მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა გამარტივებული წესით, 50 მლნ ლარის ყურძნის შესყიდვას გეგმავს

5f22a62ce84a9
შოთა ტყეშელაშვილი
30.07.20 16:00
1182
საქართველოს გადასახადის გადამხდელები წლევანდელ რთველში მევენახეებისთვის მოსავლის აღებას 50 მილიონი ლარით დააფინანსებენ. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ხდება ცნობილი. 

განაცხადის მიხედვით, მთავრობა წელს ჯამურად 80 ათას ტონამდე ყურძნის შესყიდვას გეგმავს, რასაც შემდგომში მთავრობის მიერ დაკონტრაქტებული ღვინის ქარხნები გადააქცევენ ღვინო-მასალად ან სპირტად. დაკონტრაქტების პროცესს მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული სს "აკურა" წარმართავს. ამასთან, შესყიდვა გამარტივებული წესით, ანუ ტენდერის გარეშე მოხდება. 

"მოცემული ღონისძიების ფარგლებში მთავარი შესყიდვის ობიექტი არის ყურძენი და შესყიდული ყურძნის რაოდენობაზეა დამოკიდებული ასევე მისი გადამუშავებისთვის საჭირო ტარის, დამხმარე მასალების, ტექნიკური აღჭურვის და სათადარიგო ნაწილების, ასევე მომსახურებების (ყურძნის გადამუშავების მომსახურება, მიღებული სითხეებისა და კონცენტრატის შენახვის, ტრანსპორტირების მომსახურება, სპირტად გამოხდისათვის საჭირო მანქანა-დანდაგრების ქირავნობის და საბანკო მომსახურების) შესყიდვების რაოდენობებისა და მოცულობების განსაზღვრა.

გარდა ამისა სს „აკურა-“ს შესაძლებლობებიდან გამომდინარე კომპანიას შეუძლია მხოლოდ 3000 ტონამდე ყურძნის მიღება-გადამუშავება, ხოლო დანარჩენი წინა წლების პრაქტიკიდან გამოდინარე 70-80 ათასი ტონა ხორციელდება სხვადასხვა კერძო ღვინის ქარხნებში დაქირავებული სიმძლავრეებით, რომელთა სართვლოდ მომზადება მოითხოვს წინასწარ ავანსის სახით თანხების გაცემას, სხვადასხვა დამხმარე მასალების, სათადარიგო ნაწილების და ტექნიკური აღჭურვილობის შეძენას, რის გამოც სს „აკურას“ მიერ განხორციელებულ შესყიდვებზე არ უნდა გავრცელდეს წინასწარ ანგარიშსწორებაზე გარანტიის წარდგენის ვალდებულება.

სს „აკურამ“ 2020 წლის რთველისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები უნდა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, შესყიდვის ღირებულებაა 50 000 000 ლარი,"- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის წარდგენილ დოკუმენტში

რთველის სუბსიდირების არსებული მოდელი ახალი არაა და ის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გასულ წელსაც გამოიყენა. 2019 წლის რთველის დროს, აკურამ" მევენახეებისგან პირდაპირი შესყიდვის ფორმით 80 მილიონ ლარამდე ღირებულების ყურძენი შეისყიდა, რის შემდეგაც მთავრობამ ამ ყურძნისგან სპირტი/ღვინო მასალა დაამზადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები