მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოში ყველაზე დიდი „ხის ქალაქი“ სტოკჰოლმში აშენდება

64aa60d1dce35
ლიკა მეგუთნიშვილი
10.07.23 00:00
961
2025 წელს სტოკჰოლმში მსოფლიოში ყველაზე დიდი ხის ქალაქის მშენებლობა დაიწყება. როგორც ცნობილია, მასშტაბურ პროექტს ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული კომპანია, Atrium Ljungberg შეასრულებს, რომელმაც მშენებლობის გეგმა უკვე წარადგინა.

გეგმის მიხედვით, სტოკჰოლმის ხის ქალაქი 250 000 კვადრატულ მეტრზე განთავსდება, სადაც 7000 საოფისე ფართი, 2000 საცხოვრებელი სახლი და ასევე რამდენიმე რესტორანი და მაღაზია გაერთიანდება.

ხის ქალაქი სტოკჰოლმის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სავაჭრო უბან, სიკლაში აშენდება, სადაც ამ დროისთვის უკვე 400-ზე მეტი კომპანიაა განთავსებული. პროექტის ავტორები ამ ტერიტორიას „ხუთწუთიან“ ქალაქად მოიხსენიებენ და ამტკიცებენ, რომ სამუშაო ადგილები, სახლები, დასასვენებელი თუ გასართობი ობიექტები ერთმანეთისგან მხოლოდ ხუთი წუთის სავალ მანძილზე იქნება განთავსებული და გადაადგილებისთვის ტრანსპორტის საჭიროება არ იქნება.

სტოკჰოლმის ხის ქალაქმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა უკვე გამოიწვია. ზოგიერთმა ექსპერტმა ხის შენობების ხანძრის რისკებთან დაკავშირებით შეშფოთებაც გამოთქვა, თუმცა როგორც დეველოპერები ამტკიცებენ, ხის მასიური შენობები შედარებით ნელი და პროგნოზირებადი სიჩქარით იწვება, ამიტომ ფოლადის ჩვეულებრივ კონსტრუქციებთან შედარებით გაცილებით უსაფრთხოა. მათივე თქმით, შენობებში ხის გამოყენება მტვერსა და ხმაურს მნიშვნელოვნად ამცირებს.

პროექტის კიდევ ერთი უპირატესობა, რასაც მისი ავტორები ხაზს უსვამენ, გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრაა. ფოლადი და ბეტონი ნახშირბადის ემისიებთან ბევრად უფროა დაკავშირებული, ვიდრე ხე, რომელიც ნახშირორჟანგს მთელი სიცოცხლის განმავლობაში შთანთქავს. როგორც ცნობილია, დღეს მსოფლიოში შენობებზე CO2-ის ემისიების თითქმის 40% მოდის, სტოკჰოლმის ხის ქალაქი კი, სწორედ ამ გამოწვევას პასუხობს.

როგორც დეველოპერები განმარტავენ, პროექტი არა მხოლოდ კომპანიისთვის, არამედ მთელი შვედეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ახალი ქალაქი, მომავლის ნამდვილი სიმბოლოს წარმოადგენს.

პროექტის მშენებლობა ორი წლის გამავლობაში გაგრძელდება და სტოკჰოლმის ხის ქალაქი ოფიციალურად 2027 წელს გაიხსნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები