მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Yandex-ი $5.2 მილიარდად იყიდება - მყიდველების კონსორციუმს შორისაა ალექსანდრე ჩაჩავაც

yandex

რუსეთის უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანია Yandex-ი იყიდება - კომპანიის მფლობელი 5 რუსული კომპანიისგან შემდგარი კონსორციუმი გახდება, რომელიც Yandex-ში 5.2 მილიარდ დოლარს გადაიხდის. კომპანიის მომავალ აქციონერთა შორისაა ქართული წარმოშობის რუსი ბიზნესმენი ალექსანდრე ჩაჩავაც, რომელიც LETA Capital-ის დამფუძნებელია.

Yandex-ი ამ დრომდე ნიდრელანდებში რეგისტრირებული Yandex NV-ის მეშვეობით ოპერირებდა, თუმცა კომპანიის შემოსავლის 95% რუსული ბაზრიდან მომდინარეობდა. გარიგების ფარგლებში გაიყიდება ბაზრის სწორედ ეს სეგმენტი, ხოლო გაყოფის შემდეგ Yandex NV-ის საკუთრებაში დარჩება სხვა ქვეყნების სეგმენტები, რომლებიც ჯამურად კომპანიის შემოსავლის 5%-მდე აგენერირებენ. ამასთან, სახელი შეუნარჩუნდება Yandex-ის იმ ნაწილს, რომელიც გაყოფის შემდეგ რუსეთში დარჩება, ხოლო გარიგებიდან 3 თვეში Yandex NV-იმ საკუთარ ბრენდს სახელი უნდა შეუცვალოს და სხვა ბაზრებზე ოპერირება სხვა სახელით გააგრძელოს.

იქიდან გამომდინარე, რომ Yandex-ი რუსეთში ოპერირებდა როგორც ჰოლანდიური კომპანია, ის რუსული კანონმდებლობის მიხედვით “უცხოურ” კომპანიად და უცხოურ ინვესტორად ითვლებოდა, უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ რუსეთში მიღებული კანონით კი უცხოელებმა საკუთარი აქტივები რუსებს 50%-იანი ფასდათმობით უნდა მიყიდონ, შესაბამისად დადგინდა Yandex-ის საფასურიც, რომელიც ამჟამად 10 მილიარდ დოლარზე მეტი ღირს, თუმცა ამ კანონის მიხედვით, 50%-იანი ფასდაკლებით 5.2 მილიარდ დოლარად 475 მილიარდ რუბლად გაიყიდება.

Yandex-ის მყიდველთა კონსორციუმს Consortium.First-ი ეწოდება, რომლის აქციონერთა სიაც ასეთია:

  • FMP-ი, რომელიც თავის მხრივ რუსი ბიზნესმენებისგან შემდგარი კონსორციუმია. მისი პარტნიორთა რაოდენობა 50-ია. Yandex-ის პრესრელიზში ამ კომპანიის აქციონერების შესახებ არაფერი წერია, თუმცა მითითებულია რომ მათ შორის აშშ-ის, ბრიტანეთის, ევროკავშირის, ან შვეიცარიის მიერ სანქცირებული პირები არ იქნებიან.
  • “არგონავტი” საინვესტიციო ფონდი, რომლის მფლობელიც არის “ლუკოილი”;
  • “ინფინიტი მენეჯმენტი”, რომელიც 100%-ით ეკუთვნის LETA Capital-ისა და My.Games-ის დამფუძნებელ ალექსანდრე ჩაჩავას;
  • IT.Elaboration-ი, რომელიც 100%-ით ეკუთვნის ბიზნესმენ პაველ პრასს, რომელიც საინვესტიციო ფონდ INFINITUM-ს მართავს;
  • Meridian-Servis-ი, რომელიც ბიზნესმენ ალექსანდრ რიაზანოვს ეკუთვნის. Yandex-ის პრესრელიზის თანახმად, რიაზანოვი ნავთობისა და გაზის სექტორში საქმიანობდა და ამჟამად ფლობს დივერსიფიცირებულ საინვესტიციო პორტფელს, რომელიც სოფლის მეურნეობის, უძრავი ქონებისა და სხვა სფეროებს აერთიანებს.

Yandex-ის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად რუსული კონსორციუმის მხრიდან, გარიგების თანხის გადახდა ჩინურ იუანებში მოხდება.

2021 წლის დეკემბერში Yandex-ის საბაზრო ღირებულება $30 მილიარდ დოლარს აღწევდა, თუმცა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კომპანიამ ღირებულების ⅔ დაკარგა, ახლა კი მისი ღირებულების დამატებით 50%-იანი ფასდაკლებით გაყიდვა ხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები