მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსხვილი სამრეწველო საწარმოები 10 000 ლარით დააჯარიმეს

614dba23bb8de
ელენე გოგბერაშვილი
24.09.21 21:40
1506
პანდემიის პირობებში  ახალი რეგულაციების შეუსრულებლობის გამო ბიზნესს სახელმწიფომ რამდენიმე ათეულ ათასიანი ჯარიმა დააკისრა. საქმე ეხება "ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ" კანონში შესული ცვლილებებით გარემოსდაცვითი ახალი ტექნოლოგიების დანერგვას იმისთვის, რომ ჰაერი არ დაბინძურდეს. ბიზნესი ამბობს, რომ ტექნოლოგიების შეძენის, მათი ტრანსპორტირების და შემდეგ მონტაჟისთვის გონივრული ვადა არ ჰქონდათ, შესაბამისად, ვერც მათზე დაკისრებული ახალი რეგულაცია შეასრულეს. მთავრობა ამბობს, რომ ბიზნესს რეგულაციის დანერგვისთვის გონივრული ვადა ჰქონდა და შესაბამისად, ახლა მათთან კომპრომისზე წასვლას არ აპირებს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის მიერ დაჯარიმებული საწარმოები სია საკმაოდ ვრცელია. დადასტურებით ვიცით, რომ რეგულაციის მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო 10 000 ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს ჰაიდელბერგ ცემენტს, ლა ფარჟის და იმ კომპანიების 99%-ს, რომელთაც დადგენილ ვადებში ფილტრაციისა და თვითმონიტორინგის სისტემების მონტაჟი ვერ მოასწრეს.

„ჩვენ დავავალდებულეთ კომპანიები, რომელიც ერთ თვეში და თვენახევარში უნდა დაემონტაჟებინათ ისეთი ტიპის დანადგარები, რომლის დამონტაჟებასაც ფიზიკურად სჭირდება 6-8 თვე. ის, რაც მივიღეთ, კომპანიების 99% არის სამართალდამრღვევი პოტენციურად, თუმცა ეს გადაწყვეტილება სამართალდამრღვევია თუ არა, საბოლოო ჯამში უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ“, - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე.

მთავრობასა და ბიზნესს შორის მიღწეული შეთანხმებით არბიტრი სასამართლო იქნება და ადმინისტრაციული ორგანოს ნაცვლად სწორედ ეს რგოლი გადაწყვეტს, ვის მოუწევს და ვის არა საკმაოდ სოლიდური ჯარიმის გადახდა. ბიზნესს მოლოდინი აქვს, რომ სასამართლო იხელმძღვანელებს იმ მოცემულობით, ჰქონდათ თუ არა კომპანიებს გონივრული ვადა სისტემების მონტაჟისთვის.

„ჯობია სასამართლომ ასევე გაითვალისწინოს, რა გარემოებებში მოხდა ამის მიღება, ჰქონდათ თუ არა კომპანიებს გონივრული ვადა დაემონტაჟებინათ დანადგარები. მე ვფიქრობ, თუ ასე იხელმძღვანელებს სასამართლო, კომპანიების დაჯარიმება არ უნდა მოხდეს წესით.

ასამდე კომპანიაა, რომელსაც ეს სტანდარტი ეხება. 2-3 კომპანიაა მხოლოდ, ვინც ფიზიკურად მოასწრო და არ დაჯარიმდა და ამას თავისი მიზეზები აქვს. კომპანიების 99%-ია, რომელმაც ვერ დაამონტაჟა, რადგან თავის დროზე ტექნიკური რეგლამენტი არ იყო და მათ მომწოდებლებს ვერ მისცეს ტექნიკური პარამეტრები დანადგარის დასამზადებლად. ეს არ არის ისეთი ხელსაწყო, რომ ხვალ წახვიდე და მაღაზიაში იყიდო. უნდა დამზადდეს კონკრეტული ქარხნისთვის, კონკრეტული გაფრქვევის წერტილისთვის.

ბოლოს შევთანხმდით, რომ არბიტრი იყოს სასამართლო და მან თქვას, არის თუ არა სამართალდამრღვევი. ეს იყო შეთანხმების ნაწილი. ადმინისტრაციულ ორგანოსაც შეეძლო თვითონაც დაეწერა ჯარიმა, მაგრამ ჩვენი თხოვნა იყო სასამართლოში წასულიყო ეს საკითხი, რადგან გონივრული ვადები არის ის საკითხი, რაც სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს კომპანიის სამართალდარღვევად ცნობის დროს“, - ამბობს ვეფხვაძე.

საპირისპიროს ამტკიცებს, როგორც გარემოს დაცვის მინისტრი, ისე გარემოს დაცვის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი. მათი აზრით, ბიზნესს რეგულაციებზე გადასაწყობად საკმარისი დრო ჰქონდა და ამიტომ სახელმწიფო კომპრომისზე არ წავიდა.

„კანონმდებლობა ითვალისწინებს მაღალ სანქციებს. არ მინდა სახელები ჩამოვთვალო, მაგრამ ცნობილი მსხვილი სამრეწველო კომპანიები უკვე დაჯარიმდნენ, საკმაოდ მსხვილი სანქციები იქნა მათ მიმართ გამოყენებული. შემდგომ ეტაპზე მათ აქვთ კონკრეტული ვადები გამოსწორებისთვის. გამოუსწორებლობის შემთხვევაში დახურვის უფლებამოსილება გაუჩნდა ჩვენს ზედამხედველობის სამსახურს, რაც თვისობრივად ცვლის მოცემულობას. წინა რეალობაში ჩვენ არ შეგვეძლო რეალური ბერკეტების გამოყენება და ზეგავლენა საწარმოებზე, ამ ბერკეტსაც გამოვიყენებთ თუ ისინი არ შეასრულებენ იმ პასუხისმგებლობას, რაც მათ გააჩნიათ. პირადი კომუნიკაცია მქონდა არაერთ საწარმოსთან, მათ შორის ბიზნესასოციაციასთან, რომ კომპანიები არიან გადაიარაღების პროცესში. სახელმწიფოს პრინციპულობა აქ გამოჩნდა, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვესმის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რეგულაციების ამოქმედებისას ბიზნესი ითხოვს გადავადებას და ამ შემთხვევაშიც იყო მოლოდინი, რომ ჩვენ გვექნებოდა კომპრომისი. ამ ნაწილში, რომელიც ეხება ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას, ჩვენ უკომპრომისო ვართ და მოვითხოვთ ვალდებულებების უპირობოდ შესრულებას“,-აცხადებს გარემოს დაცვის მინისტრი, ლევან დავითაშვილი.

„ეს {დაჯარიმება} გამოწვეული იყო იმით, რომ ვიღაცას იმედი ჰქონდა, რომ რეგულაცია გადავადდებოდა. გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების გამოყენება ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული ბიზნესის მხრიდან, მაგრამ ეს დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან და აქ კომპრომისი მიუღებელია.
ბიზნესმა უნდა გაიაზროს და ამასთან სახელმწიფომაც უნდა შექმნას მწვანე ეკონომიკის განვითარების გარკვეული საშეღავათო სისტემები, პროგრამული დაფინანსება იქნება, თუ დონორული დახმარების მოზიდვა, რომ ბიზნესი გადაიარაღდეს.... ბიზნესს მეტის გაკეთება მოუწევს გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესასრულებლად, ამასთან სახელმწიფოს მოუწევს მხარდამჭერი მექანიზმების ამოქმედება“, - აცხადება მაია ბითაძე, გარემოს დაცვის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი.

სანამ საწარმოებს მორიგ ცვლილებებს გააცნობენ, მანამდე უკვე ძალაში შესულ რეგულაციებზე გადაწყობის პროცესი უნდა დასრულდეს. დაემატება თუ არა გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების შესაძენად საჭირო ზოგიერთ შემთხვევაში მილიონობით ლარის ხარჯს, ზედამხედველი ორგანოს დაკისრებული საჯარიმო სანქცია, ამას სასამართლო გადაწყვეტს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები