სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებელ კომპანია შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჭოროხის მიმდებარედ, სოფელ ახალსოფელში მდებარე 15 042 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწას იჯარით გადასცემს.
სახელმწიფო ქონების კომპანიისთვის 3-წლიანი იჯარით გადაცემაზე თანხმობა მთავრობამ უკვე გასცა. შესაბამისი განკარგულება 17 სექტემბრით თარიღდება.
დოკუმენტის მიხედვით, კომპანიამ ყოველწლიურად 84 904 ლარი საიჯარო ქირის სახით უნდა გადაიხადოს, ხოლო შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს ერთი თვის ვადაში, გამოუყენებელი სასარგებლო წიაღისეულის საკომპენსაციო თანხის სახით - 25 506 ლარი.
განკარგულებაში დამატებითი დეტალები მოცემული არაა. სავარაუდოდ, კომპანია ხელოვნური კუნძულის პროექტისთვის აღნიშნულ ტერიტორიაზე ინერტულ მასალებს მოიპოვებს. bm.ge დამატებითი ინფორმაციისთვის თავად შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ დაუკავშირდა. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, „ბათუმი აილენდის“ პროექტი 2021 წელს დაანონსდა. მისი საინვესტიციო ღირებულება 100 მლნ დოლარია, ის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი კუნძულის ტერიტორიას გააერთიანებს. სამჯერ შეჩერების შემდეგ, გარემოს სააგენტომ ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება აგვისტოში გასცა.