმდინარე სეზონში კაკაოს დეფიციტი 375 ათასი ტონა იქნება და თუ ეს პროგნოზი გამართლდა, ბაზარზე კაკაოს ისეთი დეფიციტი შეიქმნება, რომელიც პლანეტას უკანასკნელი 65 წლის განმავლობაში არ უნახავს. ყველაფერი ეს, ცხადია, შოკოლადისა და ტკბილეულის კოლოსალურად გააძვირებს.

პრობლემა, რომელიც კაკაოს გაძვირებას იწვევს - კლიმატის ცვლილებაა. ჩვენი პლანეტა, ამჟამად, "ელ ნინიოს კლიმატურ ფენომენს" განიცდის, რომლის დროსაც წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში ტემპერატურა ნახევარი გრადუსით მაღლა იწევს. წყლის გაცხელება, ცხადია, დიდ გავლენას ახდენს ბუნებაზე, პლანეტაზე არსებულ წყლის ბალანსზე და ტემპერატურაზე, რომელიც რეგიონში ფიქსირდება. 2023 წელი, მაგალითად, დასავლეთ აფრიკისთვის ისტორიაში ყველაზე ცხელი წელი იყო და, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, 2024 წელი კიდევ უფრო ცხელი იქნება. ტემპერატურის ასეთი ცვლილება, ცხადია, პრობლემას უქმნის კაკაოს, რომელიც ისედაც საკმაოდ ფაქიზი მცენარეა და ფაქტობრივად ვერანაირ კლიმატურ ცვლილებას ვერ იტანს, მით უმეტეს გლობალურ დათბობას.

შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა - გააძვირებს თუ არა კაკაოს გლობალური დეფიციტი შოკოლადსა და ტკბილეულს საქართველოში? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მარტივი არ არის, რადგან საქართველოში, უმეტესწილად, მზა ნაწარმი შემოდის და არა კაკაოს მარცვლები, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ეს პროდუქტი, უმეტესწილად, იმ ქვეყნებიდან შემოდის, სადაც დიდი კომპანიები შოკოლადს აწარმოებენ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ფასი, გარკვეულწილად, საქართველოშიც დაკორექტირდება.

2023 წელს, საქართველოში $88.8 მილიონის ღირებულების 22,200 ტონაზე მეტი შოკოლადი და კაკაოს შემცველი სხვა პროდუქტები შემოვიდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია და 2022 წლის შედეგს ერთბაშად $11 მილიონით, ანუ 14%-ით აღემატება. ხუთწლიან პერიოდში კი, იმპორტი 66%-ითაა გაზრდილი.

საქართველოში, შოკოლადი, უმეტესწილად, რუსეთის ფედერაციიდან შემოდის. 2023 წელს, ამ ქვეყნიდან $29 მილიონის შოკოლადი შემოვიტანეთ, როცა რიგით მეორე იმპორტიორი სახელმწიფოდან, ანუ უკრაინიდან, იმპორტმა - $12 მილიონი შეადგინა. გამოდის, რომ რუსეთზე საქართველოში გაყიდული შოკოლადის მესამედი მოდის, როცა უკრაინის წილი 13%-ს შეადგენს. მთავარ საიმპორტო ქვეყნებს შორის ასევე ვხედავთ, თურქეთს, პოლონეთსა და ბელგიას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები