საქართველოს მთავრობა "იპოთეკების სუბსიდირების" პროგრამის ფარგლებში 70 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. ამის შესახებ მთავრობის მიერ სამშენებლო სექტორის მხარდაჭერის პაკეტიდან ხდება ცნობილი. არსებული ინიციატივის მიხედვით, სახელმწიფო სუბსიდირებას 5 წლის განმავლობაში განახორციელებს და თანადაფინანსების მოცულობა 4% იქნება.
პროგრამის პირობები და კრიტერიუმები ასეთია:
● იპოთეკური სესხის აღება უნდა მოხდეს - 2020 წლის პირველი ივნისიდან, 2021 წლის პირველ იანვრამდე;
სახელმწიფო თანადაფინანსება - 4%;
● სახელმწიფო წყვეტს სუბსიდირებას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოსცდება 5%-ს (განახლდება თუ ასცდა 5%-ს);
● სესხის ჭერი - 200,000 ლარი;
● თანადაფინანსება 5 წელი გაგრძელდება (ხელშეკრულების დადებიდან);
● სახელმწიფო გასცემს გარანტიას იპოთეკურ სესხებზე, გარანტიის ოდენობა არის 20%, შესაბამისად სახელმწიფო არის თანამსესხებელი. გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა აღემატება 10%-ს.
პროგრამის ბიუჯეტი 70 მილიონი ლარი იქნება, თუმცა ამ დროისთვის უცნობია ეს წლიურად 70 მილიონ ლარს ნიშნავს, თუ მისი ჯამური (5-წლიანი) ღირებულებაა 70 მილიონი ლარი.