სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, რომ წელს დონორების დახმარებით რამდენიმე პროექტს გეგმავენ. სააგენტოს დირექტორის მოადგილე BMG-სთან აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე UNDP-ის, GIZ-ისა და UN WOMEN-თან თანამშრომლობენ.
"მიმდინარე პროექტები გვაქვს, მათ შორის, UNDP-ის, GIZ-ის. GIZ-ის პროექტი ეხება ენერგოეფქტური ღუმელების წარმოებას. რაც შეეხება UNDP-ის პროექტს, ერთი არის მეტეო, რომლის საშუალებით მეტეოსადგურები ორ საპილოტე რეგიონში: კახეთსა და შიდა ქართლში განთავსდება. ამ სადგურების შედეგად მიღებული ინფორმაცია დამუშავდება და ფერმერებს მესიჯებით, მეილების და პირდაპირი კომუნიკაციის საშუალებით მივაწვდით, რათა იცოდნენ როგორ მოუარონ საკუთარ მოსავალს. რომ მოსალოდნელმა, მაგალითად, ჭარბმა ნალექმა მათი ბაღები არ დააზარალოს. ასევე გვაქვს UNDP-ის პროექტი, რომლის ფარგლებში ცნობიერებას ვზრდით და განათლება შეგვაქვს ფერმერებში, ძირითადად, სოფლად პროფესიული განათლების გაძლიერებას ეხება", - განაცხადა ნატალია ხარატიშვილმა.
"-ამ პროგრამებისა და წარსულში შესრულებული პროექტებიდან, დახმარებებიდან გამომდინარე, გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელსაც საზოგადოება რუსულ კანონად აფასებს, თქვენთვის არის თუ არა მისაღები და მოგწონთ თუ არა იარლიყი "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი"?
-დავამატებ კიდევ ერთ პროექტს UN WOMEN-თან, რომელიც გავაკეთეთ. მათ შვედეთი ეხმარება, რომ პროექტი გააკეთონ. ქალების გაძლიერების პროექტში მარნეულსა და ლაგოდეხში სათბურები დავაფინანსეთ. დონორებთან რომ შეხვედრა გვქონდა, ამ პროექტმა დიდი მოწონება გამოიწვია. ქალების გაძლიერების კუთხით დაინტერესებულები არიან. ვიმუშავეთ, რომ სხვა მიმართულებაც დავაფინანსოთ და ძალიან დიდი ინტერესი გამოთქვეს, რომ თანხა გამოყონ.
-ჩემი კითხვა სხვა იყო...
-არ ვარ პოლიტიკური ფიგურა. შეგიძლიათ ნებისმიერ პროექტზე მკითხოთ.
-მოგწონთ თუ არა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, ადამიანები, რომლებიც სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ზრუნავენ, იყვნენ უცხო ქვეყნის ინტერესები გამტარებლები?
-არ ვარ პოლიტიკური ფიგურა, ვარ საქართველოს მოქალაქე. სააგენტოს გარეთ შეგიძლიათ მკითხოთ პოზიცია", - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ.