მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მთავარია, მონაწილეები რეალურ რეჟიმში ვაჭრობას ეჩვევიან" - დავით ნარმანია ენერგეტიკული ბირჟის 85 დღეს აფასებს

ნარმანია

ელექტროენერგეტიკული ბირჟის გახსნიდან თითქმის სამი თვე გავიდა. ბოლო მონაცემებით, ბირჟაზე ორი თვის განმავლობაში ნავაჭრი ელექტროენერგიის რაოდენობამ თითქმის 13 ათას მგვტ.სთ-ს მიაღწია.

სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია ამბობს, რომ ბირჟამ საკუთარი ფუნქცია შეასრულა, რადგან მონაწილეებმა ვაჭრობისთვის აუცილებელი უნარები გამოიმუშავეს და ერთი წლის შემდეგ, როცა ბირჟას სავალდებულო ხასიათი ექნება, ოპერირება აღარ გაუჭირდებათ.

"ელექტროენერგეტიკის ბირჟა მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ნებაყოფლობით რეჟიმში გაიხსნა და დარეგისტრირდნენ როგორც ელექტროენერგიის გამყიდველები და მყიდველები. გარკვეული დღეების განმავლობაში იყო იყო ვაჭრობები და ეს პროცესი გრძელდება.

ვაჭრობის შედეგად, ზაფხულის პერიოდისთვის საშუალო საბაზრო ფასი გამოიკვეთა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია ჩვენთვის. გრძელდება ნებაყოფლობითი ვაჭრობის პროცესი მომავალი წლის 1-ელ ივლისამდე, ვიდრე, ბირჟა არ გახდება სავალდებულო. ველოდებით, რომ შემოდგომის და ზამთრის პერიოდისთვის საშუალო სეზონური ფასები დაფიქსირდება. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი საფასო სიგნალი იქნება.

რაც მთავარია, ბაზრის მონაწილეები რეალურ რეჟიმში ვაჭრობას ეჩვევიან. გამოიმუშავებენ იმ უნარებს, რომლებიც აუცილებელია შესაბამისი შეთავაზებების და ყიდვასთან დაკავშირებული პროცედურების გავლისთვის და მერე, როცა უკვე სავალდებულო იქნება ბაზარი, მათ ბაზარზე ვაჭრობა არ გაუჭირდებათ.

ასე რომ, ერთი წლით ადრე, ნებაყოფლობითი ბაზრის გახსნამ თავისი კარგი საქმე გააკეთა და სისტემაც იხვეწება, ბაზრის მონაწილეები ეჩვევიან ვაჭრობას.

ენერგიის ფასი ზაფხულის პერიოდში დაახლოებით 13 თეთრის ფარგლებში იყო. მნიშვნელოვანი ზრდა არ განუცდია. თუმცა, ბაზარზე ვაჭრობის სისტემა არის ისეთი, რომ ფასი ყოველდღე სხვადასხვაა. ჩვენ, შეგვიძლია მხოლოდ ვთქვათ საშუალო საბაზრო ფასი", - განაცხადა ნარმანიამ.

ცნობისთვის, 6-ჯერ გადავადების შემდეგ, პირველ ივლისს საქართველოში ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი ამოქმედდა, რომელიც ითვალისწინებს დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებას შეზღუდულ და ნებაყოფლობით რეჟიმში, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულების, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების ვადის გადაწევას 2025 წლის პირველ ივლისამდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები