მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მთავარი გამოწვევა ნედლეულია“ - ქართული ჩიფსის მწარმოებელი Frixx-ის გეგმები

63e3a910a0ed1
თინათინ ნატმელაძე
11.02.23 20:30
1488
კომპანია „ველინგტონმა“, რომელიც რამდენიმე საწარმოო ბრენდს აერთიანებს, 2015 წლიდან ქართული ჩიფსის წარმოებაც დაიწყო. ჩიფსი ბაზარზე Frixx-ის სახელით რიტეილ ქსელებში რეალიზდება და როგორც კომპანიის წარმომადგენელი ირაკლი ქურდაძე BM.GE-სთან აღნიშნავს, წლიური წარმადობა 1 000 ტონა ჩიფსია.

მისი თქმით, კონკურენტუნარიან გარემოში თავის დამკვიდრება ხარისხით და დაბალი ფასით მოახერხეს.

"ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში კარტოფილის მინდვრები გვაქვს. ნედლეულს თავად ვიღებთ, თანამედროვე მეთოდებით ვინახავთ, შემდეგ კი, წარმოებაში ვიყენებთ. Frixx-ი მხოლოდ ქართული ნედლეულით მზადდება, მოლაპარაკება სხვადასხვა ფერმერთანაც გვაქვს, რომლებიც ჩვენთვის საჭირო ჯიშებს აწარმოებენ. ჩვენს პროდუქტს ადგილობრივი ბაზრის 1/3 უჭირავს. მისი პირველი უპირატესობა ხარისხია; მეორე კი ის, რომ ადგილობრივია და მზესუმზირის ზეთზე მზადდება, ასევე დაახლოებით 10-15%-ით იაფია იმპორტირებულ ჩიფსთან შედარებით. მაგალითად, თუ კონკურენტის ფასი იწყება 6 ლარიდან, ჩვენის ფასი - 5 ლარიდანა“, - განაცხადა ირაკლი ქურდაძემ.

კომპანიის წარმომადგენელი გვიყვება, რომ ქართული ჩიფსის წარმოების პროცესში მთავარი გამოწვევა ჩიფსისთვის საჭირო ნედლეულის მოპოვება იყო.

„საქართველოში, ფაქტობრივად, არ არსებობდა საჩიფსე ჯიშის კარტოფილი, რაც იყო იმ ჯიშებიდან მეტ-ნაკლებად ერთი ან ორი აკმაყოფილებდა ამ მოთხოვნას. ჩვენ დაგვჭირდა ახალი ჯიშების შემოტანა, გატესტვა და ჩვენივე მეურნეობაში მოყვანა", - განმარტავს „ველინგტონის“ წარმომადგენელი.

ადგილობრივი ბაზრის გარდა, „Frixx“-ი აზერბაიჯანსა და სომხეთში ექსპორტზეც გადის, თუმცა როგორც ქურდაძე ამბობს, ნედლეულის სიმცირის გამო, მოთხოვნას სრულად ვერ აკმაყოფილებენ.

„ექსპორტი ჩვენი რეალიზების მხოლოდ 5%-ს შეადგენს; გავდივართ აზერბაიჯანსა და სომხეთში, რამდენჯერმე გავგზავნეთ კანადასა და ლიტვაშიც, თუმცა ამას რეგულარული ხასიათი არ ჰქონია. აზერბაიჯანიდან დიდი მოთხოვნაა, მაგრამ ამ ეტაპზე მისი დაკმაყოფილება გვიჭირს. სამომავლოდაც ახლო ქვეყნებზე მუშაობას ვგეგმავთ, რადგან პროდუქტის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეფუთვის 2/3-ში ჰაერი უნდა იყოს, ტრანსპორტირების დროს კი, მისი ხარჯი ძალიან იზრდება. აზერბაიჯანისთვისაც საქართველოდან იმპორტი სწორედ ამიტომ აღმოჩნდა ლოგისტიკურად მოგებიანი", - ამბობს ირაკლი ქურდაძე.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ახალი ქარხნის აშენებასა და მეურნეობის გაფართოებაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

„ჩვენ 2-3 წელიწადში გავხსნით ახალ ქარხანას, ასევე ვაფართოებთ მეურნეობასაც; გვინდა, წარმადობა გავზარდოთ და მოთხოვნა როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზარზე დავაკმაყოფილოთ. აღნიშნული ცვლილებების განსახორციელებლად ჯამური ინვესტიცია, დაახლოებით, 10 მილიონი დოლარი იქნება", - აღნიშნავენ კომპანიაში.

ინფორმაციისთვის, კომპანია „ველინგტონი“ ამჟამად 200-მდე ადამიანს ასაქმებს და წლების წინ მის შექმნაში 20 მილიონი დოლარის უცხოური და ქართული ინვესტიცია განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები