მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

MTA გუდაურის ინფრასტრუქტურისთვის ₾30-მილიონიან გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს - დეტალები

საბაგირო

სახელმწიფო კომპანია „ემ თი ეი“ გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტის ინფრასტრუქტურის განახლებისა და გაფართოებისთვის 30 167 165 ლარის ღირებულების გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს.

პროექტის ფარგლებში იგეგმება ძველი საბაგიროების დემონტაჟი, ახალი ბიგელებისა (საჩოჩიალოები) და დახურული ტიპის მოძრავი ხალიჩის მონტაჟი, ასევე სასრიალო ტრასების ხელოვნური გათოვლიანების სისტემით აღჭურვა.

კერძოდ, შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით:

  • საბაგიროების დემონტაჟი და ახალი ბიგელების მოწყობა: მოხდება არსებული საბაგიროების — „ხადასა“ (600 მ) და „სნოუპარკის“ (815 მ) დემონტაჟი. მათ ადგილას, სნოუპარკის არეალსა და ტატრას სასრიალო ტრასასთან, დამონტაჟდება ორი თანამედროვე ბიგელი (საერთო სიგრძით 1400 მეტრი). პროექტის ჯამური სავარაუდო ღირებულება 9 119 935 ლარს შეადგენს.
  • მოძრავი ხალიჩის მონტაჟი: სნოუპარკის ტერიტორიაზე მოეწყობა ახალი, 200-მეტრიანი დახურული ტიპის მოძრავი ხალიჩა, რომლის ღირებულებაც 2 393 665 ლარია.
  • ხელოვნური გათოვლიანების სისტემა: „სოლიკოსა“ და „კიკილოს“ სასრიალო ტრასების ნაწილზე (საერთო სიგრძით 7 500 მეტრი) დამონტაჟდება ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, რომლის სავარაუდო ღირებულება 18 653 563 ლარს შეადგენს.

სამუშაოების დაწყება 2026 წლის აგვისტოს მეორე ნახევრიდან იგეგმება, ხოლო ძირითადი ეტაპი სრულად უნდა დასრულდეს 2026 წლის 15 დეკემბრამდე, რათა განახლებული ინფრასტრუქტურა 2026-2027 წლების ზამთრის სათხილამურო სეზონისთვის მზად იყოს.

კომპანიის განმარტებით, სტანდარტული ტენდერის ჩატარება მოითხოვს დამატებით დროს, რაც მაღალმთიანი რეგიონისა და ალპური ზონის რთული კლიმატური პირობების, ასევე მოკლე ვადების გათვალისწინებით, რისკის ქვეშ დააყენებდა პროექტის დროულად დასრულებასა და ზამთრის სეზონის შეუფერხებლად დაწყებას.

25 ივლისს ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარებისა და ტურისტული პოტენციალის ამაღლების მიზნით შპს „ემ თი ეის“ ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაავალა.

საბაგირო ინფრასტრუქტურისა და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, პროექტის ფარგლებში შპს „ემ თი ეის“ ევალება ყველა საჭირო ლიცენზიის, ნებართვისა და შესაბამისი სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაციის მოპოვება/უზრუნველყოფა, რათა ახალი საბაგიროებისა და ატრაქციონების ექსპლოატაცია უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით განხორციელდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები