მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავარია რას ამბობს ქართველი ხალხი და არა, რას გვეუბნება ესა თუ ის ადამიანი - შალვა პაპუაშვილი "რუსულ კანონზე"

პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ცდილობენ ყვირილით გადაფარონ მსჯელობა და დოგმებით ისაუბრონ და არა არგუმენტებით.

„საზოგადოებას გუშინ დარწმუნდა, რომ არის მცდელობა ყვირილით გადაფარონ მსჯელობა. ჩვენ ვართ მოწმე დეზინფორმაციული შტურმისა ქართულ საზოგადოებაზე, სადაც კვლავ ცდილობენ სლოგანებით, ლოზუნგებით და დოგმებით ჩაახშონ ქართული აზრი. ამ პროცესს თავისი აღწერა აქვს, ამას დოგმატიზმი ჰქვია, როდესაც არგუმენტების წარმოდგენის ნაცვლად მოსაზრება მიეყიდება საზოგადოებას როგორც არგუმენტი. რასაც ვისმენთ, რომ ეს არის "რუსული კანონი", ეს არის დოგმით მსჯელობა, როდესაც აღარ შემოდიან არგუმენტებში. გუშინ 9 საათის განმავლობაში მამუკა მდინარაძე სვამდა მთავარ კითხვას, ვინაიდან იმისთვის რომ გამოავლინო დოგმატური არგუმენტები, არსებობს ერთი მარტივი ხერხი, ეს ერთი მარტივი კითხვაა - რატომ? ამ კითხვაზე როდესაც არ არის არგუმენტირებული პასუხი, ე.ი. საქმე გვაქვს დოგმასთან, რწმენასთან, რომელიც უნდათ წარმოადგინონ როგორც არგუმენტი.

ერთადერთი პასუხი იყო, იმიტომ რომ უცხოეთში ვიღაცას არ მოსწონს. ეს იყო ერთადერთი პასუხი. კი მაგრამ ბრიუსელი და ვაშინგტონი ხომ გეუბნებათ არას. ამ ქვეყანას და ხალხს თავისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპები აქვთ გამოვლილი და ჩვენ ბოლო 30 წელია ერთი რამ ვიცით, მთავარია რას ამბობს ქართველი ხალხი და არა, რას გვეუბნება ესა თუ ის ადამიანი. როცა უცხოელ აქტორებთან ვსაუბრობთ, იქაც დოგმატური არგუმენტი აქვთ, იმიტომ რომ თქვენთან საზოგადოების, რომელიღაც ნაწილს არ უნდა. საზოგადოების ამ ნაწილს, რომ ვეკითხები რატომ არ უნდათ, გვპასუხობენ, რომ უცხოელებს არ უნდათ. ასეთი ურთიერთმითითება მიდის. ასეთი ხერხი იყო გამოყენებული ვეტინგის დროს.

სინამდვილეში ახლა მცდელობაა, რომ ჩვეულებრივი დოგმატიზმით, საზოგადოებას აზროვნება აუკრძალონ. მაგრამ ვხედავთ, რომ საზოგადოებამ ეს ეტაპი გამოიარა და ძალიან კარგად ხვდება მსჯელობის ალტერნატივა არ არსებობს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და დასძინა რომ დღეს პლენარული სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების შემდეგ „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ.

საქართველოს პარლამენტმა ე.წ. რუსული კანონის განხილვა დაიწყო. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის განხილვა თითქმის 11 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ხმაურის ფონზე ჩატარდა.

კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს მიანიჭებს ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ამ რეესტრში ატვირთვა მოუწევთ. თუმცა, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საგადასახადო მიზნებისთვის სახელმწიფო ნებისმიერი კომპანიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაციას ისედაც ხედავს, ხოლო ახალი რეესტრის შექმნა და ამ რეესტრისთვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად რეგისტრაცია ორგანიზაციებისა და მედიის სტიგმატიზებას ისახავს მიზნად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები