მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსხვილი რუსული ბიზნესები საქართველოში - ჩამონათვალი

621f4b5694375
შოთა ტყეშელაშვილი
02.03.22 14:58
5859
საქართველოში 7,000-ზე მეტი რუსული კომპანია რეგისტრირებული. საქსტატის თანახმად, ეს არიან ფირმები, რომელთა აქციონერები და დამფუძნებლები არიან ან რუსული კომპანიები ან რუსეთის მოქალაქეები. არაერთი კომპანია რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეების მიერაც არის დაფუძნებული. სტატისტიკის მიხედვით, რუსმა მეწარმეებმა და ბიზნესებმა ყველაზე მეტი - 1,200 კომპანია საქართველოში 2018 წელს დააფუძნეს.

რუსული კომპანიები ამჟამად არაერთი მსხვილი ბიზნეს ჯგუფის მფლობელები არიან, მათ შორისაა ენერგეტიკის; მრეწველობის; ფინანსების; საწვავის იმპორტის; სამთო-მოპოვების და სხვა სექტორები. ამასთანავე, არაერთი რუსული კომპანია საქართველოში შუამავალი ფირმების გავლით ფლობენ აქტივებს, ეს შუამავალი კომპანიები კი ხშირად ნიდერლანდებში; ლუქსემბურგში; კვიპროსში ან ვირჯინიის კუნძულებზე არის რეგისტრირებული. შესაბამისად, ქაღალდზე რუსეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განსაკუთრებულად დიდი არაა, მაშინ როდესაც რუსული ბიზნესების ინვესტიციები ნიდერლანდების; კვიპროსის თუ ლუქსემბურგის გავლით შემოდის საქართველოში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" დღეს საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულების შესახებ გამოაქვეყნა მიმოხილვა, რომელშიც ორგანიზაცია ქვეყანაში მოქმედ მსხვილ რუსულ ბიზნესებზეც წერს:

მსხვილი რუსული ბიზნესები საქართველოში:

სს „თელასი“

„თელასი“ სააქციო საზოგადოებად 1995 წელს დარეგისტრირდა. 1998 წელს კომპანიის აქციების 75% ამერიკულმა კომპანიამ „AES Silk Road Holdings B.V“-მა შეიძინა. 2003 წლის აგვისტოში კომპანია „AES Silk Road Holdings B.V“-ის 100% ფინურმა კომპანიამ „RAO Nordic Oy“-მ იყიდა, რომლის მფლობელი თავის მხრივ რუსული კომპანია „ინტერ რაო“ იყო. დღემდე „თელასის“ 75%-ს „ინტერ რაო“ ფლობს, რომლის საკონტროლო პაკეტის მფლობელი რუსული სახელმწიფო კომპანიები: „როსნეფტგაზ გრუპი“ და „ინტერ რაო კაპიტალ გრუპია“. 1998 წელს სს „თელასის“ 25% საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩა. 2020 წლის აგვისტომდე აღნიშნული 25% საქართველოს სახელმწიფო საინვესტიციო ფონდს - „საპარტნიორო ფონდს“ ეკუთვნოდა, რომლისგანაც 10.5 მლნ აშშ დოლარად კერძო კომპანიამ შპს[ii] „ბესტ ენერჯი გრუპმა" იყიდა. „ბესტ ენერჯი გრუპის“ 100%-იანი წილის მფლობელი ხვიჩა მაქაცარიაა.

სს „თელასი“ თბილისში ელექტროენერგიის გამანაწილებელი ერთადერთი კომპანიაა. აუდიტორულ კომპანია შპს „იუაის“ მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „თელასის“ აქტივები 366 მლნ ლარი იყო. 2020 წელს კომპანიამ 73 მლნ ლარის ზარალი ნახა, 2019 წელს კი 14 მლნ ლარის მოგება დარჩა.

სს „ხრამჰესი I“ და სს „ხრამჰესი II“

ჰიდროელექტრო სადგურები „ხრამჰესი I“ და „ხრამჰესი II“ 1996 წელს დაფუძნდა სააქციო საზოგადოებებად, რომლებიც 1999 წელს „AES Georgia Holdings B.V.“-მ შეიძინა. როგორც უკვე აღინიშნა, 2003 წელს „AES Georgia Holdings B.V“ რუსულმა კომპანიამ „ინტერ რაომ“ შეიძინა. დღეს „ხრამჰესი I“-ისა და „ხრამჰესი II“-ის მფლობელი „Gardabani Holding B.V.“-ია, რომელიც „ინტერ რაოს“ შვილობილი კომპანიაა.

2020 წელს „ხრამჰესი I“-მა და „ხრამჰესი II“-მა 400 მლნ კვტ საათი ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც 2020 წელს საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის 3.6%-ია.

აუდიტორულ კომპანია შპს „იუაის“ მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშების მიხედვით, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „ხრამჰესი I“-ის აქტივები 58 მლნ ლარი იყო, ხოლო „ხრამჰესი II“-ის - 103 მლნ ლარი. 2020 წელს „ხრამჰესი I“-ს 2.4 მლნ ლარის მოგება დარჩა, „ხრამჰესი II“-მა კი 3.1 მლნ ლარის ზარალი ნახა. 2019 წელს „ხრამჰესი I“-მა 5.9 მლნ ლარის მოგება ნახა, ხოლო „ხრამჰესი II“-მა კი — 8.6 მლნ ლარის.

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ 1995 წელს დარეგისტრირდა და 2006 წლამდე „გაერთიანებული ქართული ბანკი“ ერქვა. „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ რუსული „ვითიბი ბანკის“ შვილობილი კომპანიაა. „ვითიბი ბანკის“ აქციების დაახლოებით 59%-ს კი რუსეთის ფედერაციის მთავრობა ფლობს.

„ვითიბი ბანკი ჯორჯია“ საქართველოში სიდიდით მე-4 ბანკია, აქტივებით ის მხოლოდ „თიბისი ბანკს“, „საქართველოს ბანკს“ და „ლიბერთი ბანკს“ ჩამორჩება.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, მიმდინარე წლის 25 თებერვალს აშშ-მა და ევროკავშირმა „ვითიბი ბანკს“ სანქციები დაუწესა.

აუდიტორულ კომპანია შპს „იუაის“ მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ აქტივები 3.1 მლრდ ლარი იყო. 2020 წელს ამ კომპანიას 26.7 მლნ ლარის მოგება დარჩა, 2019 წელს კი - 29.8 მლნ ლარის.

სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგო“

სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგო“ 1996 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის 50%-ს საქართველოს სახელმწიფო კომპანია სს „საპარტნიორო ფონდი“ ფლობს, 50%-ს კი — რუსეთის ფედერაცია, კერძოდ სს „ერთიანი ენერგო სისტემის ფედერალური ქსელური კომპანია“. ეს კომპანია რუსეთის ფედერაციის ელექტროენერგიის გადაცემის საქსელო სისტემის ოპერატორი და მმართველია.

„გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგოს“ ძირითადი საქმიანობა მოიცავს საკუთარი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გამოყენებით ელექტროენერგიის გადაცემას საქართველოს ტერიტორიასა და მეზობელ ქვეყნებში: რუსეთში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. კომპანიის ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების ნაწილი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარეობს. კომპანიის გენერალური დირექტორი საქართველოს მოქალაქე ბაჩანა სულაძეა, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ალექსეი მოლსკია. სამეთვალყურეო საბჭოს 8 წევრიდან 4 საქართველოს მოქალაქეა, ხოლო 4 რუსეთის ფედერაციის.

აუდიტორულ კომპანია შპს „ფრაისუოთერჰაუსკუპერსის“ მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგოს“ აქტივები 134 მლნ ლარი იყო. 2020 წელს კომპანიას 11.3 მლნ ლარის მოგება დარჩა, 2019 წელს კი - 14 მლნ ლარის.

შპს „მაინინგ ინვესთმენთსი“ (შპს „RMG Gold“ და შპს „RMG Copper“)

შპს „RMG Gold“ 1996 წელს დარეგისტრირდა. ამ კომპანიის 96.2%-ს შპს „მაინინგ ინვესთმენთს“ ფლობს, ხოლო 3.8%-ს — შპს „RMG Copper“. შპს „RMG Copper“-ის მფლობელიც „მაინინგ ინვესთმენთსია“. „RMG Copper“ 1996 წელს დარეგისტრირდა სს „მადნეულის“ სახელით და „RMG Copper“ მას 2012 წლის ივნისიდან ჰქვია.

შპს „მაინინგ ინვესთმენთსის“ 100%-ის მფლობელი კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანია შპს „ფემთილონ ჰოლდინგს ლიმითიდი“ არის, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე რუსეთის მოქალაქე დიმიტრი ტროიცკია, ხოლო თავმჯდომარის მოადგილე საქართველოს მოქალაქე კახაბერ მჭედლიშვილია. კახებერ მჭედლიშვილმა 2018 წელს „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს 55,000 ლარი შესწირა, ხოლო 2020-2021 წლებში „ქართულ ოცნებას“ 120,000 ლარი შესწირა. ამავე კომპანიის გენერალური დირექტორი რუსეთის მოქალაქე ვლადიმირ პეტროვია. შპს „RMG Gold“-ის 2019 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი მხარე რუსეთის მოქალაქეები დიმიტრი ტროიცკი და დიმიტრი კორჟევი არიან.

შპს „RMG Copper“-ის ძირითადი საქმიანობა სპილენძისა და ოქროს შემცველი მადნის მოპოვებას და დამუშავებას მოიცავს. 2014 წლის ნოემბერში ამ კომპანიამ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მადნეულის საბადოზე მინერალური რესურსების ძიების, მოპოვებისა და დამუშავების ლიცენზია მიიღო, რომელსაც მოქმედების ვადა 2041 წლამდე აქვს.

შპს „RMG Gold“-ის ძირითადი საქმიანობა საყდრისის ოქროს საბადოზე მინერალური რესურსების ძიება, მოპოვება და დამუშავებაა. საყდრისის საბადოზე საქმიანობის ლიცენზიას კომპანია 2042 წლამდე ფლობს.

აუდიტორულ კომპანია „KPMG“-ის მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „RMG Copper“-ის აქტივები 304 მლნ იყო. 2019 წელს ამ კომპანიას 102 მლნ ლარის მოგება დარჩა, 2018 წელს კი - 91 მლნ ლარის. 2019 წელს შპს „RMG Gold“-ის აქტივები 350 მლნ ლარი იყო. 2019 წელს ამ კომპანიას 22 მლნ ლარის მოგება დარჩა, 2018 წელს კი - 44 მლნ ლარის.

სს „ელმავალმშენებელი“

სს „ელმავალმშენებელი“ 1998 წელს დარეგისტრირდა. 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ამ კომპანიის აქციების 87%-ის მფლობელი ოფშორში, მალტაზე რეგისტრირებული კომპანია შპს „ლოკო ტრანს კომპანია“, 12.8%-ს საქართველოს სახელმწიფო ფლობს, 0.2%-ს კი შრომითი კოლექტივი. „ელმავალმშენებლის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე რუსეთის მოქალაქე იგორ ტუგბაევია. საბჭოს 7 წევრიდან 6 ასევე რუსეთის მოქალაქეა, ერთი კი — საქართველოს მოქალაქე. ეს შესაძლოა იმას მიანიშნებდეს, რომ მალტაში რეგისტრირებული კომპანიის საბოლოო ბენეფიციარები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან

„ელმავალმშენებლის“ ძირითადი საქმიანობა მაგისტრალური ელმავლების მშენებლობა, სათადარიგო დეტალების დამზადება და ელმავლების კაპიტალური შეკეთებაა.

შპს „ინტელექტ აუდიტის“ მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სს „ელმავალმშენებლის“ აქტივები 71 მლნ ლარი იყო. 2019 წელს ამ კომპანიამ 28 მლნ ლარის ზარალი ნახა, 2018 წელს კი - 4 მლნ ლარის.

შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის“ საქართველოს ფილიალი („აიდიეს ბორჯომი“)

შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის“ ფილიალი საქართველოში 1997 წელს დარეგისტრირდა. 2009 წლამდე მას „ჯორჯიან გლას ენდ მინერალ უოთერ კო ენ.ვი“ ერქვა. ფილიალს ბორჯომის ხეობის და საქართველოს წყლის სხვა წყაროების გამოყენების ლიცენზია აქვს. „აიდიეს ბორჯომი“ მინერალური და ნატურალური წყლების „ბორჯომის“, „ლიკანის“ და „ბაკურიანის“ მწარმოებელი კომპანიაა. „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი“ ოფშორში, ნიდერლანდების ანტილის კუნძულებზე, კურასაოზე არის რეგისტრირებული. კომპანიის დირექტორი რუსეთის მოქალაქე ვლადიმირ აშუროვია. კომპანიის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია. საქართველოს ფილიალის დირექტორი რუსეთის მოქალაქე მიხაილ პროვოტოროვია. 2021 წლის ივნისამდე საქართველოს ფილიალის დირექტორიც რუსეთის მოქალაქე მიხაილ პროვოტოროვი იყო, რომელიც საქართველოს ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჩაანაცვლა.

აუდიტორულ კომპანია შპს „იუაის“ მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის“ საქართველოს ფილიალის აქტივები 87 მლნ აშშ დოლარი იყო. 2020 წელს კომპანიამ 49 მლნ აშშ დოლარის ზარალი ნახა, 2019 წელს კი 17.3 მლნ აშშ დოლარის მოგება დარჩა.

შპს „ჩენელ ენერჯი (ფოთი) ლიმითედ - საქართველო“ (ფოთის ნავთობტერმინალი)

შპს „ჩენელ ენერჯი (ფოთი) ლიმითედ - საქართველო“ 2000 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის 75%-ს გიბრალტარში რეგისტრირებული კომპანია „ჩენელ ენერჯი (ერა) ლიმიტედ“, ხოლო 25%-ს სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“ ფლობს. „ჩენელ ენერჯი (ერა) ლიმიტედის“ საბოლოო ბენეფიციარი „Petrocas Energy International“-ია, რომელიც რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის ბიზნესმენთან, დავით იაკობაშვილთან დაკავშირებული კომპანიაა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2014 წლის ბოლოს „Petrocas Energy International“-ის 49% რუსულმა კომპანიამ „როსნეფტმა“ შეიძინა.
„ჩენელ ენერჯი (ფოთი) ლიმითედ - საქართველო“ ფოთში ფლობს ნავთობის ტერმინალებს სასაწყობე, გამტარი და ლოჯისტიკური საშუალებებით.

აუდიტორულ კომპანია შპს „ფრაისუოთერჰაუსკუპერსის“ მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „ჩენელ ენერჯი (ფოთი) ლიმითედ - საქართველოს“ აქტივები 60 მლნ ლარი იყო. 2020 წელს ამ კომპანიას 8.7 მლნ ლარის მოგება დარჩა, 2019 წელს კი — 7.7 მლნ ლარის.

შპს „ლუკოილ-ჯორჯია“

შპს „ლუკოილ-ჯორჯია“ 2002 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის 100%-ის მფლობელი შვეიცარიაში რეგისტრირებული სს „ლიტასკოა“. „ლიტასკოს“ საბოლოო ბენეფიციარი კი რუსული კოპანია „ლუკოილია“.

კომპანიის ძირითად საქმიანობას საქართველოს მასშტაბით ნავთობის და ნავთობ ქიმიკატების საბითუმო და საცალო გაყიდვები წარმოადგენს.

აუდიტორულ კომპანია „KPMG“-ის მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“ აქტივები 75 მლნ ლარი იყო. 2020 წელს კომპანიას 1.2 მლნ ლარის მოგება დარჩა, 2019 წელს კი 3.2 მლნ ლარის ზარალი ნახა.

აღსანიშნავია რომ „ლუკოილი” ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოექცა 2014 წლიდან, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის გამო. ასევე ის აშშ-ს მიერაც არის სანქცირებული.

შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველო“

შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველო“ 2008 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100%-ს რუსეთში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება „ვიმ-ბილ-დან“ ფლობს. კომპანია 1992 წელს დაარსდა და მის დაფუძნებაში ჩართული იყო დავით იაკობაშვილი. 2010 წლიდამ „ვიმ-ბილ-დან“-ს ამერიკული „პეპსიკო“ ფლობს.

„ვიმ-ბილ-დან საქართველოს“ ძირითადი საქმიანობის სფერო რძის პროდუქტების წარმოება და იმპორტირებული რძის და სასმელების დისტრიბუციაა. საქართველოში წარმოებული პროდუქტებიდან კომპანია ბაზარზე „სოფლის ნობათის“ ბრენდით არის ცნობილი. ასევე ეს კომპანია არის ისეთი ბრენდების იმპორტიორი, როგორებიცაა: „სანდორა“, „სადაჩოკ“, „ლიპტონის ცივი ჩაი“, „ლეისი“ და „დორიტოსი“.

აუდიტორულ კომპანია „KPMG“-ის მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველოს“ აქტივები 33.7 მლნ ლარი იყო. 2019 წელს კომპანიამ 13 მლნ ლარის ზარალი ნახა, 2018 წელს კი - 900 ათასი ლარის.

შპს „ტიფლისსკი ვინნი პოგრებ“

შპს „ტიფლისსკი ვინნი პოგრებ“ 2003 წელს დარეგისტრირდა. ამ კომპანიის 100%-ის მფლობელი რუსეთში რეგისტრირებული შპს „დკ-სერვისია“.

„ტიფლისსკი ვინნი პოგრების“ ძირითადი საქმიანობა ღვინის და სპირტიანი სასმელების წარმოება და რეალიზაციაა. კომპანიის პროდუქციის უმეტესი ნაწილი ექსპორტზე გადის.

აუდიტორულ კომპანია შპს „Moore Abc“-ის მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „ტიფლისსკი ვინნი პოგრების“ აქტივები 36 მლნ ლარი იყო. 2020 წელს ამ კომპანიას 4.3 მლნ ლარის მოგება დარჩა, 2019 წელს კი - 4.6 მლნ ლარის.

შპს „ვიონი საქართველო“ („ბილაინი“)

შპს „ვიონი საქართველო“ 2003 წელს დაფუძნდა. კომპანიის წილებს ოფშორში, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ორი კომპანია ფლობს: შპს „ვოთერთრაილ ინდასტრიზ“ – 71%-ს და „ინვესტიკო ალიანსე“ – 29%-ს.
„ვიონი საქართველო“ „ბილაინის“ ბრენდით არის წარმოდგენილი. „ბილაინის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, „ვიონი საქართველო“ საერთაშორისო ჯგუფ „VEON“-ში შედის. „VEON“ ნიდერლანდებშია რეგისტრირებული, თუმცა მისი აქციების 47.9%-ს „Letterone Investment Holdings S.A“ ფლობს, რომლის დამფუძნებელი და მაკონტროლებელი რუსი ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანია. მის წინააღმდეგ 2019 წელს დაიწყო გამოძიება ესპანეთში, და ასევე 2018 წელს ის მოხვდა აშშ-ს ხაზინის მიერ შექმნილ რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებულ პირთა სიაში.

შპს „ფრაისუოთერჰაუსკუპერსის“ მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „ვიონი საქართველოს“ აქტივები 120 მლნ ლარი იყო. 2020 წელს ამ კომპანიამ 92 მლნ ლარის ზარალი ნახა, 2019 წელს კი - 40 მლნ ლარის.

შპს „ალიუდ იუნიტას ჯორჯია“

შპს „ალიუდ იუნიტას ჯორჯია“ 2015 წელს დაფუძნდა. კომპანიის 65%-ს კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანია „Peftersona Limited“ ფლობს, 30%-ს - რუსეთის მოქალაქე ილია ბულიჩევი, ხოლო 5%-ს საქართველოს და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ლევან ქორქაშვილი ფლობს. კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანია „Peftersona Limited“-ის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია.

„ალიუდ იუნიტას ჯორჯიას“ ძირითად საქმიანობას სამორინე და სათამაშო ბიზნესი წარმოადგენს, დამატებითი საქმიანობა კი სარესტორნო მომსახურება და ვალუტის გაცვლაა. ამ კომპანიას ეკუთვნის ბათუმში მდებარე გასართობი ცენტრი „ECLIPSE”.
აუდიტორულ კომპანია შპს „პრესტიჟ-აუდიტის“ მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „ალიუდ იუნიტას ჯორჯიას“ აქტივები 57.5 მლნ ლარი იყო. 2020 წელს კომპანიამ 36 მლნ ლარის წმინდა ზარალი ნახა, 2019 წელს კი - 18 მლნ ლარის.

„იანდექს ტაქსი“

ტაქსის ონლაინ გამოძახების რუსული კომპანია „იანდექს ტაქსი“ საქართველოში 2016 წელს შემოვიდა და მოკლე დროში ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. „იანდექს ტაქსი“ რუსულ ინტერნეტ კომპანია „Yandex“-ის შვილობილ კომპანია „Yandex.Go“-ს ეკუთვნის. „Yandex“-ის შვილობილი კომპანია „Yandex Money“ აშშ-მა მიმდინარე წლის 22 თებერვალს სანქცირებული კომპანიების სიაში შეიყვანა.

„იანდექს ტაქსის“ საქართველოში არსებულ აქტივებზე და სხვა ფინანსურ მაჩვენებლებზე ინფორმაცია საჯარო წყაროებით არ არის ხელმისაწვდომი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები