მთავრობა პარლამენტს მომავალ ორშაბათ მთავრობის შემადგელობას და სამთავრობო პროგრამას წარუდგენს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მინისტრთან კაბინეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა და მთავრობის წევრებს სამთავრობო პროგრამის დეტალების დაზუსტებაზე მუშაობა სთხოვა.
„მომავალ ორშაბათს საქართველოს პარლამენტს წარედგინება მთავრობის შემადგენლობა ნდობის გამოცხადებისთვის. მინდა ვთხოვო ყველა სამინისტროს, დავიწყოთ მუშაობა სამთავრობო პროგრამის საბოლოო დაზუსტებაზე. ორშაბათს მთავრობის შემადგენლობასთან ერთად ჩვენ უნდა წარვუდგინოთ პარლამენტს 4-წლიანი სამთავრობო პროგრამა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა დეტალი დაზუსტებული იყო, ეს არის თხოვნა თითოეული მინისტრის მიმართ. ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, რომელიც სამთავრობო პროგრამაშია ასახული. 4 წლის თავზე ჩვენი ქვეყანა განვითარების სრულიად სხვა ეტაპზე უნდა გადავიყვანოთ, რასაც ჩვენი სამთავრობო პროგრამა უზრუნველყოფს, ახლა მთავარია ყოველდღიური მუშაობა, რომ ყველა ამოცანა სათანადოდ შესრულდეს“, - განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება, ანუ არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან მეათე დღეს. მისივე თქმით, არც ერთ ქვეყანაში პარლამენტს არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია და ერთადერთი, ვისი ლეგიტიმაციაც სჭირდება ქვეყნის პარლამენტს, ეს არის მოსახლეობა, ამომრჩეველი, ქართველი ხალხი.